დაბ. 30
30
იაკობის გამრავლება
1და დაინახა რახელმა, რომ ვერ უშვა იაკობს, და შეშურდა თავისი დისა და უთხრა იაკობს: „მომეცი შვილები. თუ არა და, მოვკვდები.“
2და განურისხდა იაკობი რახელს და თქვა: „ღვთის მაგიერი ხომ არა ვარ, რომელმაც აღკვეთა შენგან მუცლის ნაყოფი?“
3და უთხრა მან იაკობს: „აჰა, მხევალი ჩემი ბილჰა, შედი მასთან და შობს ჩემს მუხლებზე, და მეც გავშვილიანდები მისგან.“
4და მისცა ბილჰა, თავისი მხევალი, ცოლად, და შევიდა იაკობი მასთან.
5და დაორსულდა ბილჰა და უშვა იაკობს ძე.
6და თქვა რახელმა: „განმსაჯა მე ღმერთმა, შეისმინა ხმა ჩემი და მომცა მე ძე.“ ამიტომ უწოდა მან სახელად დანი.
7და კვლავ დაორსულდა ბილჰა, რახელის მხევალი და უშვა მეორე ძე იაკობს.
8და თქვა რახელმა: „მაგარი ჭიდილით შევეჭიდე ჩემს დას, თითქოს ღმერთს ვეჭიდებოდი, და ვძლიე კიდეც.“ და უწოდა მას სახელად ნაფთალი.
9და დაინახა ლეამ, რომ შეწყვიტა შობა, და აიყვანა ზილფა, თავისი მხევალი, და მისცა იგი იაკობს ცოლად.
10და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, ძე იაკობს.
11და თქვა ლეამ: „ბედნიერად.“ და უწოდა მას სახელად გადი.
12და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, მეორე ძე იაკობს.
13და თქვა ლეამ: „ნეტარად მიმიჩნევენ მე ასულნი.“ და უწოდა მას სახელად აშერი.
14და წავიდა რეუბენი პურის მკის დღეებში და იპოვა მინდორში მანდრაგორები, და მიართვა ისინი თავის დედას. და უთხრა რახელმა ლეას: „მომეცი მე შენი ძის მანდრაგორების ნაწილი.“
15და უთხრა მან: „არ გეყო, რომ ქმარი წამართვი და ახლა ჩემი ძის მანდრაგორებსაც მართმევ?“ და უთხრა მას რახელმა: „ამაღამ შენთან დაწვეს იაკობი, შენი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ.“
16და როცა დაბრუნდა იაკობი ველიდან საღამოჟამს, გავიდა ლეა მის შესახვედრად და უთხრა: „შემოდი ჩემთან, რადგან გიყიდე შენ ჩემი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ.“ და დაწვა მასთან იგი იმ ღამეს.
17და უსმინა ღმერთმა ლეას და დაორსულდა, და უშვა მეხუთე ძე იაკობს.
18და თქვა ლეამ: „მომცა ღმერთმა საზღაური, რადგან მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს.“ და უწოდა მას სახელად ისაქარი.
19და კვლავ დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეექვსე ძე.
20და თქვა ლეამ: „კეთილი ხვედრი მარგუნა ღმერთმა. ახლა კი შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ძე ვუშვი მას.“ და უწოდა მას სახელად ზებულუნი.
21და შემდეგ შვა ასული და უწოდა მას სახელად დინა.
22და გაიხსენა ღმერთმა რახელი და ისმინა ღმერთმა მისი ვედრება და გახსნა მისი საშო.
23და დაორსულდა და შვა ძე, და თქვა: „ამაშორა ღმერთმა შერცხვენას.“
24და უწოდა მას სახელად იოსები, და თქვა: „სხვა ძესაც შემძენს უფალი!“
25და მას შემდეგ, რაც შვა რახელმა იოსები, უთხრა იაკობმა ლაბანს: „გამიშვი, რომ ჩემს მხარეში წავიდე.
26მომეცი ჩემი ცოლები და ჩემი შვილები, რომელთათვისაც გემსახურე, რომ წავიდე, რადგან შენ იცი ჩემი სამსახური, როგორც გემსახურე.“
27და უთხრა მას ლაბანმა: „ნეტავ ვპოვო მადლი შენს თვალში. მივხვდი მე, რომ მაკურთხა უფალმა შენს გამო.“
28და თქვა: „დაინიშნე შენთვის საზღაური ჩემგან, და მოგცემ.“
29და უთხრა მას იაკობმა: „შენ იცი, როგორ გემსახურე და როგორ გამრავლდა შენი საქონელი ჩემი ზრუნვით.
30რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და გაგიმრავლდა. და გაკურთხა შენ უფალმა ჩემს ფეხზე. და როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისათვის?“
31თქვა: „რა მოგცე?“ და თქვა იაკობმა: „ნუ მომცემ ნურაფერს, თუ გამიკეთებ იმ საქმეს, რასაც გეტყვი, კვლავ დავმწყევსავ შენს ფარებს და დავიცავ მას.
32მე დღეს გავივლი მთელ შენს ფარაში. და განაშორე იქიდან ყოველი დაწინწკლული და ჭრელი ცხვარი, და ყოველი წაბლისფერი ცხვარი, და ჭრელი და დაწინწკლული თხა. და ეს იქნება ჩემი საზღაური.
33და მიპასუხოს მე ჩემმა სიმართლემ ხვალინდელ დღეს, როცა მოხვალ, რათა იხილო ჩემი საზღაური შენს წინაშე: ყოველი, რომელიც არ იყოს დაწინწკლული და ჭრელი თხათა შორის და წაბლისფერი ცხვართა შორის, ნაქურდალად ჩაითვალოს ჩემგან.“
34და თქვა ლაბანმა: „კეთილი, შენი სიტყვისამებრ იყოს.“
35და განაშორა იმ დღეს ზოლიანი და ჭრელი ვაცები, და ყველა დაწინწკლული და ჭრელი დედალი თხა, და ყველა, რომელზეც იყო ცოტაოდენი თეთრი, და ყოველი წაბლისფერი ცხვართა შორის, და მისცა თავის ვაჟებს.
36და დაცილდა ლაბანი სამი დღის სავალზე იაკობს, რომელიც მწყესავდა ლაბანის დანარჩენ ფარას.
37და აიღო იაკობმა თავისთვის ალვისხის, ნუშისა და წაბლის ხეთა ნედლი წნელები, და შემოჭრა მათზე თეთრი ზოლები, შემოაცალა რა მათ ქერქი.
38და დაჭრელებული წნელები ჩააწყო წყლის გეჯებში, სადაც მიდიოდა ცხვარი წყლის დასალევად, და ისინი ხურდებოდნენ, როდესაც მიდიოდნენ წყლის სასმელად.
39და ხურდებოდა ცხვარი წნელების წინ და შობდნენ ცხვრები ზოლებიან ბატკნებს, დაწინწკლულებსა და ჭრელებს.
40და გამოყო კრავები იაკობმა, და დააყენა ლაბანის ფარა ზოლიანი და წაბლისფერი ფარის პირდაპირ. და განალაგა თავისი სამწყსო ცალკე და არ დატოვა იგი ლაბანის ფარასთან.
41და ჯანსაღი ფარის ახურებისას ცხვრის თვალწინ ჩაყრიდა ხოლმე იაკობი წნელებს გეჯებში, რომ წნელებთან აეხურებინა ისინი.
42და როცა სუსტი იყო ფარა, არ ყრიდა. და ლაბანს რჩებოდა სუსტი, იაკობს კი ჯანსაღი.
43და დიდად გამდიდრდა ეს კაცი, და გაუჩნდა მრავალი ცხვარი, მხევლები და მსახურები, ჯორი და აქლემი.
Currently Selected:
დაბ. 30: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002