YouVersion Logo
Search Icon

ლუკ. 8

8
იესო ახარებს ქალაქებში
1ამის შემდეგ დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს. და თორმეტნიც მასთან იყვნენ,
2ასევე ზოგი დედაკაციც, რომელნიც განიკურნენ ავი სულებისა და სნეულებებისაგან: მარიამი, მაგდალელად წოდებული, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი გავიდა;
3იოანა, ჰეროდეს მოურავის ქუზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომელნიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით.
იგავი მთესველზე
4როცა დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან და ქალაქის ყველა მცხოვრები მიეახლა, მან დაიწყო იგავით ლაპარაკი:
5„გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად. და თესვისას ზოგი გზის პირას დაცვივდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.
6ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, აღმოცენდა და გახმა, ვინაიდან სინოტივე აკლდა.
7ზოგი ეკლებში ჩაცვივდა, ეკალი გაიზარდა და გააჩანაგა.
8ზოგი კი კარგ ნიადაგზე დაცვივდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო.“ ეს თქვა და დაიძახა: „ვისაც ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“
9ჰკითხეს მას მისმა მოწაფეებმა, რას ნიშნავდა ეს იგავი.
10მან თქვა: „თქვენ მოგეცათ, რომ იცოდეთ ღვთის სასუფევლის საიდუმლოებანი, ხოლო სხვებს იგავებით მიეცათ, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.
11ეს იგავი კი ამას ნიშნავს: ის თესლი ღვთის სიტყვაა.
12გზასთან დაცვენილები კი ისინი არიან, ვისაც ესმით, მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ იწამონ და არ გადარჩნენ.
13ესენი კი, კლდეზე რომ არიან, ისინია, ვინც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.
14ხოლო ეკლებში ჩაცვენილნი ისინი არიან, ვინც ისმენენ, მაგრამ ცხოვრების გზაზე საზრუნავი, სიმდიდრე და განცხრომანი აჩანაგებენ მათ და ნაყოფი ვეღარ მწიფდება.
15ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.“
დაუკვირდით, როგორ ისმენთ
16„არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ზედ ან საწოლ ქვეშ შეედგას, არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემომსვლელებმა იხილონ ნათელი.
17ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომელიც ცხადი არ გახდეს, არც დამალული, რომელიც არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს.
18ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ: ვისაც აქვს, მას მიეცემა. ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ ექნება.“
19მივიდნენ მასთან მისი დედა და ძმები და ვერ შეძლეს ახლოს მისვლა ხალხის გამო.
20შეატყობინეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთო.
21ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ.“
22მოხდა ისე, რომ ერთ დღეს იგი ჩაჯდა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, და უთხრა მათ: „გადავიდეთ ტბის გაღმა,“ და გაცურეს.
23როცა მიცურავდნენ, მას ჩაეძინა, და ტბაზე ქარიშხალი ამოვარდა. ნავი წყლით ევსებოდათ და საფრთხეში იყვნენ.
24მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით.“ და მან, გაღვიძებულმა, შერისხა ქარი და წყლის ღელვა, და დაცხრნენ და ჩამოვარდა მყუდროება.
25უთხრა მათ: „სად არის თქვენი რწმენა?“ ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთიმეორეს: „ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც, და ემორჩილებიან მას?“
ლეგიონი სულების განდევნა ეშმაკეულისგან. ღორების კოლტი
26გადაცურეს გერასენელთა ქვეყნისკენ, რომელიც გალილეის გაღმა მხარეს არის.
27როცა გავიდა ხმელეთზე, წინ შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან. მას ეშმაკები დაუფლებოდნენ დიდი ხანის წინ და არც სამოსელს იცვამდა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში.
28როგორც კი დაინახა იესო, დაიკივლა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: „რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო მაღალი ღვთისა? გევედრები, ნუ მტანჯავ.“
29ვინაიდან უბრძანა არაწმიდა სულს ამ კაცისგან გამოსულიყო (ვინაიდან დიდ ხანს სტანჯავდა მას, ჰკრავდნენ ჯაჭვებით და ბორკილებით, რომ დაეკავებინათ იგი. მაგრამ ის წყვეტდა ბორკილებს და იდევნებოდა ეშმაკის მიერ უდაბნოებში).
30ჰკითხა მას იესომ: „რა არის შენი სახელი?“ მან უთხრა: „ლეგიონი,“ ვინაიდან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული.
31და ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა.
32იქ იყო ღორების დიდი კოლტი, რომელიც მთაზე ძოვდა. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, რომ ნება დაერთო შესულიყვნენ მათში, და მან დართო ნება.
33გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან გადაეშვა ტბაში და ჩაიხრჩო.
34ეს ამბავი რომ დაინახეს მწყემსებმა, გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს.
35გამოვიდნენ მომხდარის სანახავად. მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც გავიდნენ ეშმაკები. იგი შემოსილი და გონსმოგებული იჯდა იესოს ფერხთით, და შეეშინდათ.
36მხილველებმა უამბეს, როგორ გადარჩა ეშმაკეული.
37ევედრებოდა გერასენელთა სანახების მთელი ხალხი, რათა გასცლოდა მათ, ვინაიდან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და გაბრუნდა.
38ის კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ, შეევედრა იესოს, თავისთან დაეტოვებინა, მაგრამ მან გაუშვა და უთხრა:
39„დაბრუნდი შინ და უამბე, რაც გიყო ღმერთმა.“ ისიც წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რა გაუკეთა იესომ.
იაიროსის ასულის გაცოცხლება.
სისხლმდინარი ქალის განკურნება
40როცა იესო დაბრუნდა, ხალხმა მიიღო იგი, ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას.
41და აჰა, მოვიდა კაცი სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო. დაემხო იესოს ფერხთით და ევედრებოდა, შინ გაჰყოლოდა.
42ვინაიდან ერთადერთი ასული ჰყავდა, თორმეტი წლისა, და უკვდებოდა. იესო რომ მიდიოდა, ხალხი ზედ აწყდებოდა მას.
43იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა, მთელი ქონება ექიმებს დაახარჯა და ვერავინ განკურნა.
44უკნიდან მიეპარა და მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო. იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა.
45თქვა იესომ: „ვინ შემეხო?“ როცა ყველამ იუარა, პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?“
46ხოლო იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო მე, რადგან ვგრძნობ, რომ ძალა გავიდა ჩემგან.“
47ქალმა, რაკი დაინახა, რომ ვერ დაიმალა, მიუახლოვდა ძრწოლით, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა.
48უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. წადი მშვიდობით!“
49ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის მთავრის სახლიდან და უთხრა: „შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს.“
50იესომ, ეს რომ მოისმინა, მიუგო მას: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება.“
51სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება შესულიყო, პეტრეს, იაკობის, იოანეს და გოგონას დედ-მამის გარდა.
52ყველა მოთქვამდა და დასტიროდა მას, მან კი უთხრა: „ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, სძინავს მხოლოდ.“
53ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო.
54ხელი ხელში ჩასჭიდა, შესძახა და თქვა: „გოგონავ, ადექ!“
55და დაუბრუნდა სული. უცებ წამოდგა იგი და მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის.
56და გაუკვირდათ მის მშობლებს. მან უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.

Currently Selected:

ლუკ. 8: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in