YouVersion Logo
Search Icon

Genesis 40

40
1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის ფარაონის მწდემ და მეპურემ შესცოდეს თავიანთი ბატონის, ეგვიპტის მეფის წინაშე. 2განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს: მწდეს და მეპურეს. 3და ჩაყარა ისინი საპყრობილეში, მცველთა უფროსის სახლში, სადაც იოსები იყო დამწყვდეული. 4მცველთა უფროსმა მიუჩინა მათ იოსები, და ის ემსახურებოდა მათ. და ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში. 5ერთ ღამეს ესიზმრა ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი, საკუთრივ ასახსნელი სიზმარი, ფარაონის მწდეს და მეპურეს, საპყრობილეში რომ იყვნენ დამწყვდეულნი. 6და მივიდა დილით მათთან იოსები და ნახა, რომ შეწუხებულები იყვნენ. 7და ჰკითხა მან ფარაონის კარისკაცებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის საპყრობილეში: „რატომ ჩამოგტირით სახე დღეს?“ 8და უთხრეს მას: „სიზმარი ვნახეთ და არავინაა, რომ აგვიხსნას.“ და უთხრა მათ იოსებმა: „განა ღვთისაგან არ არის ახსნა? აბა, მიამბეთ.“
9და უამბო მწდემ თავისი სიზმარი იოსებს, და უთხრა: „ვხედავ, სიზმარში ვაზია ჩემს წინ. 10და ვაზზე სამი ლერწია. და როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო კვირტები და დამწიფდა ყურძენი. 11და ფარაონის თასი მიპყრია ხელთ. და მოვწყვიტე მტევნები, ჩავწურე თასში და მივართვი ფარაონს.“ 12და უთხრა მას იოსებმა: „აჰა, მისი ახსნა: სამი ლერწი სამი დღეა. 13სამი დღის შემდეგ ფარაონი აგამაღლებს და დაგაბრუნებს შენს თანამდებობაზე. და ხელში მიაწვდი ფარაონს თასს უწინდებურად, როცა მისი მწდე იყავი. 14ოღონდ გამიხსენე, როცა კარგად წაგივა საქმე, მიყავი სიკეთე, და გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან, 15რადგან მოპარული ვარ ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია ისეთი, დილეგში რომ ჩამაგდეს.“
16და დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კეთილად ახსნა იოსებმა სიზმარი და უთხრა მას: „მეც ვნახე სიზმარი: აჰა, სამი დაწნული კალათა მადგას თავზე, 17და ზემო კალათაში ფარაონის ყოველგვარი სანოვაგეა, ხაბაზის ნახელავი, და ფრინველები ძიძგნიან მას ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან.“ 18და მიუგო იოსებმა და უთხრა: „ესაა მისი ახსნა: სამი კალათა სამი დღეა. 19სამი დღის შემდეგ ფარაონი შენც აგამაღლებს, ოღონდ ხეზე ჩამოკიდებით და ფრინველები გამოგიჭამენ ხორცს.“
20მესამე დღეს, ფარაონის დაბადების დღეს, გაუმართა ფარაონმა ნადიმი თავის მსახურთ და გაიხსენა თავისი მწდე და მეპურე. 21და დააბრუნა მწდე თავისსავე ადგილზე, და იგი კვლავ აწვდიდა თასს ფარაონს; 22ხოლო მეპურეთუხუცესი ხეზე ჩამოჰკიდა, როგორც აუხსნა მას იოსებმა. 23და არ გახსენებია მწდეს იოსები, დაივიწყა იგი.

Currently Selected:

Genesis 40: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in