Acts 1
1
1ჩემი პირველი წიგნი, თეოფილე, შევადგინე ყოველივე იმის შესახებ, რასაც აკეთებდა და ასწავლიდა იესო თავიდან #ლკ 1:1-4. 2იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა. იგი სულიწმიდით მოძღვრავდა მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია 3და რომელთაც ცოცხლად წარუდგინა თავი თავისი ტანჯვის შემდეგ მრავალი სარწმუნო ნიშნით. ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა ღმერთის სასუფეველზე. 4და სანამ მათთან იყო, უბრძანა მათ, არ გასცილებოდნენ იერუსალიმს, არამედ დალოდებოდნენ მამის აღთქმულს, – „როგორც ჩემგან მოისმინეთ,“ თქვა მან – #ლკ 24:49. 5„რადგან იოანე ნათელს სცემდა წყლით, თქვენ კი ნათელს მიიღებთ სულიწმიდით, არცთუ მრავალი დღის შემდეგ.“#მთ 3:11; მრკ 1:8; ლკ 3:16; იო 1:33.
6ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: „უფალო, ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?“ 7უთხრა მათ: „თქვენი საცოდნელი არ არის დროები ან ვადები, რომლებიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით. 8მაგრამ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, და დედამიწის კიდემდე.“#მთ 28:19; მრკ 16:15; ლკ 24:47,48. 9ეს თქვა და სანამ ისინი უყურებდნენ მას, იწყო ცად ამაღლება და ღრუბელმა მოაფარა ის მათ თვალს. #მრკ 16:19; ლკ 24:50,51. 10და როდესაც ისინი იყურებოდნენ ცისკენ, სადაც აღვიდა იგი, აჰა, წარუდგა მათ თეთრებში მოსილი ორი კაცი, 11და უთხრეს: „გალილეველო კაცნო, რატომ დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც ამაღლდა თქვენგან ზეცად, კვლავ იმგვარადვე მოვა, როგორც ზეცად მიმავალი იხილეთ.“
12მაშინ დაბრუნდნენ იერუსალიმში ზეთისხილისად წოდებული მთიდან, რომელიც მდებარეობს იერუსალიმის ახლოს, შაბათის გზაზე. #მთ 10:2-4; მრკ 3:16-19; ლკ 6:14-16. 13და როდესაც მივიდნენ, ავიდნენ ზედა სართულზე, სადაც ცხოვრობდნენ ისინი: პეტრე და იოანე და იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისა. 14ისინი ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ ქალებთან და მარიამთან, იესოს დედასთან, და მის ძმებთან ერთად. 15იმ დღეებში წამოდგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის (იქნებოდა იმ ადგილას ასოცამდე კაცი) და თქვა: 16„ძმებო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, ის, რაც წინასწარ თქვა სულიწმიდამ დავითის პირით იუდაზე, რომელიც წარუძღვა იესოს შემპყრობლებს; 17ის ჩვენ შორის ირიცხებოდა და წილად ჰქონდა ეს სამსახური. 18მან შეიძინა მიწა უსამართლობის საზღაურად. გასივდა და შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეფანტა. #მთ 27:3-8. 19ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისათვის. ასე რომ, მათ საკუთარ ენაზე უწოდეს იმ მიწას ჰაკელდამა ანუ სისხლის მიწა. 20რადგან ფსალმუნთა წიგნში წერია: ‘უდაბნოდ იქცეს მისი სახლ-კარი და ნუ იქნება მასში მკვიდრი’ და ‘მისი სამსახური სხვამ მიიღოს’. #ფს 69:25; ფს 109:8. 21ამგვარად, დაე, იმ კაცთაგან, ვინც მუდამ თან გვახლდნენ, როდესაც ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო, #მთ 3:16; მრკ 1:9; ლკ 3:21; მრკ 16:19; ლკ 24:51. 22იოანესგან ნათლისღებიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, ერთ-ერთი გახდეს ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მაუწყებელი.“ 23და დააყენეს ორი: იოსები, ბარსაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეერქვა და მათიასი. 24ილოცეს და თქვეს: „შენ, უფალო, ყველას გულთამხილველო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც შენ ამოირჩიე, 25რათა მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა და მოციქულობისა, რომელსაც გამოაკლდა იუდა, რათა თავის ადგილზე წასულიყო.“ 26და წილი უყარეს მათ და ერგო წილი მათიასს, და მიეთვალა ის თერთმეტ მოციქულს.
Currently Selected:
Acts 1: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა