John 19
19
1მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გაამათრახებინა. 2ჯარისკაცებმა დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, და ძოწეულით შემოსეს, 3და მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, ებრაელთა მეფეო! და სახეში სცემდნენ.“ 4კვლავ გამოვიდა პილატე გარეთ და უთხრა მათ: „აჰა, მე გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.“ 5გამოვიდა იესო გარეთ, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი, და უთხრა მათ პილატემ: „აი, ადამიანი!“ 6როდესაც იხილეს იგი მღვდელმთავრებმა და მსახურებმა, იყვირეს: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: „თქვენ თვითონ წაიყვანეთ და აცვით ჯვარს, რადგან მე ვერ ვპოულობ მასში ბრალს.“ 7მიუგეს მას ებრაელებმა: „ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულით უნდა მოკვდეს, რადგან ღმერთის ძედ დასახა თავი.“
8როდესაც მოისმინა პილატემ ეს სიტყვა, უფრო შეეშინდა. 9შევიდა კვლავ პრეტორიუმში და უთხრა იესოს: „საიდან ხარ? მაგრამ იესომ არ გასცა პასუხი.“ 10ეუბნება მას პილატე: „მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ ხელმწიფება მაქვს შენი გათავისუფლებისა და ხელმწიფება მაქვს შენი ჯვარცმისა?“ 11მიუგო იესომ: „არ გექნებოდა არავითარი ხელმწიფება ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ შენს ხელთ ჩემს გადმომცემს უფრო დიდი ცოდვა აქვს.“ 12ამის შემდეგ პილატე შეეცადა მის გათავისუფლებას, მაგრამ ებრაელები აყვირდნენ და თქვეს: „თუ ამას გაათავისუფლებ, არა ხარ კეისრის მეგობარი, რადგან, ვინც მეფედ სახავს თავს, კეისარს ეწინააღმდეგება.“
13პილატემ რომ ეს სიტყვები მოისმინა, იესო გარეთ გამოიყვანა და დაჯდა სამსჯავროს ტახტზე, იმ ადგილას, რომელსაც ქვაფენილი ეწოდებოდა, ებრაულად კი გაბბათა. 14პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი, და უთხრა ებრაელებს: „აჰა, თქვენი მეფე!“ 15მათ კი იყვირეს: „შორს, შორს! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: „თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?“ მიუგეს მღვდელმთავრებმა: „ჩვენ არ გვყავს მეფე, კეისრის გარდა!“ 16მაშინ გადასცა ის მათ ჯვარზე საცმელად.
და წაიყვანეს მათ იესო, 17და ჯვარაკიდებული წავიდა იგი თხემის ადგილას, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია. 18იქ ჯვარს აცვეს იგი და მასთან ერთად ორი სხვაც, აქეთ და იქით, ხოლო შუაში იესო. 19და დაწერა პილატემ წარწერა და მიამაგრა ჯვარს. დაწერილი იყო: „იესო ნაზარეველი, მეფე ებრაელთა.“ 20ბევრი ებრაელი კითხულობდა ამ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად. 21უთხრეს პილატეს ებრაელმა მღვდელმთავრებმა: „ნუ დაწერ: ‘ებრაელთა მეფე,’ არამედ, მან თქვა: ‘მე ვარ ებრაელთა მეფე.’“ 22მიუგო პილატემ: „რაც დავწერე, დავწერე.“ 23ჯარისკაცებმა, როდესაც ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსი და ოთხ წილად გაიყვეს, თითოეულ ჯარისკაცს თავისი წილი ერგო, და კვართი; კვართი კი შეკერილი არ იყო, არამედ იყო თავიდან ბოლომდე ნაქსოვი. 24უთხრეს ერთმანეთს: „ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე, ვნახოთ, ვის შეხვდება.“ რათა აღსრულებულიყო წერილი: „გაიყვეს ჩემი სამოსი, და წილი იყარეს ჩემს კვართზე.“ ჯარისკაცებმაც ასე გააკეთეს. #ფს 21:19.
25იდგნენ იესოს ჯვართან მისი დედა, დედამისის და მარიამი – კლეოპას ცოლი – და მარიამ მაგდალელი. 26იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა, და ეუბნება დედას: „ქალო, აჰა, შენი ძე!“ 27მერე მოწაფეს ეუბნება: „აჰა, დედა შენი!“ და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი.
28ამის შემდეგ, როდესაც დაინახა იესომ, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, თქვა: „მწყურია!“#ფს 21:16; 68:22. 29იდგა იქ ძმრით სავსე ჭურჭელი. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი უსუპზე წამოაცვეს და პირთან მიუტანეს. 30როდესაც მიიღო ძმარი იესომ, თქვა: „აღსრულდა!“ მიიდრიკა თავი და განუტევა სული.
31ებრაელებმა, რაკი პარასკევი იყო, და გვამები შაბათამდე არ უნდა დარჩენილიყო ჯვარზე, რადგან ის შაბათი დიდი დღე იყო, სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. 32მივიდნენ ჯარისკაცები და წვივები გადაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულებს, ერთსაც და მეორესაც. 33იესოსთან მისულებმა, როდესაც დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტვრიეს წვივები. 34მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოვიდა სისხლი და წყალი. 35მხილველმა დაამოწმა ეს და მისი მოწმობა ჭეშმარიტია. მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენ ირწმუნოთ. 36რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: „მისი ერთი ძვალიც არ გატყდება.“ #გამ 12:46; რცხ 9:12; ფს 33:21. 37ასევე სხვა წერილიც ამბობს: „იხილავენ მას, რომელსაც უგმირეს.“ #ზაქ 12:10; გცხ 1:7.
38ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც ებრაელთა შიშის გამო იესოს ფარული მოწაფე იყო, სთხოვა პილატეს, ნება მიეცა გარდამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ დართო ნება. მივიდა იგი და გარდამოხსნა მისი გვამი. 39და მოვიდა ნიკოდემოსიც, ადრე რომ ღამით ეწვია იესოს, და მოიტანა ას ლიტრამდე #19:39 ბერძ. ლიტრა – დაახლ. 327 გრ. მურისა და ალოეს ნაზავი. #იო 3:1,2. 40აიღეს და შეგრაგნეს იესოს სხეული ტილოებში ნელსაცხებლებითურთ, როგორც მოითხოვს ებრაელთა დამარხვის წესი. 41იმ ადგილას, სადაც ჯვარს ეცვა, ბაღი იყო, ბაღში კი ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ დაესვენებინათ. 42იქ დაასვენეს იესო, ებრაელთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.
Currently Selected:
John 19: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013