YouVersion Logo
Search Icon

Acts 4

4
1როდესაც ისინი ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს დაადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის უფროსი და სადუკეველნი, 2გაბრაზებულნი იმის გამო, რომ ისინი ასწავლიდნენ ხალხს და უქადაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას. 3და დაადეს მათ ხელი და დაცვას ჩააბარეს მეორე დღემდე, რადგან უკვე საღამო იყო. 4ბევრმა კი, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა. და მათმა რიცხვმა 5 ათასამდე მიაღწია. 5მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავრები, უხუცესები და მწიგნობრები, 6და მღვდელმთვარი ანნა და კაიაფა, და იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვებიც მღვდელმთავრის მოდგმიდან. 7შუაში ჩაიყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: „რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?“ 8მაშინ პეტრემ, სულიწმიდით აღვსილმა, უთხრა მათ: „ხალხის მთავარნო და უხუცესნო, 9თუ დღეს ჩვენ მოგვეთხოვება პასუხი ამ უძლური კაცისათვის გაწეულ სიკეთეზე, თუ როგორ განიკურნა იგი, 10ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისათვის, რომ იგი თქვენს წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტეს, ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით. 11ეს არის ქვა, რომელიც უკუაგდეთ თქვენ, მშენებლებმა, და ქვაკუთხედად იქცა. #ფს 118:22. 12სხვაში არავისშია ხსნა, და არ არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.“ 13როდესაც დაინახეს პეტრესა და იოანეს ასეთი სიმტკიცე და მიხვდნენ, რომ ისინი უწიგნური და უბრალო ადამიანები არიან, გაუკვირდათ. იცოდნენ კი, რომ ისინი იესოსთან ნამყოფები იყვნენ. 14ხოლო მათთან მდგომ განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, სათქმელი აღარაფერი ჰქონდათ. 15უბრძანეს მათ სინედრიონიდან გასვლა და ერთმანეთში დაიწყეს თათბირი. 16თქვეს: „რა ვუყოთ ამ ადამიანებს? მათ მიერ რომ მოხდა ეს ცხადი სასწაული, ცნობილია იერუსალიმის ყოველი მკვიდრისთვის და ამის უარყოფა არ შეგვიძლია. 17მაგრამ უფრო მეტად რომ არ გახმაურდეს ხალხში, დავემუქროთ მათ, რომ არავის აღარ დაელაპარაკონ ამ სახელით.“ 18დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით. 19მაგრამ პეტრემ და იოანემ მიუგეს და უთხრეს: „განსაჯეთ, განა მართებულია ღმერთის წინაშე, თქვენ უფრო გისმინოთ, ვიდრე ღმერთს? 20ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ.“ 21ხოლო ისინი დაემუქრნენ მათ და გაუშვეს, რადგან ვერ პოულობდნენ მიზეზს მათ დასასჯელად ხალხის გამო, რადგან ყველა ადიდებდა ღმერთს მომხდარისათვის. 22რადგან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, რომელზეც მოხდა ეს განკურნების სასწაული.
23ისინი კი, როდესაც გაუშვეს, მივიდნენ თავისიანებთან და უამბეს, რა უთხრეს მათ მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა. 24მათ რომ მოუსმინეს, ერთსულოვნად მიმართეს ღმერთს და თქვეს: „ღმერთო, შემოქმედო ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია; #გამ 20:11; ნეე 9:6; ფს 146:6. 25რომელმაც ჩვენი მამის – შენი მსახურის, დავითის – ბაგეს ათქმევინე სულიწმიდით: ‘რად შფოთავენ წარმართნი და ხალხები განიზრახავენ ამაოებას? #ფს 2:1,2 (LXX). 26აღდგნენ დედამიწის მეფენი და მთავრები ერთად შეიკრიბნენ უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ.’ 27რადგან ნამდვილად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად, #ლკ 23:7-11; მთ 27:1,2; მრკ 15:1; ლკ 23:1; იო 18:28,29. 28რომ ექნათ ის, რისი მოხდენაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ნებამ. 29ახლა კი, შეხედე, უფალო, მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს ძალა, მთელი სიმტკიცით ილაპარაკონ შენი სიტყვა, 30როდესაც გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად და ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.“ 31და როდესაც ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც იყვნენ შეკრებილნი. და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და მტკიცედ ამბობდნენ ღმერთის სიტყვას.
32ყველა მორწმუნეს ერთი გული და ერთი სული ჰქონდა და თავის ქონებას არავინ თავისად არ თვლიდა, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ. #საქ 2:44,45. 33დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალი იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყოველ მათგანზე. 34არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, რადგან ყველა, ვისაც ყანები ან სახლები ჰქონდა, ყიდდა და გაყიდულის საფასური მოჰქონდა 35და დებდა მოციქულთა ფეხთით, და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა ესჭიროებოდა. 36ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა ბარნაბა შეარქვეს (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება), ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა, 37გაყიდა თავისი ყანა, ფული მოიტანა და მოციქულთა ფეხთით დადო.

Currently Selected:

Acts 4: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in