Genesis 19
19
1და მივიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. ისინი რომ დაინახა, ადგა მათ შესახვედრად და თაყვანი სცა მდაბლად. 2უთხრა: „აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მსახურის სახლში! ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ.“ და უთხრეს: „არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს!“ 3არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. და გაუმართა მათ ვახშამი, და დაუცხო ხმიადები და ჭამეს მათ. 4ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ ქალაქის მცხოვრები სოდომელნი გარშემოერტყნენ სახლს, ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად. 5და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს: „სად არიან კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა მივუწვეთ!“#მსჯ 19:22-24. 6გამოვიდა ლოტი მათთან, და გამოიხურა კარი, 7და უთხრა: „ნუ იზამთ უკეთურებას, ძმებო! 8აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელნიც ჯერ არ წოლილან კაცთან. მათ გამოვიყვან და უყავით, რაც გენებოთ, ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი!“ 9მაგრამ უპასუხეს: „მოგვცილდი აქედან!“ და კვლავ უთხრეს: „უცხო ვინმე შემოხიზნულხარ აქ, და სამართალს გვისჯი? შენ მათზე უარესს გიზამთ!“ და მიესიენ ლოტს და დაიწყეს კარების მტვრევა. 10მაგრამ ლოტის სტუმრებმა გამოიწოდეს ხელი, ლოტი შეიყვანეს შინ და კარები დაგმანეს. 11ხოლო კაცებს, სახლის შესასვლელთან რომ იყვნენ, დიდიან-პატარიანად სიბრმავე დაატეხეს და მათ ქანცი გაუწყდათ კარების ძებნაში.#4მფ 6:18.
12ლოტის სტუმრებმა ჰკითხეს მას: „კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძენი – ყველა, ვინც შენი ახლობელია ამ ქალაქში, გაიყვანე აქედან, 13რადგან გავანადგურებთ ჩვენ ამ ადგილს, იმის გამო, რომ უფლამდე მიაღწია მათზე სამდურავის ღაღადმა, და მოგვავლინა ჩვენ მის გასანადგურებლად!“ 14და გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, თავისი ასულების მთხოვნელთ, და უთხრა: „ადექით და გადით აქედან, რადგან უფალი განადგურებას უპირებს აქაურობას.“ სასიძოებს ეგონათ, ლოტი ხუმრობსო.
15განთიადისას ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი ამ სიტყვებით: „ადექ და წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორი ასული, აქ რომ არიან, რათა არ გადაჰყვეთ ქალაქის ურჯულოებას!“ 16მაგრამ ფეხს ითრევდა ლოტი. მაშინ კაცებმა ჩასჭიდეს ხელი მას, მის ცოლს და მის ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და გაიყვანეს ქალაქს გარეთ.#2პტ 2:7. 17როცა გამოიყვანეს ისინი გარეთ, უთხრა ერთ-ერთმა: „გადაირჩინე შენი სული, ნუ მიიხედავ უკან და ნუ გაჩერდები ამ არემარეზე! მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები!“ 18და უთხრა მათ ლოტმა: „არა, ბატონო! 19რადგან ჰპოვა თქვენმა მსახურმა მადლი შენს თვალში და დიდია შენი წყალობა, რომელიც მოიღეთ ჩემზე ჩემი სულის გადასარჩენად, ვერ შევეფარები მთას: ვაითუ, გადავაწყდე უბედურებას და მოვკვდე! 20აგერ, ეს ქალაქი უფრო ახლოსაა გასაქცევად, პატარაც არის, იქ შევაფარებ თავს. პატარა ქალაქია, გადავრჩები.“ 21და უთხრა: „კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც: არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე. 22აბა, იჩქარე, შეაფარე იქ თავი, რადგან შენს იქ მისვლამდე ამ საქმეს ვერ აღვასრულებ!“ და ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი.#19:22 ებრ. ჟღერადობით გავს სიტყვას პატარა 23და მივიდა ლოტი ცოყარს, როცა ამოვიდა მზე ქვეყანაზე.
24და აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორას გოგირდის ცეცხლი უფლისაგან.#მთ 10:15; 11:23,24; ლკ 10:12; 17:29; 2პტ 2:6; იუდ 7. 25და დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი, და ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა. 26და უკან მოხედვისას, ლოტის ცოლი იქცა მარილის სვეტად.#ლკ 17:32.
27და ადგა აბრაამი დილაადრიანად და წავიდა იმ ადგილას, სადაც იდგა ის უფლის წინაშე. 28და როცა გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ, დაინახა: კვამლი ასდის მიწას მთელს არემარეზე, მსგავსად ღუმელიდან ამოვარდნილი ბოლისა.
29და როცა ამხობდა ღმერთი იმ არემარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი, და გაარიდა ლოტი დაქცევიდან, როცა სპობდა ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი.
30და ავიდა ლოტი ცოყარიდან, და დასახლდა მთაში თავის ორ ასულთან ერთად, რადგან ეშინოდა ცოყარში ცხოვრებისა. და დასახლდა მღვიმეში თავის ორ ასულთან ერთად. 31და უთხრა უფროსმა ასულმა უმცროსს: „მოხუცია მამაჩვენი და არ არის ქვეყანაზე მამაკაცი, რომ შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია. 32მოდი, შევასვათ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ და მივუწვეთ და აღვადგინოთ ჩვენი მამისაგან შთამომავლობა.“ 33და შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით და მივიდა უფროსი და მიუწვა თავის მამას. მას მისი არც დაწოლა გაუგია და არც ადგომა. 34მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: „აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩვენთან. შევასვათ მას ღვინო ამაღამაც. და მიდი, მიუწექი, და აღვადგინოთ მამაჩვენისგან შთამომავლობა.“ 35და ასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას. და დაწვა უმცროსი მასთან. ლოტს მისი არც დაწოლა გაუგია და არც ადგომა. 36და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავიანთი მამისაგან. 37და შვა ძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე. 38და უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონელთა მამა დღევანდლამდე.
Currently Selected:
Genesis 19: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა