ლუკ. 9
9
თორმეტი მოციქულის გაგზავნა
1მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, რომ განეკურნათ სნეულებანი.
2მიავლინა ისინი ღვთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად.
3უთხრა მათ: „არაფერი წაიღოთ გზაში, არც ხელჯოხი, არც გუდა, არც პური, არც ვერცხლი და არც ორი მოსასხამი იქონიოთ.
4რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდანვე გაემგზავრეთ.
5ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად.“
6წავიდნენ და იწყეს სოფელ-სოფელ სიარული, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ.
იესოს მოქმედებამ გააოგნა ჰეროდე
7მოისმინა ჰეროდემ – ტეტრარქმა, ყოველი მისი ნამოქმედარი, და გაოგნდა, ვინაიდან ერთნი იმას ამბობდნენ: იოანე აღდგაო მკვდრეთით,
8მეორენი – ელია გამოჩნდაო. სხვები ამბობდნენ: ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგაო მკვდრეთით.
9ჰეროდემ თქვა: „იოანეს მე მოვკვეთე თავი, ეს კი ვინ არის, ვისზეც ასეთი რამ მესმის?“ და უნდოდა მისი ნახვა.
ხუთი ათასი კაცის გაძღება
10დაბრუნდნენ მოციქულები და უამბეს მას, რაც გააკეთეს. მან წაიყვანა ისინი და განმარტოვდა, ბეთსაიდად წოდებული ქალაქისაკენ.
11შეიტყო დიდძალმა ხალხმა და გაჰყვა მას. ის ღებულობდა მათ და ელაპარაკებოდა ღვთის სასუფეველზე, ხოლო, ვისაც განკურნება ესაჭიროებოდა, კურნავდა მათ.
12როცა დღემ იწყო გადახრა, მივიდნენ მასთან თორმეტნი და უთხრეს: „გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ გარემო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საზრდოს საშოვნელად, ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვიმყოფებით.“
13უთხრა მათ: „მიეცით საჭმელი.“ მათ უთხრეს: „ხუთი პურისა და ორი თევზის მეტი არაფერი გაგვაჩნია, თუ არ წავალთ და საჭმელს არ ვუყიდით მთელ ამ ხალხს.“
14რადგან იქ ხუთი ათასამდე კაცი იქნებოდა. მან უთხრა თავის მოწაფეებს: „დასხით ისინი ჯგუფებად, თითოში ორმოცდაათამდე იყოს.“
15ასე მოიქცნენ და დასხეს ყველანი.
16მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დატეხა და მისცა მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ ხალხისთვის.
17ყველამ ჭამა და გაძღა, ხოლო დარჩენილი ნატეხებით თორმეტი გოდორი გაავსეს.
იესო წინასწარ იუწყება
თავის სიკვდილზე
18ერთხელ, როცა განმარტოებული ლოცულობდა და მოწაფეებიც მასთან იყვნენ, იესომ ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“
19მათ მიუგეს და თქვეს: იოანე ნათლისმცემელიო; სხვები – ელიაო, სხვები კი – ვინმე ძველი, აღმდგარი წინასწარმეტყველიო.
20იესომ უთხრა: „თქვენ კი რაღას ამბობთ: ვინა ვარ მე?“ პეტრემ პასუხად უთხრა: „ღვთის ცხებული.“
21მაგრამ მან აუკრძალა მათ. უბრძანა, არავისთვის გაემხილათ ეს.
22უთხრა მათ: „კაცის ძის ხვედრია, მრავალი ტანჯვა აიტანოს და უარყოფილ იქნეს უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართა მიერ, მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს.“
23ყველას გასაგონად კი ასე თქვა: „თუ ვინმეს სურს გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს.
24ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს მას, იგი იხსნის მას.
25რადგან რას არგებს ადამიანს, თუ მთელს სოფელს მოიგებს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს?
26რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამისა და წმიდა ანგელოზების დიდებით.
ფერისცვალება
27ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, რომ უკვე იხილავენ ღვთის სასუფეველს.“
28ამ სიტყვებიდან რვა დღის შემდეგ პეტრე, იოანე და იაკობი წაიყოლა თან და მთაზე ავიდა სალოცავად.
29როცა ლოცულობდა, მისი სახის იერი შეიცვალა და მისი სამოსელი თეთრად მოქათქათე შეიქნა.
30და აჰა, მასთან საუბრობდა ორი კაცი, ესენი იყვნენ მოსე და ელია.
31ისინი გამოჩნდნენ დიდებით და ლაპარაკობდნენ მის წასვლაზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღსრულებულიყო.
32პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით და, როცა გაეღვიძათ, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი.
33ხოლო როცა ისინი შორდებოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: „მოძღვარო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთებთ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ელიას.“ ვინაიდან არ იცოდა, რას ლაპარაკობდა.
34ამას რომ ამბობდა, გამოჩნდა ღრუბელი და მიუჩრდილა მათ. ღრუბელში რომ შევიდნენ, შეეშინდათ.
35ღრუბლიდან გაისმა ხმა, რომელიც ამბობდა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მას უსმინეთ.“
36ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა, ისინი კი დადუმდნენ და იმ დღეებში არავისთვის უთქვამთ, რაც იხილეს.
ავი სულით შეპყრობილის განკურნება
37მეორე დღეს, როცა მთიდან ჩამოვიდნენ, ბევრი ხალხი შეეგება მას.
38და აჰა, იმ ხალხში ვიღაც კაცმა შეჰყვირა: „მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, რადგან ეს ერთადერთი მყავს.
39სულსა ჰყავს შეპყრობილი; უეცრად წამოაყვირებს, აქეთ-იქით ახეთქებს მას, დუჟს ადენს, და როცა დააოსებს, ძლივსძლივობით გაეცლება.
40ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ გამოედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს.“
41მიუგო იესომ და თქვა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ, როდემდე ვიყო თქვენთან და გითმინოთ? აქ მომიყვანე შენი ძე.“
42ვიდრე მოვიდოდა, ეშმაკმა დაახეთქა და დაუწყო კრუნჩხვა. იესომ შერისხა არაწმიდა სული, განკურნა ყრმა და ჩააბარა თავის მამას.
43ყველანი გაოცებულნი იყვნენ ღვთის სიდიადით. როცა ყველას უკვირდა ყოველივე, რასაც ის აკეთებდა, უთხრა თავის მოწაფეებს:
44„ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა გადაეცემა კაცთა ხელში.“
45მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამს, და იგი დაფარული იყო მათთვის, ისე რომ ვერ ჩასწვდნენ მას. და ეშინოდათ, ეკითხათ მისთვის ამ სიტყვების გამო.
46ერთი ფიქრი კი დაებადათ: ვინ უფრო დიდი იყო მათ შორის?
47იესომ, რომელიც ხვდებოდა მათი გულის ზრახვებს, მოიყვანა ბავშვი და თავის წინ დააყენა.
48უთხრა მათ: „ვინც მიიღებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის ჩემს მომავლინებელსაც მიიღებს. ხოლო ვინც თქვენს შორის უმცირესია, ის არის დიდი.“
იესოს მიმდევრებზე
49მიუგო იოანემ და თქვა: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, და ჩვენ დავუშალეთ მას, რადგან არ დაგვყვება ჩვენ.“
50უთხრა მას იესომ: „ნუ დაუშლით, ვინაიდან ის, ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, ის თქვენთანაა.“
51როცა მოახლოვდა მისი ამაღლების დღეები, იბრუნა პირი იერუსალიმში ასასვლელად.
52წინდაწინ მიავლინა მაცნეები. და ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა გაემზადებინათ მისთვის.
53მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან პირი მიქცეული ჰქონდა იერუსალიმში წასასვლელად.
54დაინახეს ეს მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ და უთხრეს: „უფალო, თუ გინდა, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა.“
55მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა: „არ იცით, ვისი სულისანი ხართ?
56ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, არამედ სახსნელად!“ და წავიდნენ სხვა სოფელში.
57გზაზე რომ მიდიოდნენ, ვიღაცამ უთხრა მას: „გამოგვყვები, სადაც კი წახვალ.“
58იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები; კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი.“
59მეორეს კი უთხრა: „გამომყევი.“ მან თქვა: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“
60მან კი უთხრა მას: „დაანებე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღვთის სასუფეველი.“
61სხვამაც თქვა: „მე გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ ნება მომეცი, ჩემს შინაურებს დავემშვიდობო.“
62უთხრა მას იესომ: „არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და უკან იყურება.“
Избрани в момента:
ლუკ. 9: GEO02
Маркирай стих
Споделяне
Копиране
Искате ли вашите акценти да бъдат запазени на всички ваши устройства? Регистрирайте се или влезте
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002