YouVersion Logo
Search Icon

Acts 5

5
1ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საპფირასთან ერთად გაყიდა მიწის ნაკვეთი 2და გადამალა საფასურიდან – ეს მისმა ცოლმაც იცოდა – რაღაც ნაწილი კი მოიტანა და დადო მოციქულთა ფეხთით. 3უთხრა პეტრემ: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ სულიწმიდის მოსატყუებლად და გადამალე მიწის საფასური? 4სანამ გაყიდიდი, შენი არ იყო? და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რატომღა ჩაიდე ეს საქმე გულში? ადამიანებს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.“ 5როცა ეს სიტყვები მოისმინა ანანიამ, დაეცა და სული განუტევა. დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც ეს გაიგო. 6ადგნენ ჭაბუკები, შესუდრეს იგი, გაიტანეს და დამარხეს. 7განვლო სამიოდე საათმა და შევიდა მისი ცოლიც, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. 8ჰკითხა მას პეტრემ: „მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?“ თქვა: „დიახ, ამდენად.“ 9პეტრემ კი უთხრა მას: „რატომ შეითქვით, უფლის სულის გამოსაცდელად? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხები და შენც გაგიტანენ.“ 10დაეცა იგი უცბად მის ფეხებთან და სული განუტევა. როდესაც ჭაბუკები შემოვიდნენ, ნახეს ის მკვდარი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს. 11დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვინც ეს გაიგო.
12მოციქულთა ხელით მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და იყვნენ ყველანი ერთსულოვნად სოლომონის სტოაში. 13დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა, შეერთებოდა მათ, მაგრამ ხალხი აქებდა მათ. 14სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები, მრავალი კაცი და ქალი. 15ისე რომ, ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და სარეცლებზე აწვენდნენ, ვინძლო ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდა რომელიმე მათგანს. 16დიდძალი ხალხი შეიკრიბა იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ სნეულები და უწმიდური სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.
17ადგა მღვდელმათავარი და ყველა მასთან მყოფი, რომლებიც სადუკეველთა დასს ეკუთვნოდნენ და შურით აღვსილებმა 18დაადეს ხელი მოციქულებს და საერთო საპატიმროში ჩასხეს. 19მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და თქვა: 20„წადით და დადექით ტაძარში და განუცხადეთ ხალხს სიცოცხლის ყოველი მცნება.“ 21ეს რომ მოისმინეს, განთიადისას შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. როდესაც მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელის ძეთა მთელი უხუცესობა და მსახურნი გაგზავნეს სატუსაღოში მათ მოსაყვანად. 22მსახურნი რომ მივიდნენ, ვერ ნახეს ისინი საპყრობილეში, უკან გამობრუნდნენ და მოახსენეს, 23თქვეს: „სატუსაღო საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვხვდა და მცველები კარებთან იდგნენ. რომ გავაღეთ, შიგ ვერავინ ვნახეთ.“ 24ეს სიტყვები რომ მოისმინეს, ტაძრის უფროსი და მღვდელმთავარი საგონებელს მიეცნენ, რა უნდა მომხდარიყო. 25მივიდა ვიღაც და მოახსენა მათ: „აგერ ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაამწყვდიეთ, ტაძარში დგანან და ასწავლიან ხალხს.“ 26მაშინ წავიდა უფროსი მხლებლებთან ერთად და მოიყვანა ისინი დაუძალებლად, რადგან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო. 27მოიყვანეს და დააყენეს სინედრიონის წინაშე, და ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა 28და უთხრა: „ხომ აგიკრძალეთ, არ გესწავლებინათ ამ სახელით. და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს ჩვენ.“ #მთ 27:25. 29მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანების. 30ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ მოკალით ძელზე ჩამოკიდებით. 31იგი ღმერთმა წინამძღვრად და მაცხოვრად აღამაღლა თავისი მარჯვენით, რომ მიეცეს ისრაელს მონანიება და ცოდვების მიტევება. 32და ჩვენ მოწმენი ვართ ამ სიტყვებისა, ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც ღმერთმა მისცა თავის მორჩილთ.“ 33ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მოინდომეს მათი დახოცვა. 34მაშინ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივდებული და ბრძანა, მოციქულები მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ 35და უთხრა მათ: „ისრაელელნო კაცნო, დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ადამიანებს. 36რადგან ამ დღეების წინ გამოჩნდა თევდა და თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა. ოთხასამდე კაცი გაჰყვა მას, მაგრამ ის მოკლეს და ყველანი, ვინც მორჩილებდნენ მას, გაიფანტნენ და არარად იქცნენ. 37ამის შემდეგ, აღწერის დროს, გამოჩნდა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი გაიყოლა. ისიც დაიღუპა და ყველანი, ვინც მას მორჩილებდნენ, გაიფანტნენ. 38ახლა გეუბნებით თქვენ: დაანებეთ თავი ამ ადამიანებს და გაუშვით ისინი, რადგან, თუ ადმიანისაგან არის ეს ზრახვა ან საქმე, ჩაიფუშება. 39ხოლო თუ ღმერთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ ღმერთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ.“ დაუჯერეს ეს. 40დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს. 41გავიდნენ ისინი სინედრიონიდან გახარებულნი, რომ მისი სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ. 42ყოველ დღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოზე.

Currently Selected:

Acts 5: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in