YouVersion Logo
Search Icon

Genesis 38

38
1იმ ხანად იყო, რომ ჩამოსცილდა იუდა თავის ძმებს და დასახლდა ყადულამელი კაცის მეზობლად, რომლის სახელი იყო ხირა. 2და ნახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის, ასული, და მოიყვანა ის და შევიდა მასთან. 3დაორსულდა ქალი და შვა ძე. და დაარქვა მას სახელად ყერი. 4და კვლავ დაორსულდა, და შვა ძე, და დაარქვა სახელად ონანი. 5და კვლავ შვა ძე, და დაარქვა მას სახელად შელახი. ქალი ქეზიბში იყო მისი შობის დროს. 6და მოუყვანა იუდამ ყერს, თავის პირმშოს, ცოლი, სახელად თამარი. 7მაგრამ ყერი, იუდას პირმშო, ბოროტი იყო უფლის თვალში, და მოაკვდინა იგი უფალმა. 8და უთხრა იუდამ ონანს: „შედი შენი ძმის ცოლთან, გაუხდი ქმრად და აღუდგინე შენს ძმას შთამომავლობა.“ 9მაგრამ იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა ის მოდგმა, და ამიტომ, როცა შედიოდა ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა თესლს, რათა ძმისთვის არ მიეცა მემკვიდრე. 10ჩაითვალა ბოროტებად უფლის წინაშე მისი საქციელი, და ისიც მოაკვდინა უფალმა. 11და უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: „წადი და ქვრივად იჯექი მამაშენის სახლში, ვიდრე გაიზრდებოდეს შელახი, ჩემი ძე.“ რადგან იფიქრა – მისი ძმებივით ესეც არ მოკვდესო. და წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამამისის სახლში.
12განვლო მრავალმა დღემ და მოკვდა იუდას ცოლი, შუაყის ასული. როცა გამოიგლოვა იუდამ, ავიდა თიმნაში თავისი ცხვრის პარსვაზე, თავის ყადულამელ მოყვასთან, ხირასთან, ერთად. 13და აუწყეს თამარს: „შენი მამამთილი ამოდის თიმნაში ცხვრის საპარსად.“ 14და გაიძრო მან თავისი ქვრივობის სამოსელი, და ჩამოიფარა რიდე და დაიბურა. და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე, რადგან დაინახა, რომ გაიზარდა შელახი, მაგრამ ცოლად არ მიათხოვეს მას. 15და დაინახა ქალი იუდამ და მეძავი ეგონა, რადგან რიდეთი ჰქონდა სახე დაფარული. 16გზაზე ჩავლისას მიუბრუნდა მას და უთხრა: „შემომიშვი შენთან.“ რადგან არ იცოდა, რომ თავისი რძალი იყო. და მან ჰკითხა: „რას მომცემ, რომ შემოხვიდე ჩემთან?“ 17უპასუხა: „თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან.“ და თქვა ქალმა: „წინდს თუ მომცემ, ვიდრე გამომიგზავნიდე?“ 18და თქვა იუდამ: „რა მოგცე წინდად?“ უთხრა ქალმა: „შენი ბეჭედი და თასმა და არგანი, ხელში რომ გიჭირავს.“ და მისცა მას ესენი იუდამ, და შევიდა მასთან; და დაორსულდა ის მისგან. 19ადგა ქალი და წავიდა, და მოიძრო თავისი საბურველი, და კვლავ შეიმოსა ქვრივობის სამოსლით.
20და გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით, რათა ქალისაგან დაებრუნებინა თავისი წინდი. მაგრამ ვერ იპოვა ყადულამელმა ქალი. 21და ჰკითხა იქაურ კაცებს: „სად არის მეძავი, ყენაიმის გზაზე რომ იჯდა?“ უპასუხეს: „აქ არ ყოფილა მეძავი.“ 22და დაბრუნდა იგი იუდასთან, და უთხრა: „ვერ ვიპოვე იგი. და იქაურმა კაცებმაც მითხრეს, რომ არ ყოფილაო აქ მეძავი.“ 23და თქვა იუდამ: „დავანებოთ თავი, დაიტოვოს ის წინდი, რომ დასაცინი არ გავხდეთ. აჰა, ხომ გაგატანე თიკანი, შენ კი ვერ იპოვე ქალი!“
24და სამი თვის შემდეგ ეუწყა იუდას: „იბოზა შენმა რძალმა თამარმა და ორსულად არის იგი.“ და თქვა იუდამ: „გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.“ 25და როცა მოჰყავდათ იგი, შეუთვალა მან თავის მამამთილს: „იმ კაცისაგან ვარ ორსულად, ვისაც ესენი ეკუთვნის. აჰა, ამოიცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმა და არგანი.“ 26იცნო იუდამ, და თქვა: „მართალია ჩემთან თამარი, რადგან მე არ მივათხოვე შელახს, ჩემს ვაჟს.“ და აღარ შესულა იუდა თამართან.
27და მშობიარობის ჟამს აღმოჩნდა, რომ ტყუპები ჰყავდა მას მუცელში. 28და მშობიარობისას გამოყო ერთმა ხელი, და ბებიაქალმა მეწამული ძაფი შეაბა მას ამ სიტყვებით: „ეს გამოვიდა პირველი.“ 29მან უკან წაიღო ხელი და გამოვიდა მისი ძმა. და თქვა ბებიაქალმა: „როგორ გამოარღვიე ზღუდე?“ და უწოდეს მას სახელად ფერეცი.#38:29 ფერეცი: ებრ. ‘ფერეცი’ ისევე ჟღერს, როგორც ‘გამორღვევა’, ‘გახსნა’. 30შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, რომელსაც ხელზე ება მეწამული ძაფი, და უწოდეს მას სახელად ზერახი.#38:30 ზერახი: ებრ. ‘ზერახი’ ნიშნავს ‘ნათელს’, უნდა უკავშირდებოდეს ‘მეწამულ ძაფს’

Currently Selected:

Genesis 38: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in