დაბ. 34
34
იაკობი იმკის
თავისი გზააბნეულობის ნაყოფს
1და გამოვიდა დინა, ლეას ასული, რომელიც მან უშვა იაკობს, იმ ქვეყნის ასულთა სანახავად.
2და დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, და წაიყვანა ის, და დაწვა მასთან ძალით.
3და მიეკრო სული მისი დინას, იაკობის ასულს, და შეუყვარდა ყმაწვილი ქალი, და მის გულს ელაპარაკა.
4და უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: „ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი!“
5და იაკობმა გაიგო, რომ წაბილწეს დინა, მისი ასული. მაგრამ რაკი მისი ძენი მინდვრად იყვნენ საქონელში, გაჩუმებული იყო მათ მოსვლამდე.
6და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.
7და როცა იაკობის ვაჟებმა ეს გაიგეს, მოვიდნენ მინდვრიდან; ძლიერ განრისხებული და შეწუხებული იყვნენ კაცები, რადგან სისაძაგლე გაუკეთა მან ისრაელს იაკობის ასულთან დაწოლით; არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.
8და ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: „შექემმა, ჩემმა ძემ, შეიყვარა თქვენი ასული მთელი თავისი სულით. და მიეცით იგი მას ცოლად.
9და დაგვიმოყვრდით ჩვენ: მოგვეცით თქვენი ასულები, ჩვენი ასულები კი თქვენ წაიყვანეთ.
10ჩვენთან დასახლდით, და იყოს ეს ქვეყანა თქვენს წინაშე, და დასახლდით და ივაჭრეთ, და დაისაკუთრეთ.“
11და უთხრა შექემმა მის მამასა და მის ძმებს: „ოღონდ კი ვპოვო მადლი თქვენს თვალში და, რასაც მთხოვთ, მოგცემთ.
12დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, და მოგცემთ, როგორც დამაკისრებთ, ოღონდ მომეცით ეს ყმაწვილი ქალი ცოლად.“
13და ელაპარაკნენ იაკობის ძეები შექემს და მის მამას, ხამორს მზაკვრულად, რადგან შებილწეს დინა, მათი და.
14და უთხრეს მათ: „არ შეგვიძლია ამ საქმის გაკეთება, რომ მივცეთ ჩვენი და წინადაუცვეთელ კაცს, რადგან სამარცხვინო იქნებოდა ეს ჩვენთვის.
15მხოლოდ იმ პირობით დაგეთანხმებით, თუ გახდებით ჩვენსავით და ყოველი თქვენი მამაკაცი წინადაიცვეთს.
16და მოგცემთ ჩვენს ასულებს, და ჩვენც მოვიყვანთ თქვენს ასულებს, და დავსახლდებით თქვენთან და გავხდებით ერთი ხალხი.
17და თუ არ გაგვიგონებთ ჩვენ, რომ წინადაიცვითოთ, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ.“
18და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.
19და არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან ეტრფოდა იგი იაკობის ასულს. და იყო იგი ყველაზე პატივდებული თავისი მამის სახლში.
20და მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, თავიანთი ქალაქის კარიბჭესთან, და ელაპარაკნენ თავიანთი ქალაქის მცხოვრებლებს და უთხრეს:
21„ეს კაცები მშვიდობიანად არიან ჩვენდამი: დასახლდებიან და ივაჭრებენ აქ. ეს ქვეყანა გაშლილია მათ წინაშე. მათი ასულნი მოვიყვანოთ ჩვენთვის ცოლებად და ჩვენი ასულნი მივცეთ მათ ცოლებად.
22და მხოლოდ ამ პირობით დაგვთანხმდებიან ეს კაცები ჩვენთან დასახლებას და ერთ ხალხად ყოფნას, თუ წინადაიცვეთს ჩვენში მთელი მამროვანი ისე, როგორც თავად არიან წინადაცვეთილები.
23და მათი სამწყსო და მთელი მათი ქონება და მთელი მათი საქონელი განა ჩვენი არ გახდება? ოღონდ დავეთანხმოთ მათ და ჩვენთან დასახლდებიან.“
24და გაუგონეს ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭიდან ყოველმა გამომსვლელმა. და წინადაიცვითა მთელმა მამროვანმა, მისი ქალაქის კარიბჭიდან გამომსვლელმა.
25და მესამე დღეს, როცა სტკიოდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ძემ: სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს ხელში მახვილი, მამაცად მივიდნენ ქალაქში და ამოხოცეს მთელი მამროვანი.
26ხამორი და მისი ძე შექემიც მოკლეს მახვილით და წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან.
27და ძენი იაკობისა მივიდნენ დახოცილებთან და გაძარცვეს ქალაქი, რადგან წაბილწეს მათი და.
28და წამოასხეს მათი საქონელი და სახედარნი, რაც ქალაქსა და მინდორში იყო.
29და მთელი მათი დოვლათი, და ყოველი მათი ბავშვი, და მათი ცოლები დაატყვევეს და წაართვეს ყოველივე, რაც ჰქონდათ სახლებში.
30და უთხრა იაკობმა სიმონსა და ლევის: „დამღუპეთ მე, რომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მცხოვრებლებს – ქანაანელებსა და ფერიზელებს. ცოტა ხალხი მყავს, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომსპობენ. და გავნადგურდები მე და ჩემი სახლიც, ჩემთან ერთად.“
31მათ თქვეს: „ის კი შეიძლებოდა, მეძავივით რომ მოექცნენ ჩვენს დას?“
Currently Selected:
დაბ. 34: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002