Genesis 4

4
1და შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ევა და შვა კაენი, და თქვა: კაცი შემეძინაო უფლის წყალობით. 2და შემდგომ შვა აბელი, მისი ძმა. და გახდა აბელი მეცხვარე, ხოლო კაენი – მიწის მუშა. 3გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა მიწის ნაყოფთაგან ძღვენი უფალს. 4აბელმაც მიართვა უფალს თავისი ცხვრის პირველმოგებულთაგან და მათი ლურთები. და მოეწონა უფალს აბელი და მისი ძღვენი,#ებრ 11:4. 5ხოლო კაენი და მისი ძღვენი არ მოეწონა. და ძალზე გამწარდა კაენი და სახე მოეღუშა. 6და ჰკითხა უფალმა კაენს: „რად გამწარდი, რად მოგიღუშავს სახე? 7თუ სიკეთეს სჩადიხარ, ხომ დაგიფასდება? ხოლო თუ სიკეთეს არ სჩადიხარ, ცოდვა კართან გიცდის. შენსკენ მოილტვის, შენ კი იბატონე მასზე.“
8და უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: „გავიდეთ ველად.“ და იყო, რომ ველად ყოფნისას აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე და მოკლა იგი.#მთ 23:35; ლკ 11:51; 1 იო 3:12. 9და ჰკითხა უფალმა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?“ უპასუხა მან: „არ ვიცი. მე ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?“ 10და უთხრა უფალმა: „ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მიწიდან!#ებრ 12:24. 11ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან! 12დაშვრები მიწაზე და აღარ მოგცემს იგი თავის ღალას. დევნილი და მიუსაფარი იქნები ქვეყნად.“ 13და უთხრა კაენმა უფალს: „მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი. 14აჰა, მაძევებ დღეს მიწისაგან და შენ სახეს უნდა დავემალო! დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.“ 15და თქვა უფალმა: „ყოველი მკვლელი კაენისა შვიდგზის მიიღებს შურისგებას.“ და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რათა არ მოეკლა იგი ყოველ მის შემხვედრს. 16და გაშორდა კაენი უფლის სახეს და დაემკვიდრა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
17და შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. და ააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა თავისი ძის სახელი – ენოქი. 18და შვა ენოქმა ყირადი; და ყირადმა შვა მეხუიაელი, და მეხუიაელმა შვა მეთუშაელი, და მეთუშაელმა შვა ლამექი. 19და მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი: ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს – ცილა. 20და შვა ყადამ იაბალი, რომლისგანაც წარმოსდგნენ კარვებში მცხოვრები მეჯოგენი. 21მის ძმას ერქვა იუბალი, რომლისგანაც წარმოსდგნენ ყველა მეჩანგენი და მესტვირენი. 22და შვა ცილამ თუბალ-კაენი, რომლისგანაც წარმოსდგნენ მჭედელნი ბრინჯაოსა და რკინისა. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა. 23და უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: „ყადა და ცილა, ლამექის ცოლებო, ისმინეთ ჩემი და ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი, რომელმაც დამჭრა და ყმაწვილი, რომელმაც დამარტყა. 24თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაჩვიდმეტგზის მიეზღვებათ.“
25და კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; და შვა ქალმა ვაჟი და უწოდა შეთი, რაც ნიშნავს: „მომმადლა ღმერთმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა.“ 26და შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. იმ დროიდან დაიწყეს უფლის სახელის ხსენება.

Märk

Dela

Kopiera

None

Vill du ha dina höjdpunkter sparade på alla dina enheter? Registrera dig eller logga in