YouVersion Logo
Search Icon

Genesis 18

18
1და გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხასთან, კარვის წინ, შუადღის პაპანაქებაში მჯდომს. 2გაიხედა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო. დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და მდაბლად თაყვანი სცა მათ.#ებრ 13:2. 3და უთხრა: „ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ ჩაუვლი შენს მსახურს! 4მოვატანინებ ცოტა წყალს და დაგბანენ ფეხს, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში. 5ლუკმა პურს მოვიტან და დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მსახურის კარზე გამოიარეთ!“ და უთხრეს: „გააკეთე, რასაც ამბობ!“ 6და სწრაფად მივიდა აბრაამი სარას კარავთან, და უთხრა: „აბა, საჩქაროდ სამი საწყაო გამტკიცული ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე!“ 7შემდეგ ნახირისკენ გაიქცა აბრაამი და აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, და მისცა იგი თავის მსახურს, და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის გამზადებას. 8გამოუტანათ ერბო და რძე, და გამზადებული ხბო, და წინ დაუწყო. ხოლო თვითონ იდგა მათ გვერდით, ხის ქვეშ, ვიდრე ისინი ჭამდნენ.
9და ჰკითხეს მას: „სად არის სარა, შენი ცოლი?“ და უპასუხა მან: „აქვეა, კარავში.“ 10შემდეგ უთხრა მას ერთმა მათგანმა: „გაისად ამ დროს ნამდვილად დავბრუნდები შენთან. და ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს.“#რომ 9:9. სარა კარვის კარს უკან იდგა და ყველაფერი ესმოდა. 11და მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი. დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას. 12და გაეცინა გულში სარას და თქვა: „რა სიამე უნდა განვიცადო, როცა უკვე დავბერდი? და ჩემი ქმარიც მოხუცებულია.“#1პტ 3:6. 13და უთხრა უფალმა აბრაამს: „რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო? 14უფლისთვის ხომ შეუძლებელი არაფერია? დათქმულ ჟამს დავბრუნდები შენთან, გაისად, და სარას უკვე ძე ეყოლება.“#ლკ 1:37. 15და უარყო სარამ და თქვა: არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. და უპასუხეს მას: „არა, შენ გაიცინე!“
16და ადგნენ იქიდან ეს კაცები, და მზერა მიაპყრეს სოდომს. და აბრაამი გაჰყვა მათ გასაცილებლად. 17და თქვა უფალმა: „დავუფარო აბრაამს, რის გაკეთებასაც ვაპირებ? 18აბრაამი ხომ დიდი და ძლიერი ხალხი გახდება, ქვეყნის ყველა ხალხი კურთხეული იქნება მისით, 19რადგან ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ – იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა შეუსრულოს უფალმა აბრაამს, რასაც შეჰპირდა.“ 20და თქვა უფალმა: „გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორაზე და ძალზე დამძიმდა მათი ცოდვები. 21ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაღწია.“
22და გაემართნენ ეს კაცები იქიდან სოდომისაკენ. აბრაამი კი ჯერ კიდევ იდგა უფლის წინაშე.#18:22 სხვა ძველი ტრადიციით: უფალი ჯერ კიდევ იდგა აბრამის წინ 23და მიეახლა აბრაამი უფალს და უთხრა: „ნუთუ მართალ კაცს უკეთურთან ერთად დაღუპავ? 24ეგების იყოს 50 მართალი ამ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს იქ მყოფი 50 მართლის გამო? 25შორს შენგან ეს საქმე, რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო, და მართალსაც ის ეწიოს, რაც უკეთურს! შორს შენგან! არ ეგების, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა უსამართლოდ განსაჯოს!“ 26და უთხრა უფალმა: „თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.“ 27მიუგო მას აბრაამმა: „აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი მე, მტვერმა და ნაცარმა: 28ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ მაინც დაღუპავ ქალაქს?“ და უთხრა უფალმა: „არ დავღუპავ, თუ ვპოვებ იქ ორმოცდახუთს.“ 29და განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: „40 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გამო.“ 30და თქვა აბრაამმა: „ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: 30 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ იქ ოცდაათს.“ 31კვლავ უთხრა მას: „აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი. 20 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არ დავღუპავ იმ ოცის გამო.“ 32და თქვა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: „10 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არც იმ ათის გამო დავღუპავ.“ 33და წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. და აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილზე.

Currently Selected:

Genesis 18: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in