YouVersion Logo
Search Icon

Acts 6

6
1იმ დღეებში, როდესაც მოწაფეების რიცხვი იზრდებოდა, ბერძნულად მოლაპარაკეებმა დაიწყეს ჩივილი ებრაელთა წინააღმდეგ, რომ მათი ქვრივების უგულებელყოფა ხდებოდა ყოველდღიური მომსახურებისას. 2მაშინ თორმეტმა მოიწვია ყველა მოწაფე და უთხრა: „არ შეგვშვენის ჩვენ ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება. 3ამოირჩიეთ, ძმებო, თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით აღსავსე კაცი და ისინი გავამწესოთ ამ საქმეზე. 4ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ დრო.“ 5ყველას მოეწონა ეს სიტყვა. და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, და ფილიპე, პროხორი, ნიკანორი, ტიმონი, პარმენა და ნიკოლოზი – ანტიოქიელი რჯულშეცვლილი. 6წარუდგინეს ისინი მოციქულებს, ილოცეს და ხელები დაადეს მათ. 7და ვრცელდებოდა ღმერთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში. მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.
8სტეფანე კი, მადლით და ძალით აღსავსე, დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში. 9ადგნენ ზოგიერთები ეგრეთწოდებულ ლიბერტინელთა (ანუ განთავისუფლებულთა) სინაგოგიდან, კვირინელები და ალექსანდრიელები, ზოგიერთებიც კილიკიიდან და ასიიდან და კამათი დაუწყეს სტეფანეს, 10მაგრამ ვერ შეძლეს დაპირისპირებოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა. 11მაშინ მოისყიდეს კაცები და ათქმევინეს: „ჩვენ გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსეს და ღმერთის საგმობ სიტყვებს.“ 12ააღელვეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები. და მიუხდნენ მას, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს. 13წარადგინეს ცრუმოწმენი, რომლებმაც თქვეს: „ეს კაცი განუწყვეტლივ ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობს. 14რადგან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამბობდა, ეს იესო ნაზარეველი დაარღვევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცა.“ 15და მიაპყრო მას მზერა ყველამ, სინედრიონში მსხდომმა, და იხილეს მისი სახე, როგორც ანგელოზისა.

Currently Selected:

Acts 6: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in