Acts 2
2
1ორმოცდამეათე დღე#2:1 პასექის შემდეგ ორმოცდამეათე დღე იყო მოსავლის დღესასწაული იუდეველებისათვის. რომ დგებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას. #ლევ 23:15-21; რჯ 16:9-11. 2და უეცრად შეიქნა ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი. 3და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ დაივანეს ყოველ მათგანზე. 4და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ. 5ხოლო იერუსალიმში მკვიდრობდნენ ღმერთის მოშიში იუდეველნი, ცისქვეშეთის ყველა ერთაგან. 6და როდესაც ეს ხმაური შეიქნა, ბევრმა მოიყარა თავი და გაოცდნენ, რადგან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მათ საკუთარ ენაზე. 7ყველა გაოგნებული იყო და უკვირდა, ამბობდნენ: „განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან? 8როგორ გვესმის თითოეულს ჩვენს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით: 9პართებსა და მიდიელებს, ელამელთ და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოს და ასიის მკვიდრთ, 10ფრიგიისა და პამფილიისა, ეგვიპტისა და კვირინეს ლიბიისა და რომის მოქალაქეებს, 11იუდეველთ და რჯულშეცვლილთ, კრეტელთ და არაბებს, და ვუსმენთ მათ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღმერთის დიად საქმეებზე.“ 12გაოგნებული იყო ყველა და საგონებელში მყოფნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „რას ნიშნავს ეს?“ 13სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, ტკბილი ღვინით დამთვრალანო.
14ხოლო თერთმეტთან ერთად მდგომმა პეტრემ ხმა აღიმაღლა და მიმართა მათ: „იუდეველნო და თქვენ ყველა, ვინც იერუსალიმის მკვიდრნი ხართ, ისმინეთ ეს და ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს: 15არ არიან ესენი მთვრალები, როგორც თქვენ გგონიათ, რადგან დღის მესამე საათია. 16მაგრამ ესაა ის, რაც ითქვა იოელ წინასწარმეტყველის მიერ: 17‘იქნება უკანასკნელ დღეებში, – ამბობს ღმერთი, – გადმოვღვრი ჩემი სულისაგან ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი. და თქვენი ჭაბუკები ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ. #იოლ 2:28-32 (LXX). 18ჩემს მონებზე და ჩემს მხევლებზე გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ. 19ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს, და კვამლის ღრუბლებს. 20მზე წყვდიადად გადაიქცევა და მთვარე სისხლად, სანამ არ დადგება უფლის გამოცხადების დიადი დღე. 21და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.’ 22ისრაელელო კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი, ღმერთისაგან დამოწმებული თქვენთვის ძალებით, სასწაულებითა და ნიშნებით, რომლებიც ღმერთმა მოახდინა მის მიერ თქვენს შორის, როგორც თავადვე იცით, – 23ღმერთის განგებით და წინასწარცოდნით გადაცემული, ის თქვენ ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით. #მთ 27:35; მრკ 15:24; ლკ 23:33; იო 19:18. 24მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი, შეუხსნა რა სიკვდილის ბორკილები და სიკვდილმა ვერ შეძლო მისი შეკავება. #მთ 28:5,6; მრკ 16:6; ლკ 24:5. 25რადგან დავითი ამბობს მასზე: ‘ჩემს წინაშე ვხედავდი ყოველთვის უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე. #ფს 16:8-11 (LXX). 26ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და გამხიარულდა ჩემი ენა, ჩემი ხორციც კი სასოებით იშვებს. 27რადგან არ მიატოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმიდას ხრწნილების სახილველად. 28შენ შემაცნობინე სიცოცხლის გზა, სიხარულით აღმავსებ შენს წინაშე.’ 29კაცნო, ძმანო, სარწმუნოდ გეტყვით მამამთავარ დავითზე, რომ ის აღესრულა და დაიკრძალა, და დღევანდლამდე ჩვენს შორისაა მისი სამარხი. 30მაგრამ რაკი წინასწარმეტყველი იყო, იცოდა, რომ ფიცით შეჰფიცა მას ღმერთმა, რომ მისი საზარდულის ნაყოფს დასვამდა მის ტახტზე. #ფს 132:11; 2მფ 7:12,13. 31მან წინასწარხედვით ილაპარაკა ქრისტეს აღდგომაზე, რომ მიტოვებული არ იქნა ჯოჯოხეთში და მის ხორცს არ უხილავს ხრწნილება. 32ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ. 33ამგვარად, ღმერთის მარჯვენით ამაღლებულმა მამისაგან მიიღო სულიწმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ. 34დავითი არ ამაღლებულა ზეცად, რადგან თავად ამბობს: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, #ფს 110:1. 35ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფეხთა კვარცხლბეკად.’ 36ამრიგად, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.“ 37ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და უთხრეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: „როგორ მოვიქცეთ, ძმებო?“ 38ხოლო პეტრემ უთხრა მათ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს. 39რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს და ყველა შორეულსაც, ვისაც კი მოუხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.“ 40და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: „იხსენით თავი ამ გარყვნილი თაობისაგან.“ 41და ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლა. იმ დღეს შეემატა 3 ათასამდე სული. 42და იყვნენ ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვებში.
43ყოველი სული შიშით იყო მოცული, რადგან მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ. 44ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. #საქ 4:32-35. 45ქონებას და სარჩო-საბადებელს ყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, ვისაც რა ესაჭიროებოდა. 46დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იმყოფებოდნენ, სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საზრდოს სიხარულით და გულუბრალოებით. 47აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხისთვის სათნონი იყვნენ. უფალი კი დღითი დღე შესძენდა ეკლესიას მათ, ვინც ჰპოვა ხსნა.
Currently Selected:
Acts 2: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა