YouVersion Logo
Search Icon

დაბ. 31

31
იაკობი ბრუნდება სამშობლოში
1და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა სიტყვები, რომლებიც ამბობდნენ: „წაიღო იაკობმა ყოველივე, რაც ეკუთვნოდა მამაჩვენს, და იმით, რაც მამაჩვენს ეკუთვნოდა, შექმნა მთელი ეს დოვლათი.“
2და დაინახა იაკობმა სახე ლაბანისა და აჰა, ის არ იყო ისეთი, როგორც გუშინ და გუშინწინ.
3და უთხრა უფალმა იაკობს: „დაუბრუნდი შენი მამების ქვეყანას და შენს სანათესაოს; მე შენთან ვიქნები.“
4და გააგზავნა იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველზე, თავის ფარასთან.
5და უთხრა მათ: „მე ვხედავ თქვენი მამის სახეს, რომელიც ისეთივე არაა ჩემს მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ, მამაჩემის ღმერთი კი ჩემთან არის.
6და თქვენ იცით, რომ მთელი ძალით ვემსახურებოდი მამათქვენს.
7ხოლო მამათქვენმა შეურაცხმყო მე და ათჯერ შეცვალა ჩემი საზღაური. ღმერთმა კი არ დაანება ებოროტნა ჩემთვის.
8როცა იტყოდა: ‘დაწინწკლული იყოსო შენი გასამრჯელო,’ მაშინ მთელი პირუტყვი დაწინწკლულს იგებდა; და თუ იტყოდა: ‘ზოლიანი იყოსო შენი გასამრჯელო’, მთელი საქონელი ზოლიანს იგებდა.
9ასე წაართვა ღმერთმა ფარები მამათქვენს და მე მომცა.
10და იყო ცხვრის ახურების ჟამს, ავაპყრე თვალი და ვიხილე სიზმრად, რომ ვაცები და ვერძები ნერბავენ ფარას და სულ ჭრელი, დაწინწკლულები და ხალიანები იყვნენ.
11და მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: ‘იაკობ’, და მე ვუპასუხე ‘აქა ვარ’,
12და თქვა: ‘აღაპყრე თვალები და შეხედე – ყველა ვაცი და ვერძი ფარაზე ამავალი, ჭრელი, დაწინწკლული და ხალიანებია, რადგან ვხედავ ყველაფერს, რასაც ლაბანი გიკეთებს შენ.
13მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც სვეტს სცხე ზეთი, სადაც აღმითქვი მე აღთქმა. ახლა, ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას.“
14და მიუგეს რახელმა და ლეამ, და უთხრეს მას: „ნუთუ კიდევ გვიძევს ჩვენ წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
15განა უცხოებად არ გვთვლის ის? რადგან გაგვყიდა ჩვენ და შეჭამა ჩვენი ვერცხლი.
16ამიტომ მთელი სიმდიდრე, რომელიც წაართვა ღმერთმა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. და ახლა გააკეთე ყოველივე, რაც გითხრა შენ ღმერთმა.“
17და ადგა იაკობი და შესხა თავისი შვილები და თავისი ცოლები აქლემებზე,
18და გზას გაუყენა მთელი თავისი სამწყსო და მთელი თავისი ქონება, რაც შეძენილი ჰქონდა, თავისი საკუთარი ფარა, რაც შეიძინა შუამდინარეთში, რათა წასულიყო ისაკთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში.
19ლაბანი კი წასული იყო თავისი ცხვრის გასაპარსად; და რახელმა მოიპარა თავისი მამის საოჯახო კერპები.
20და იაკობმა გული მოპარა ლაბან არამელს – არ განუცხადა მას, რომ გარბოდა მისგან.
21და გაიქცა იგი და ყველაფერი, რაც კი ებადა, თან წაიღო. და გადავიდა მდინარეზე, და პირი გილყადის მთისაკენ ქნა.
22და ეუწყა ლაბანს მესამე დღეს, რომ იაკობი გაიქცა.
23და თან წაიყვანა თავისი თანამოძმენი და სდია მას შვიდი დღის სავალზე, და დაეწია მას გილყადის მთაზე.
24და მივიდა ღმერთი არამელ ლაბანთან სიზმარში ღამით და უთხრა მას: „ფრთხილად იყავი, ნუ ეტყვი იაკობს ნურც კარგსა და ნურც ავს.“
25და როცა დაეწია ლაბანი იაკობს, იაკობს გაშლილი ჰქონდა კარავი მთაზე, და ლაბანმაც გაშალა კარავი გილყადის მთაზე თავის თანამოძმეებთან ერთად.
26და ლაბანმა უთხრა იაკობს: „რატომ გაძვერი და წაასხი ჩემი ასულნი მახვილის ტყვეებივით?
27რად გაიქეცი ფარულად, მიმუხთლე და არ განმიცხადე, რომ გამესტუმრებინე მხიარულებით და სიმღერით, ებნითა და ქნარით.
28და არ მაკოცნინე ჩემი ძეებისა და ასულებისათვის. უგუნურად მოიქეცი.
29აქვს ჩემს ხელს ძალა, რომ ბოროტი გიყო, მაგრამ მამათქვენის ღმერთმა მითხრა წუხელ: ‘გაფრთხილდი, ნუ ეტყვი იაკობს ნურც კარგსა და ნურც ავსო.’
30ახლა კი მიდიხარ, რაკი მოგნატრებია სახლი მამაშენისა, მაგრამ ჩემი ღმერთები რაღად მოიპარე?“
31და მიუგო იაკობმა და უთხრა ლიბანს: „რადგან მეშინოდა, რომ არ წაგერთმია ჩემთვის შენი ასულნი.
32ხოლო რაც შეეხება შენს ღმერთებს, ვისთანაც მათ იპოვნი, ნუ იცოცხლოს მან! ჩვენს ძმათა წინაშე ამოიცანი, რაც კი არის ჩემთან, და წაიღე, რაც შენ გეკუთვნის.“ და არ იცოდა იაკობმა, რომ რახელმა მოიპარა ისინი.
33და შევიდა ლაბანი იაკობის კარავში და ლეას კარავში და ორივე მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. და ლეას კარვიდან ის შევიდა რახელის კარავში.
34და რახელმა აიღო საოჯახო ღმერთები და აქლემის უნაგირს ქვეშ ამოდო ისინი და ზედ დაჯდა. და გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი, მაგრამ ვერ იპოვა.
35და უთხრა თავის მამას: „ნუ განმირისხდება ჩემი ბატონი, მაგრამ არ შემიძლია ადგომა შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს.“ და გულდასმით ეძება ლაბანმა, და ვერ იპოვა საოჯახო ღმერთები.
36და განრისხდა იაკობი და შეედავა ლაბანს. და მიუგო იაკობმა ლაბანს და უთხრა: „რა დავაშავე, რა შევცოდე, რომ ასე გაცეცხლებული დამდევნებიხარ?
37ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ნივთები, რა იპოვე შენი ნივთებიდან? დააწყვე აქ შენს და ჩემს ძმათა წინაშე და მათ განგვსაჯონ!
38ეს ოცი წელია შენთან ვარ და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდარი არ მოუგიათ, შენი ფარის ვერძები არ მიჭამია.
39ნამხეცავი შენთან არ მომიტანია – მე ვზარალობდი, ჩემი ხელიდან ითხოვდი საზღაურს, როგორც ღამით მოპარულისას, ისე დღისით მოპარულისას.
40დღისით ხორშაკი მწვავდა და ღამით ყინვა, და არ მიკარებია ძილი ჩემს თვალებს.
41აჰა, ეს არის ჩემი ოცი წელი შენს სახლში: გემსახურებოდი თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისათვის, და ექვსი წელი შენი ცხვრებისათვის; და გასამრჯელო ათჯერ შემიცვალე.
42და რომ არ ყოფილიყო ჩემთან ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისაკისა, შენ ახლა ცარიელს გამისტუმრებდი. ჩემი ტანჯვა და ჩემი ხელების ჯაფა იხილა ღმერთმა და გამხილა წუხელ!“
43და მიუგო ლაბანმა იაკობს და უთხრა: „ეს ასულები ჩემი ასულები არიან, და ეს ვაჟები ჩემი ძენი არიან, ეს ფარები ჩემი ფარებია. და ყოველივე, რასაც ხედავ, ჩემია. ჩემს ასულებს ან მათ ძეებს, რომლებიც მათ შვეს, რა ვუყო ახლა?
44ახლა მოდი, დავდოთ აღთქმა მე და შენ; და ეს იყოს მოწმედ ჩემსა და შენს შორის.“
45და აიღო იაკობმა ქვა და აღმართა იგი ძეგლად.
46და უთხრა იაკობმა თავის ნათესავებს: „მოაგროვეთ ქვები.“ და აიღეს ქვები და აღმართეს ბორცვი, და ჭამეს იქ, ბორცვზე.
47და უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა. და იაკობმა უწოდა მას გალყადი.
48და თქვა ლაბანმა: „ეს იყოს მოწმედ დღეს ჩვენს შორის.“ და ამიტომ ეწოდა მას გალყადი.
49და აგრეთვე მიცფა, რადგან თქვა: „მეთვალყურეობდეს უფალი ჩემსა და შენს შორის, როცა მივეფარებით ერთმანეთის თვალს.
50თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს, თუ მოიყვან სხვა ცოლებს ჩემი ასულების გარდა, რომც არავინ იყოს ჩვენთან, იცოდე, ღმერთია მოწმე ჩემსა და შენს შორის.“
51და უთხრა ლაბანმა იაკობს: „აჰა, ეს ბორცვი და აჰა, ეს ძეგლი, რომელნიც აღვმართე ჩემსა და შენს შორის –
52ეს ბორცვი იყოს მოწმე და მოწმეა ეს ძეგლი, რომ მე არასოდეს გადმოვლახავ შენსკენ ამ ბორცვს, და რომ შენც არ გადმოლახავ ჩემსკენ ამ ბორცვს და ამ ძეგლს საბოროტოდ.
53აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა განსაჯოს ჩვენს შორის, მათი მამების ღმერთმა.“ და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისაკის შიში.
54და დაკლა იაკობმა საკლავი, და მოუხმო თავის მოძმეებს პურის საჭმელად; და მათ ჭამეს პური და გაათიეს მთაზე.
55და ადგა ლაბანი დილაადრიანად და აკოცა თავის შვილიშვილებს და თავის ასულებს, და აკურთხა ისინი, და წავიდა და დაუბრუნდა თავის მხარეს.

Currently Selected:

დაბ. 31: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in