Luke 15
15
1უახლოვდებოდნენ მას ყველა მებაჟენი და ცოდვილნი და უსმენდნენ მას. #ლკ 5:29,30. 2ფარისეველნი და მწიგნობარნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: „ცოდვილებს ღებულობს და მათთან ერთად ჭამს.“ 3და უთხრა მათ ეს იგავი: 4„რომელიმე თქვენგანს რომ 100 ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნელად, ვიდრე არ იპოვის? 5და რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს. 6შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებსა და მეზობლებს და ეტყვის: ‘გაიხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვე.’ 7თქვენ გეუბნებით, რომ ასევე მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ 99 მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ.
8ანდა ქალი, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს სანთელს და არ გამოგვის სახლს და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის? 9და როდესაც იპოვის, დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის: ‘გაიხარეთ ჩემთან ერთად, რადგან დაკარგული დრაქმა ვიპოვე.’ 10გეუბნებით თქვენ: ასევე იქნება სიხარული ღმერთის ანგელოზებთან ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც შეინანა.“
11და თქვა: „ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა. 12უმცროსმა უთხრა მამას: ‘მომეცი ჩემი ხვედრილი წილი ქონებიდან.’ და მამამ გაუყო მათ ქონება. 13მცირე ხნის შემდეგ უმცროსმა ძემ მოაგროვა ყველაფერი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და გაფლანგა თავისი ქონება თავაშვებული ცხოვრებით. 14და როდესაც ყველაფერი გადააგო, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, და მას გაუჭირდა. 15წავიდა და იმ ქვეყნის ერთ მოქალაქეს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების სამწყემსად. 16და ენატრებოდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოევსო, ღორები რომ ჭამდნენ, მაგრამ არავინ არაფერს აძლევდა. 17და როდესაც გონს მოეგო, თქვა: ‘მამაჩემთან რამდენ მოჯამაგირეს პური თავსაყრელი აქვს, მე კი შიმშილით ვკვდები. 18ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე, 19ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!’ 20ადგა და წავიდა თავის მამასთან. როდესაც ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გამოიქცა, ყელზე მოეხვია და აკოცა. 21და უთხრა: ‘მამა! შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე.’ 22უთხრა მამამ თავის მსახურებს: ‘სასწრაფოდ მოიტანეთ საუკეთესო სამოსი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხსაცმელი ჩააცვით ფეხზე. 23მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და გავიხაროთ, 24რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’ და დაიწყეს მხიარულება. 25ხოლო მისი უფროსი ვაჟი მინდორში იყო. რომ მოდიოდა და სახლს მიუახლოვდა, მუსიკისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა. 26დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ‘ეს რა ამბავია?’ 27მან უთხრა მას: ‘შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქალი ხბო დაკლა, რაკი მრთელი დაუბრუნდა.’ 28გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. მამამისი გამოვიდა და იწვევდა შინ. 29მიუგო და უთხრა თავის მამას: ‘აჰა, რამდენი წელია გემსახურები, არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულვარ და არასოდეს მოგიცია ერთი ციკანიც კი, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად გამეხარა. 30ხოლო როცა მოვიდა ეს შენი ძე, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა, ნასუქალი ხბო დაუკალი.’ 31მან უთხრა: ‘შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და რაც გამაჩნია, შენია. 32მაგრამ უნდა ვილხენდეთ და ვხარობდეთ, რადგან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’“
Currently Selected:
Luke 15: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა