Acts 10
10
1იყო ერთი კაცი კესარიაში, სახელად კორნელიუსი, იტალიურად წოდებული რაზმის ასისთავი. 2კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო ის მთელს თავის სახლთან ერთად, მოწყალებას უხვად გასცემდა ხალხისათვის და მუდამ ლოცულობდა ღმერთის წინაშე. 3და ასე, დღის მეცხრე საათზე, იხილა მან ჩვენებაში ცხადად ღმერთის ანგელოზი, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: „კორნელიუს!“ 4მიაპყრო მას მზერა და შეშინებულმა თქვა: „რა არის, უფალო?“ უთხრა მას: „შენი ლოცვები და მოწყალებანი აღვიდა ღმერთის წინაშე და გაგიხსენა შენ. 5ახლა მიავლინე კაცები იაფოში და დაუძახე ვინმე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება. 6იგი სტუმრად არის ვინმე სიმონ მეტყავესთან, რომლის სახლი ზღვის პირას დგას.“ 7როცა გაშორდა მასთან მოსაუბრე ანგელოზი, მან დაუძახა თავის ორ სახლეულს და ერთ კეთილმსახურ მეომარს, რომელიც თან ახლდა, 8უამბო მათ ყოველივე და გაგზავნა იაფოში. 9მეორე დღეს, როცა ისინი გზაში იყვნენ და ქალაქს უახლოვდებოდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად; იქნებოდა, ასე, ექვსი საათი. 10მოშივდა და ჭამა მოუნდა. და ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, გარინდებამ მოიცვა იგი 11და იხილა გახსნილი ცა და გარდამომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, რომელიც ოთხი კიდით ჩამოკიდებული ეშვებოდა მიწაზე. 12მასში იყო მიწის ყოველნაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი. 13და იყო ხმა მის მიმართ: „ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.“ 14პეტრემ თქვა: „არა, უფალო, არასოდეს არაფერი მიჭამია შებილწული და უწმიდური.“ 15მეორედ კვლავ იყო მის მიმართ ხმა: „რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად.“ 16ასე მოხდა სამგზის და ჭურჭელი მყისვე ცად ამაღლდა. 17და როდესაც პეტრე საგონებელში იყო ჩავარდნილი, თუ რა იყო ეს ჩვენება, რომელიც მან იხილა, – კორნელიუსის გამოგზავნილი კაცები უკვე ჭიშკართან იდგნენ, მათ კითხვით მიეგნოთ სიმონის სახლისათვის, 18დაიძახეს და იკითხეს: „აქ ხომ არ არის სტუმრად სიმონი, პეტრედ წოდებული?“ 19ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, უთხრა მას სულმა: „აგერ, სამი კაცი გეძებს შენ. 20ახლა ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ. არ იყოყმანო, რადგან მე მოვავლინე ისინი.“ 21ჩავიდა პეტრე იმ კაცებთან და უთხრა: „აჰა, მე ვარ, ვისაც ეძებთ. რისთვის მოსულხართ?“ 22მათ თქვეს: „ასისთავ კორნელიუსს, მართალს და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მოგიხმოს თავის სახლში და შენგან მოისმინოს სიტყვები.“ 23მაშინ მიიწვია ისინი და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და წავიდა მათთან ერთად. ზოგიერთი იაფოელი ძმაც თან ახლდა მას. 24მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. კორნელიუსი ელოდა მათ, შემოეკრიბა თავისი ნათესავები და უახლოესი მეგობრები. 25როდესაც შედიოდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება მას, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა. 26პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც კაცი ვარ.“ 27და მასთან საუბრით შევიდა და მრავალი შეკრებილი ჰპოვა იქ. 28უთხრა მათ: „თქვენ უწყით, რომ იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და სტუმრობა უცხოთესლთან. მაგრამ მე მიჩვენა ღმერთმა, რომ არც ერთ ადამიანზე არ მეთქვა შებილწული ან უწმიდური. 29ამიტომაც, როდესაც მომიხმეს, დაუბრკოლებლად მოვედი. ამიტომ გეკითხებით, რა საქმეზე დამიძახეთ?“ 30კორნელიუსმა თქვა: „ოთხი დღის წინ, სწორედ ამ დროს, მეცხრე საათზე, ჩემს სახლში ვლოცულობდი. და, აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით 31და თქვა: ‘კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალებანი მოხსენებულია ღმერთის წინაშე. 32ახლა გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება. მეტყავე სიმონის სახლში დგას, ზღვის პირას.’ 33მაშინვე გამოვაგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ჩვენ ყველანი ვდგავართ ღმერთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისაგან გაქვს ნაბრძანები.“
34გახსნა პეტრემ ბაგე და თქვა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, #რჯ 10:17. 35არამედ ყოველ ერში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის. 36მან მოუვლინა ისრაელის შვილებს სიტყვა და ახარა მშვიდობა იესო ქრისტეს მეშვეობით, ის არის ყოველთა უფალი. 37თქვენ იცით, რა მოხდა მთელს იუდეაში, გალილეიდან დაწყებული, იმ ნათლისცემის შემდეგ, რომელსაც ქადაგებდა იოანე. 38როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. როგორ დადიოდა, სიკეთეს იქმოდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან დათრგუნულებს, რადგან ღმერთი იყო მასთან. 39ჩვენ ყველაფრის მოწმენი ვართ, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანაში და იერუსალიმში, და რომ ბოლოს იგი მოკლეს ძელზე ჩამოკიდებით. 40ხოლო ღმერთმა აღადგინა იგი მესამე დღეს და გამოაცხადებინა თავი, 41არა მთელი ხალხისთვის, არამედ ღმერთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეთათვის, ჩვენთვის, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. 42მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და დავუმოწმოთ, რომ ის არის ღმერთისგან განწესებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯული. 43მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას.“
44ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა. 45მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ, 46რადგან ესმოდათ, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ თქვა პეტრემ: 47„ვის შეუძლია წყლით ნათლისცემა დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღო სულიწმიდა?“ 48და უბრძანა მათ, მონათლულიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს მას, დარჩენილიყო მათთან რამდენიმე დღეს.
Currently Selected:
Acts 10: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა