YouVersion Logo
Search Icon

Acts 9

9
1სავლე კი, რომელიც ჯერ კიდევ მუქარითა და სიკვდილით სუნთქავდა უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ, მღვდელმთავართან მივიდა 2და სთხოვა წერილები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე, კაცებს თუ ქალებს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმში. 3გზად მიმავალი, როდესაც დამასკოს უახლოვდებოდა, უეცრად კაშკაშა ნათელმა მოიცვა ციდან, 4დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“ 5მან თქვა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ მან კი უთხრა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. 6ადექი და შედი ქალაქში და გეტყვიან, რაც უნდა გააკეთო.“ 7კაცები კი, რომლებიც თან ახლდნენ მას, დამუნჯებულები იდგნენ, ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ. 8წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ხელჩაკიდებული შეიყვანეს დამასკოში. 9სამი დღე ვერ ხედავდა, არც ჭამდა და არც სვამდა. 10იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. და უთხრა უფალმა მას ჩვენებაში: „ანანია!“ მან თქვა: „აჰა, მე, უფალო.“ 11და უთხრა მას უფალმა: „ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია სწორი, იკითხე იუდას სახლში ტარსუსელი კაცი, სახელად სავლე. აჰა, ლოცულობს იგი, 12და იხილა ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაადო მას, რათა თვალი აეხილოს.“ 13მიუგო ანანიამ: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში. 14და აქაც მღვდელმთავრებისაგან აქვს ხელმწიფება შებორკოს ყველა, ვინც შენს სახელს ახსენებს.“ 15უთხრა მას უფალმა: „წადი, რადგან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე. 16ხოლო მე ვაჩვენებ მას, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელისთვის.“ 17წავიდა ანანია და შევიდა იმ სახლში, დაადო მას ხელები და უთხრა: „ძმაო სავლე, უფალმა გამომგზავნა მე, იესომ, რომელიც გეჩვენა გზაზე მომავალს, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით.“ 18უცებ, თითქოს ქერცლი მოსძვრაო მის თვალებს, აეხილა, ადგა და მოინათლა. 19და მიიღო საჭმელი და მომაგრდა.
და დარჩა იგი დამასკოში მოწაფეებთან რამდენიმე დღეს. 20და მალევე დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე, რომ ის ღმერთის ძეა. 21გაოგნებული იყო ყველა მსმენელი და ამბობდა: „ნუთუ ეს ის არის, იერუსალიმში რომ სპობდა ამ სახელის მხმობელთ და აქაც ხომ იმისათვის მოვიდა, რომ შებორკილნი წაეყვანა ისინი მღვდელმთავრებთან?“ 22სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს და ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.
23განვლო მრავალმა დღემ და იუდეველები შეითქვნენ მის მოსაკლავად. #2კო 11:32,33. 24ცნობილი გახდა სავლესთვის მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღედაღამ სდარაჯობდნენ კარიბჭესთან, რათა მოეკლათ იგი. 25მაგრამ მოწაფებმა ღამით აიყვანეს იგი და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით.
26იერუსალიმში მისული ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო. 27მაშინ ბარნაბამ წაიყვანა იგი, მიიყვანა მოციქულებთან და მოუთხრო მათ, თუ როგორ იხილა მან გზაში უფალი, რომელიც ელაპარაკა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით. 28და იყო ის მათთან. გამოდიოდა და შედიოდა იერუსალიმში და გაბედულად ქადაგებდა უფლის სახელით. 29ლაპარაკობდა და ეპაექრებოდა კიდეც ბერძნულად მოლაპარაკე იუდეველებს, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ. 30როდესაც შეიტყვეს ეს ძმებმა, ჩაიყვანეს იგი კესარიას და გაგზავნეს ტარსუსში. 31ამგვარად, ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, ვიდოდა უფლის მოშიშებით და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა.
32ერთხელ, ყველა ადგილის შემოვლისას, პეტრე მივიდა წმიდებთანაც, რომლებიც ლიდაში ცხოვრობდნენ. 33ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დამბლადაცემული იწვა სარეცელზე. 34და უთხრა მას პეტრემ: „ენეას, გკურნავს შენ იესო ქრისტე. ადექი და თავად გაასწორე სარეცელი!“ და მაშინვე წამოდგა. 35და ხედავდა მას ყველა, ვინც ლიდასა და შარონში ცხოვრობდა, და მოიქცნენ ისინი უფლისაკენ.
36იყო იაფოში ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, (რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს). იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რომელსაც იქმოდა. 37იმ დღეებში ავად გახდა იგი და მოკვდა. განბანეს და დაასვენეს ზედა ოთახში. 38ლიდა ახლოს იყო იაფოსთან და მოწაფეებმა რომ შეიტყვეს, რომ პეტრე იქ იყო, გაუგზავნეს ორი კაცი სათხოვნელად, რომ არ დაეყოვნებინა მათთან მისვლა. 39ადგა პეტრე და წავიდა მათთან. როდესაც მივიდა, აიყვანეს ზედა ოთახში და მის წინაშე წარდგა ყველა ქვრივი. ისინი ტიროდნენ და უჩვენებდნენ პერანგებსა და მოსასხამებს, რომლებსაც ქურციკი ამზადებდა, სანამ მათთან იყო. 40პეტრემ გაუშვა ყველანი გარეთ, მუხლი მოიყარა და ილოცა, მოუტრიალდა ცხედარს და თქვა: „ტაბითა, ადექი!“ მან აახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა. 41მან ხელი გაუწოდა, წამოაყენა, დაუძახა წმიდებსა და ქვრივებს და ცოცხალი წარუდგინა იგი. 42ცნობილი გახდა ეს მთელ იაფოში და მრავალმა იწამა უფალი. 43და ერთ ხანს დარჩა ის იაფოში ვინმე სიმონ მეტყავესთან.

Currently Selected:

Acts 9: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in