YouVersion Logo
Search Icon

John 18

18
1ეს თქვა იესომ და გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად კიდრონის ხევს გადაღმა, სადაც იყო ბაღი, რომელშიც შევიდნენ თვითონ და მისი მოწაფეები. 2იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ. 3იუდამ წაიყვანა ჯარისკაცების რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთა მსახურები, და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით. 4იცოდა რა ყველაფერი, რაც მოელოდა, გამოვიდა იესო და უთხრა მათ: „ვის ეძებთ?“ 5მიუგეს მას: „იესო ნაზარეველს.“ ეუბნება მათ: „მე ვარ.“ მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა. 6და როდესაც უთხრა: „მე ვარ,“ დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხენ. 7კვლავ ჰკითხა მათ: „ვის ეძებთ?“ მათ უთხრეს: „იესო ნაზარეველს.“ 8მიუგო იესომ: „გითხარით, მე ვარ. თუ მე მეძებთ, ესენი გაუშვით, წავიდნენ.“ 9რათა აღსრულებულიყო მისი ნათქვამი სიტყვა: „იმათგან, ვინც შენ მე მომეცი, არავინ დამიღუპავს.“ 10სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა, ამოიღო და დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო სახელი იმ მონისა იყო მალქოზი. 11უთხრა იესომ პეტრეს: „ჩააგე მახვილი ქარქაშში! განა არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მომცა მამამ?“#მთ 26:39; მრკ 14:36; ლკ 22:42.
12მაშინ რაზმმა და ათასისთავმა და ებრაელთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს. 13და პირველად ანნასთან წაიყვანეს; ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს. 14ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც ებრაელებს ურჩია, უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.#იო 11:49,50.
15იესოს მიჰყვებოდნენ სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში. 16პეტრე კი კარს გარეთ იდგა. შემდეგ სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, გამოვიდა, დაელაპარაკა მეკარე ქალს და შეიყვანა პეტრე. 17ეუბნება პეტრეს მეკარე მხევალი: „განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?“ ეუბნება იგი: „არა ვარ.“ 18იდგნენ მონები და მსახურნი და ნაკვერცხლები გაეღვივებინათ, რადგან სიცივე იყო, და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა.
19მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მის მოწაფეებსა და მის მოძღვრებაზე. 20მიუგო მას იესომ: „მე აშკარად ვლაპარაკებოდი ქვეყანაში და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა ებრაელი იკრიბება, და ფარულად არაფერი მითქვამს. 21მე რად მეკითხები? ჰკითხე მსმენელებს, რას ვეუბნებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი.“ 22ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა იქ მდგომმა მსახურმა ყვრიმალში გაარტყა იესოს და უთხრა: „ასე პასუხობ მღვდელმთავარს?“ 23მიუგო იესომ: „თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი, და თუ კარგად – რისთვის მცემ?“ 24და გაგზავნა იგი ანნამ შებოჭილი მღვდელმთავარ კაიაფასთან.
25სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. უთხრეს მას: „შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?“ უარყო და თქვა: „არა ვარ.“ 26უთხრა მას მღვდელმთავრის ერთ-ერთმა მონამ, პეტრემ რომ ყური ჩამოათალა, იმისმა ნათესავმა: „განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში?“ 27პეტრემ კვლავ უარყო და მყისვე მამალმა იყივლა.
28კაიაფასგან იესო პრეტორიუმში წაიყვანეს. ჯერ ადრე იყო და პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შეძლებოდათ. 29გამოვიდა პილატე მათთან გარეთ და თქვა: „რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?“ 30მიუგეს და უთხრეს მას: „ეს რომ ბოროტმოქმედი არ იყოს, არ გადმოგცემდით.“ 31უთხრა მათ პილატემ: „წაიყვანეთ თქვენთან და თქვენი რჯულით განსაჯეთ.“ უთხრეს მას ებრაელებმა: „ჩვენ არავის მოკვლის უფლება არა გვაქვს.“ 32ასე უნდა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. #იო 3:14; 12:32.
33კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, მოუხმო იესოს და უთხრა: „შენ ხარ ებრაელთა მეფე?“ 34მიუგო იესომ: „შენ თვით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?“ 35მიუგო პილატემ: „განა მე ებრაელი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი, რა ჩაიდინე?“ 36მიუგო იესომ: „ჩემი მეფობა არ არის ამ ქვეყნიერებისაგან. ჩემი მეფობა რომ ამ ქვეყნიერებისაგან ყოფილიყო, მაშინ ჩემი მხლებლები იბრძოლებდნენ, რომ ებრაელებს ხელში არ ჩავვარდნოდი. ჩემი მეფობა სააქაო არ არის.“ 37უთხრა მას პილატემ: „მაშ, შენ მეფე ხარ?“ მიუგო იესომ: „შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგანაა, ისმენს ჩემს ხმას.“ 38ეუბნება მას პილატე: „რა არის ჭეშმარიტება?“
ეს თქვა და კვლავ გამოვიდა ებრაელებთან და უთხრა მათ: „ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. 39ხოლო თქვენი ჩვეულება არის, რომ პასექზე ერთი გაგითავისუფლოთ. გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ ებრაელთა მეფე?“ 40და კვლავ აყვირდნენ და თქვეს: „ეს არა, არამედ ბარაბა. ხოლო ბარაბა იყო ყაჩაღი.“

Currently Selected:

John 18: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in