John 11
11
1იყო ვინმე ავადმყოფი, ლაზარე ბეთანიდან, მარიამისა და მისი დის, მართას, დაბიდან. #ლკ 10:38,39. 2ეს ის მარიამი იყო, რომელმაც უფალს ნელსაცხებელი სცხო და ფეხები თავისი თმებით შეუმშრალა; და მისი ძმა, ლაზარე, ავად იყო.#იო 12:3. 3გაუგზავნეს მისმა დებმა კაცი და შეუთვალეს: „უფალო, აჰა, ვინც შენ გიყვარს, ავადაა.“ 4როდესაც იესომ ეს მოისმინა, თქვა: „ეს სნეულება სასიკვდილო არ არის, არამედ ღმერთის სადიდებლადაა, რათა განდიდდეს ძე ღმერთისა მისგან.“ 5იესოს უყვარდა მართა, მისი და და ლაზარე. 6როდესაც გაიგო, რომ ავად იყო, ორი დღე დარჩა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა.
7ამის შემდეგ ეუბნება მოწაფეებს: „ავდგეთ და კვლავ იუდაში წავიდეთ.“ 8უთხრეს მას მოწაფეებმა: „რაბი, ებრაელები ახლახანს შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და კიდევ იქ მიდიხარ?“ 9მიუგო იესომ: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან ქვეყნიერების ნათელსა ხედავს. 10ღამით მოარული კი წაიბოძიკებს, რადგან ნათელი არ არის მასში.“ 11ეს თქვა და მერე ეუბნება მათ: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ.“ 12უთხრეს მას მოწაფეებმა: „უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება.“ 13იესომ მის სიკვდილზე თქვა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით დაძინებაზე ამბობდა. 14მაშინ უთხრა მათ იესომ ცხადად: „ლაზარე მოკვდა. 15და მიხარია თქვენს გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ. მაგრამ მოდით, წავიდეთ მასთან.“ 16მაშინ უთხრა თომამ (რომელსაც ტყუპი ერქვა) თანამოწაფეებს: „ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ.“
17და როდესაც იესო მივიდა, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღის დამარხული იყო. 18ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმიდან, თხუთმეტიოდე სტადიონის მანძილზე. 19და ბევრნი მოვიდნენ ებრაელთაგან მართასთან და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ისინი ძმის გამო. 20როდესაც გაიგო მართამ, იესო მოდისო, შეეგება მას. მარიამი კი შინ იჯდა. 21მართამ უთხრა იესოს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. 22მაგრამ ახლაც ვიცი, რომ რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს.“ 23ეუბნება მას იესო: „შენი ძმა აღდგება.“ 24ეუბნება მას მართა: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს.“ 25უთხრა მას იესომ: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. 26ყველა, ვინც ცოცხალია და მე მიწამებს, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს?“ 27ეუბნება მას: „დიახ, უფალო, მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა, ამ ქვეყნად მომავალი.“
28ეს რომ თქვა, წავიდა, მოუხმო თავის დას, მარიამს, და ჩუმად უთხრა: „მოძღვარი აქ არის და გიხმობს შენ.“ 29როგორც კი ეს გაიგონა მან, სასწრაფოდ წამოდგა და წავიდა მასთან. 30იესო ჯერ დაბაში არ იყო შესული, იმავე ადგილას იდგა, სადაც მართა შეეგება. 31ებრაელები, რომლებიც მასთან იყვნენ სახლში და ანუგეშებდნენ, როდესაც დაინახეს, რომ მარიამი სასწრაფოდ წამოდგა და გავიდა, გაჰყვნენ უკან, ეგონათ, სამარხისკენ მიდიოდა სატირლად. 32მარიამი მივიდა იქ, სადაც იესო იყო და რომ იხილა იგი, დაემხო მის ფეხთით და უთხრა: „უფალო, შენ აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.“ 33როდესაც იესომ დაინახა, რომ ტიროდა იგი და მასთან ერთად მოსული ებრაელებიც ტიროდნენ, სულით შეიძრა და აღელდა, 34და უთხრა: „სად დაასვენეთ იგი?“ ეუბნებიან: „უფალო, მოდი და ნახე.“ 35და აცრემლდა იესო. 36თქვეს ებრაელებმა: „ნახე, როგორ ჰყვარებია.“ 37ზოგიერთმა მათგანმა კი თქვა: „ნუთუ ბრმის თვალის ამხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ ეს არ მომკვდარიყო?“
38იესო კი, კვლავაც სულით შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული. 39ამბობს იესო: „აიღეთ ლოდი.“ ეუბნება მას მიცვალებულის და, მართა: „უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ.“ 40ეუბნება მას იესო: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ?“ 41აიღეს ლოდი. იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა: „მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. 42მე ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ. მხოლოდ გარს შემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე მე.“ 43ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: „ლაზარე, გამოდი გარეთ!“ 44გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა დაფარული. ეუბნება მათ იესო: „გახსენით და გაუშვით, იაროს.“
45მაშინ ებრაელთაგან ბევრმა, რომლებიც მოვიდნენ მარიამთან და იხილეს, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი. 46ზოგიერთი მათგანი კი წავიდა ფარისევლებთან და უამბო, რაც მოახდინა იესომ. 47შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: „რა ვქნათ, ეს კაცი რომ ბევრ სასწაულს ახდენს? 48თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს მიწასაც და ხალხსაც.“ 49ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს, უთხრა მათ: „თქვენ არაფერი გაგეგებათ, 50ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს.“ 51ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს და იწინასწარმეტყველა, რომ იესო ერისთვის მოკვდებოდა. 52და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ღმერთის გაფანტული შვილები შეეკრიბა ერთად. 53იმ დღიდან გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი.
54ამის შემდეგ აღარ უვლია იესოს ებრაელთა შორის გაცხადებულად, არამედ გაეცალა იქაურობას უდაბნოს მახლობელ მხარეში, ქალაქში, რომელსაც ეფრაიმი ეწოდება, და დარჩა იქ მოწაფეებთან ერთად. 55ახლოვდებოდა ებრაელთა პასექი და მთელი ქვეყნიდან ბევრნი პასექამდე ავიდნენ იერუსალიმში განსაწმედად. 56და ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „როგორ ფიქრობთ, არ მოვა ის დღესასწაულზე?“ 57მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა კი განკარგულება გასცეს, რომ ვინც შეიტყობდა, სად იყო, ეცნობებინათ, რათა შეეპყროთ იგი.
Markert nå:
John 11: სბს
Marker
Del
Kopier
Vil du ha høydepunktene lagret på alle enhetene dine? Registrer deg eller logg på
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013