YouVersion Logo
Search Icon

Luke 12

12
1ამასობაში ათასობით ხალხი შეიყარა, ისე რომ, ერთმანეთს თელავდნენ. ჯერ თავის მოწაფეებს დაუწყო ლაპარაკი: „მოერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რაც თვალთმაქცობაა. #მთ 16:6; მრკ 8:15. 2არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და – დამალული, რომ არ იქნეს შეცნობილი. #მრკ 4:22; ლკ 8:17. 3ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, იმას ნათელში მოისმენენ, და რაც შიდა ოთახებში იჩურჩულეთ, ბანებზე გახმაურდება.
4გეტყვით თქვენ, ჩემს მეგობრებს, ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულსა კლავს და ამის შემდეგ ვეღარაფრს აკეთებს. 5მაგრამ გაჩვენებთ, ვისი უნდა გეშინოდეთ: გეშინოდეთ მისი, ვისაც მოკვლის შემდეგ გეენაში ჩაგდების ხელმწიფება აქვს. დიახ, გეუბნებით თქვენ, მისი გეშინოდეთ. 6განა ხუთი ბეღურა ორი ასარი არა ღირს? და არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღმერთის წინაშე. 7თქვენს თავზე კი თმებიც კი დათვლილია. ჰოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
8ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მე მაღიარებს კაცთა წინაშე, კაცის ძე აღიარებს ღმერთის ანგელოზთა წინაშე. 9ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, ისიც უარყოფილი იქნება ღმერთის ანგელოზთა წინაშე. 10ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება, მაგრამ ვინც სულიწმიდას დაგმობს, არ მიეტევება. #მთ 12:32; მრკ 3:29. 11როდესაც შეგიყვანენ სინაგოგებში მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იზრუნებთ იმაზე, როგორ, ან რა უპასუხოთ, ან რა თქვათ, #მთ 10:19,20; მრკ 13:11; ლკ 21:14,15. 12რადგან სულიწმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.“
13ხალხიდან ვიღაცამ უთხრა მას: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მემკვიდრეობა.“ 14უთხრა მას: „ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?“ 15უთხრა მათ: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეში არ არის.“ 16და უთხრა მათ იგავი: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. 17იფიქრა თავისთვის: ‘რა ვქნა? ადგილი არა მაქვს, რომ დავაბინავო ჩემი მოსავალი.’ 18თქვა: ‘აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევაგროვებ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს, 19და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე.’ 20მაგრამ უთხრა მას ღმერთმა: ‘უგუნურო, ამაღამ შენს სულს მოგთხოვენ და, რაც გაიმზადე, ვისი იქნება?’ 21ასეა მისთვის, ვინც თავისი თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება.“
22უთხრა თავის მოწაფეებს: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენს თავზე – რა ჭამოთ, ნურც თქვენს სხეულზე – რით შეიმოსოთ. 23რადგან სიცოცხლე საზრდოზე მეტია და სხეული – სამოსზე. 24დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საწყობი, და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს? 25რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა მაინც შემატოს? 26მაშ, თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, სხვაზე რაღას ზრუნავთ? 27დააკვირდით შროშნებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. #3მფ 10:4-7; 2ნშ 9:3-6. 28თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ამგვარად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედმორწმუნენო? 29თქვენც ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ. 30რადგან ყოველივე ამას ქვეყნიერების ყველა ერი ეძიებს. თქვენმა მამამ იცის, რომ გესაჭიროებათ ესენი. 31არამედ ეძიეთ ღმერთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. 32ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა ზეციერმა მამამ ინება თქვენთვის სამეფოს მოცემა. 33გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება. გაიმზადეთ უცვეთი ქისები, საუკუნოდ ულევი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ მოსპობს, 34რადგან, სადაც არის თქვენი საუნჯე, იქ იქნება თქვენი გულიც.
35იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და თქვენი სანთლები ანთებული. #მთ 25:1-13. 36თქვენ კი ემსგავსეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ელიან თავიანთი ბატონის დაბრუნებას ქორწილიდან, რომ როდესაც მოვა და დარეკავს, მყისვე გაუღონ. #მრკ 13:34-36. 37ნეტარ არიან მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ჰპოვებს. ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ შემოირტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება. 38და თუ შუაღამისას, ან თუნდაც გამთენიისას მოვიდა და ასე ჰპოვა, ნეტარ არიან ის მონები. 39ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის გატეხვას არ დაანებებდა. #მთ 24:43,44. 40ამიტომ თქვენც მზად იყავით, რადგან, რომელ ჟამსაც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე.“ 41უთხრა მას პეტრემ: „უფალო, ამ იგავს ჩვენ გვეუბნები, თუ ყველას?“ 42და თქვა უფალმა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელსაც დაუყენებს ბატონი თავის მსახურებს, რათა დროულად მისცეს მათ ულუფა? 43ნეტარია მონა, რომლის ბატონი მოვა და ამის მოქმედს ჰპოვებს მას. 44ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დაადგენს მას. 45ხოლო თუ ეს მონა თავის გულში იტყვის: ‘აგვიანებს ჩემი ბატონი მოსვლას,’ და დაიწყებს მსახურებისა და მხევლების ცემას, ჭამა-სმას და ლოთობას, 46მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს. 47ხოლო მონა, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოემზადა, ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგრად გაილახება. 48ხოლო რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ ცემა დაიმსახურა, ნაკლებად გაილახება. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ.
49ცეცხლის მოსატანად მოვედი ამ ქვეყნად, და როგორ მინდა, რომ უკვე ენთოს. 50მე მაქვს ნათლობა, რომლითაც უნდა მოვინათლო, და როგორ ვიტანჯები, ვიდრე აღსრულდება. #მრკ 10:38. 51გგონიათ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსაფენად მოვედი? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ გასაყოფად. 52რადგან ამიერიდან ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში: სამი ორის წინააღმდეგ და ორი – სამის. 53გაიყოფა მამა ძისაგან და ძე – მამისაგან, დედა ასულისაგან და ასული – დედისაგან, დედამთილი – თავისი რძლისაგან და რძალი – დედამთილისაგან.“#მიქ 7:6.
54ხალხსაც უთხრა: „როდესაც დასავლეთით ამომავალ ღრუბელს დაინახავთ, მყისვე ამბობთ: ‘წვიმა მოვა;’ და ასეც ხდება. 55ხოლო როდესაც სამხრეთის ქარი უბერავს, ამბობთ: ‘სიცხე იქნება;’ და ასეც ხდება. 56თვალთმაქცნო! ცისა და დედამიწის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, ეს ჟამი კი როგორ ვერ გამოგიცვნიათ?
57თავად რატომ არ განარჩევთ, რა არის მართალი? 58როდესაც შენს მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგათრიოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ გადაგცეს მოხელეს და მოხელემ არ ჩაგაგდოს საპყრობილეში. 59გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ მწვლილს არ გადაიხდი.“

Currently Selected:

Luke 12: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in