საქმე. 2
2
ორმოცდამეათე დღე
1ორმოცდამეათე დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას.
2და იქმნა მოულოდნელად ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ.
3და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს.
4ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
5ხოლო იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდეველნი, ღვთის მოშიში კაცები, ყველა ხალხთაგან, რომელნიც კი ცისქვეშეთში არიან.
6როცა ეს ხმაური მოხდა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, ვინაიდან თითოეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ მის საკუთარ ენაზე.
7ყველანი გაოგნებული იყვნენ და უკვირდათ, ამბობდნენ: „განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან?
8როგორ გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით?
9პართნი და მიდიელნი, ყელამელნი, და მკვიდრნი შუამდინარეთისა, იუდეისა, კაბადუკიისა, პონტოსი და აზიისა,
10ფრიგიისა და პამფილიისა, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქებისა, და რომიდან ამოსულნი,
11იუდეველნი და რჯულშეცვლილნი, კრეტელნი და არაბები, ვუსმენთ მათ, ჩვენ-ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიად საქმეებზე.“
12გაოგნდა ყველა და საგონებელში ჩაცვივდნენ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნეტავ, ეს რას უნდა ნიშნავდეს?“
13სხვები კი დაცინვით ამბობდნენ: ტკბილით არიან გამტყვრალნი.
პეტრეს სიტყვა
14ხოლო თერთმეტთან ერთად მდგომი პეტრე წამოდგა, ხმა აღიმაღლა და უთხრა მათ: „იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრნო! იყოს ეს თქვენთვის ცნობილი და ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს.
15ისინი არ არიან მთვრალები, როგორც თქვენ გგონიათ, ვინაიდან ახლა დღის მესამე საათია.
16მაგრამ ესაა ნათქვამი იოელ წინასწარმეტყველის მიერ:
17‘იქნება უკანასკნელ დღეებში, – ამბობს ღმერთი, – რომ ჩემი სულისაგან მოვაფენ ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი. და თქვენი ჭაბუკნი ჩვენებას იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.
18ჩემს მონებზე და ჩემს მხევლებზე მოვაფენ იმ დღეებში ჩემი სულისაგან და აწინასწარმეტყველდებიან.
19ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს, და კვამლის ბოლქვებს.
20მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და გაცხადებული.
21და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.’
22კაცნო ისრაელიანნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი, დამტკიცებული ღვთისაგან თქვენთვის ძალით, სასწაულებითა და ნიშნებით, რომლებიც ღმერთმა მოახდინა მისი ხელით თქვენს შორის, როგორც თვითონვე იცით,
23იგი, ღვთის განჩინებული ზრახვით და წინასწარცნობით გადაცემული, ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით.
24მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი, შეხსნა რა სიკვდილის ბორკილები, ვინაიდან სიკვდილი მას ვერ დააკავებდა.
25ვინაიდან დავითი ამბობს მასზე: ‘ჩემს წინაშე ვხედავდი ყოველთვის უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე.
26ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და გამხიარულდა ჩემი ენა, ჩემი ხორციც კი სასოებით იშვებს.
27ვინაიდან ჩემს სულს არ მიატოვებ ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმიდას ხრწნილების სახილველად.
28შენ შემაცნობინე ცხოვრების გზა, სიხარულით აღმავსებ შენი სახის წინაშე.’
29კაცნო ძმანო, აშკარად უნდა გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ ის აღესრულა და დაიკრძალა, და დღევანდლამდე ჩვენს შორისაა მისი სამარხი.
30რაკი წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ფიცით შეჰფიცა მას ღმერთმა, რომ მისი საზარდულის ნაყოფს დასვამდა მის ტახტზე,
31მან წინასწარხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე, რომ მიტოვებული არ არის ჯოჯოხეთში და მის ხორცს არ უხილავს ხრწნილება.
32ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ.
33ამგვარად ღვთის მარჯვენით ამაღლებულმა, მამისაგან მიიღო სულიწმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ.
34დავითი ხომ არ ამაღლებულა ზეცად, თვითონვე ამბობს: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
35ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად.’
36ამრიგად, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.“
37ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და უთხრეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: „როგორ მოვიქცეთ, კაცნო ძმანო?“
38ხოლო პეტრემ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
39ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ღმერთი ჩვენი.“
40და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგანო.
ისინი, ვინც სიტყვა მიიღეს, მოინათლნენ
41ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლნენ და იმ დღეს შეემატა სამი ათასამდე სული.
42და იყვნენ ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, თანამოზიარობაში, პურის გატეხასა და ლოცვებში.
43ყოველი სული შიშით იყო მოცული და მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ.
44ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
45ქონებას და სარჩო-საბადს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, საჭიროებისამებრ.
46დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იმყოფებოდნენ, სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საზრდელს მხიარულებით და გულუბრალოებით.
47აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის თვალში მადლს ჰპოვებდნენ. უფალი კი ყოველ დღე უმატებდა დახსნილებს მათ რიცხვს.
Избрани в момента:
საქმე. 2: GEO02
Маркирай стих
Споделяне
Копиране
Искате ли вашите акценти да бъдат запазени на всички ваши устройства? Регистрирайте се или влезте
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002