YouVersion Logo
Search Icon

Genesis 37

37
1და ცხოვრობდა იაკობი მამამისის ხიზნობის ქვეყანაში – ქანაანში. 2ეს არის იაკობის მოდგმის ამბავი:
იყო იოსები 17 წლისა, როცა ფარას მწყემსავდა თავის ძმებთან ერთად, ეხმარებოდა თავისი მამის ცოლების – ბილჰასა და ზილფას ძეებს. და მიჰქონდა იოსებს ცუდი ამბები მათზე თავის მამასთან. 3ისრაელს უყვარდა იოსები თავის ყველა ძეზე მეტად, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი. და აჩუქა მას ჭრელი კვართი. 4და დაინახეს ძმებმა, რომ უყვარდა იგი მამას ყველა თავის ძეზე მეტად, და მოიძულეს იგი, და ამრეზილი ელაპარაკებოდნენ მას. 5და ნახა იოსებმა სიზმარი და უამბო თავის ძმებს, და მათ უფრო მეტად შეიძულეს იგი. 6უთხრა მათ: „მოისმინეთ, აი, რა სიზმარი მესიზმრა: 7აჰა, ვითომც ძნებსა ვკონავთ შუა ნამკალში და წამოდგა ჩემი ძნა და ზე აღიმართა. და გარსშემოადგნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას.“
8და უთხრეს ძმებმა: „ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ ბატონად გაგვიხდები?“ და კიდევ უფრო მეტად შეიძულეს იგი მისი სიზმრებისა და სიტყვების გამო.
9კიდევ ნახა მან სხვა სიზმარი, და უამბო თავის ძმებს: „აჰა, კიდევ ვნახე სიზმარი, ვითომც მზე და მთვარე და 11 ვარსკვლავი მცემდნენ თაყვანს.“ 10და როცა ეს უამბო თავის მამასა და თავის ძმებს, გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა: „რა არის ეს სიზმარი, რომ გესიზმრა? ნუთუ უნდა მოვიდეთ მე და დედაშენი, და შენი ძმები, და მდაბლად უნდა გცეთ თაყვანი?“ 11გაცხარდნენ ძმები, ხოლო მამამისმა გულში შეინახა ეს ამბავი.#საქ 7:9.
12და წავიდნენ მისი ძმები შექემში თავიანთი მამის ფარის დასამწყემსად. 13და უთხრა ისრაელმა იოსებს: „შენი ძმები ხომ ცხვარს მწყემსავენ შექემში. მოდი, გაგაგზავნი მათთან.“ და უპასუხა მან: „მე მზადა ვარ!“ 14და უთხრა მას: „წადი და ნახე, თუ მშვიდობით არიან შენი ძმები და ფარა, და მომიტანე ამბავი.“ და გაგზავნა იგი ხებრონის ველიდან,
და მივიდა შექემში. 15იპოვნა იგი ერთმა კაცმა ველზე გზაარეული და ჰკითხა მას: „რას ეძებ?“ 16მან თქვა: „ჩემს ძმებს ვეძებ; მითხარი, სად აძოვებენ?“ 17და უთხრა იმ კაცმა: „აქედან დაიძრნენ, გავიგონე რომ ამბობდნენ, დოთანში წავიდეთო.“ და დაადგა იოსები თავისი ძმების კვალს, და იპოვნა ისინი დოთანში. 18დაინახეს იგი შორიდან და, ვიდრე მიუახლოვდებოდა მათ, განიზრახეს მისი მოკვლა. 19და უთხრეს ერთმანეთს: „აჰა, სიზმარა მოდის! 20მოდი ახლა და მოვკლათ, ჩავაგდოთ სადმე ჭაში, და ვთქვათ, რომ ნადირმა შეჭამა იგი. და ვნახოთ, როგორ ახდება მისი სიზმრები.“ 21და გაიგონა ეს რეუბენმა, და იხსნა იგი მათი ხელიდან, უთხრა ძმებს: „ნუ წავართმევთ სიცოცხლეს! 22ნუ დაღვრით სისხლს! ჩააგდეთ იგი იმ ჭაში, უდაბნოში რომ არის, და ხელს ნუ აღმართავთ მასზე.“ ამას ამბობდა, რათა ეხსნა იგი მათი ხელიდან და დაებრუნებინა მამასთან. 23და როგორც კი მივიდა ძმებთან იოსები, გახადეს მას ჭრელი კვართი, რომელიც ეცვა. 24აიყვანეს და ჩააგდეს ჭაში. ის ჭა ცარიელი იყო, წყალი არ იდგა შიგ.
25ის იყო დასხდნენ ისინი პურის საჭმელად, რომ გაიხედეს და დაინახეს ისმაელიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან. აქლემებს ეკიდათ გუნდრუკი, ბალზამი და საკმეველი ეგვიპტეში ჩასატანად. 26და უთხრა იუდამ ძმებს: „რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა? 27მოდით, მივყიდოთ ისმაელიანებს. ნუ იქნება მასზე ჩვენი ხელი, რადგან ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცი.“ და დაუჯერეს ძმებმა. 28ხოლო როცა ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოსწიეს და ამოიყვანეს იოსები ჭიდან, და მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. და მათ წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.#საქ 7:9.
29და მიბრუნდა რეუბენი ჭასთან და აჰა, აღარ არის ჭაში იოსები, და შემოიხია სამოსელი რეუბენმა. 30და დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: „ბავშვი აღარ არის! რა ვქნა ახლა, სად წავიდე?“ 31და აიღეს ძმებმა იოსების კვართი, და ამოავლეს იგი დაკლული თხის სისხლში. 32და მიუტანეს მამას ეს კვართი და უთხრეს: „ეს ვიპოვეთ. ნახე, შენი შვილის კვართი ხომ არ არის?“ 33და იცნო მამამ და თქვა: „ჩემი შვილის კვართია. მძვინვარე ნადირს შეუჭამია იგი! დაუგლეჯია იოსები!“ 34და შემოიხია იაკობმა სამოსელი, და შემოიხვია ძაძა წელზე, და დიდხანს გლოვობდა შვილს. 35და ადგნენ მისი ძენი და მისი ასულნი, რათა ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინდომა მან ნუგეშისცემა, და ამბობდა: „მგლოვიარე ჩავალ ჩემ შვილთან შავეთში!“ და დიდხანს გლოვობდა მამა თავის ძეს. 36ხოლო მიდიანელებმა ეგვიპტეში მიჰყიდეს იოსები ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, ქონდაქართხუცესს.

Currently Selected:

Genesis 37: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in