დაბ. 4
4
კაენი და აბელი
1და ადამმა შეიცნო ევა, თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ევა და შვა კაენი, და თქვა: „უფლის წყალობით შემეძინა კაცი.“
2და შემდგომ შვა აბელი, ძმა მისი. და გახდა აბელი მწყემსი, ხოლო კაენი მიწის მუშაკი.
3და გავიდა ხანი და მიართვა კაენმა მიწის ნაყოფთაგან ძღვენი უფალს.
4ასევე აბელმაც მიართვა უფალს თავისი ცხვრების პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან. და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს.
5და კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა, და ძალზე ეწყინა კაენს, და მოეღუშა სახე.
6და ჰკითხა უფალმა კაენს: „რა გეწყინა? რად მოგიღუშავს სახე?
7თუ სიკეთეს სჩადიხარ, ხომ დაგიფასდება? ხოლო თუ სიკეთეს არ სჩადიხარ, მაშინ კარებთან დაგელოდება შენი ცოდვა. და შენკენ იქნება მისი სწრაფვა, მაგრამ შენ იბატონებ მასზე.“
8და ელაპარაკა კაენი აბელს, თავის ძმას, როცა ისინი ველად იყვნენ და აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა იგი.
9და ჰკითხა უფალმა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?“ და უპასუხა მან: „არ ვიცი. განა მე ჩემი ძმის დარაჯი ვარ?“
10და უთხრა უფალმა: „ეს რა ჰქენი! შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მიწიდან!
11ამიერიდან წყეული იყავ შენ მიწისაგან, რომელმაც გახსნა თვისი პირი შენი ძმის სისხლის შენი ხელიდან მისაღებად.
12რადგან დაამუშავებ მიწას, ის კი არ მოგცემს შენ ძალას. მოხეტიალე და მაწანწალა იქნები მიწაზე!“
13და უთხრა კაენმა უფალს: „დიდია ცოდვა ჩემი, მიუტევებელია!
14მაძევებ დღეს მე პირისაგან მიწისა და შენი პირისაგან, დავიმალები და ვიქნები მოხეტიალე და მაწანწალა მიწაზე; და ყოველი მნახველი ჩემი მომკლავს მე.“
15და თქვა უფალმა: „ყოველი მკვლელი კაენისა შვიდგზის იქნება შურისგებული.“ და დაადვა უფალმა ნიშანი კაენს, რომ არ მოეკლა იგი ყოველ მის მპოვნელს.
16და გასცილდა კაენი უფლის პირს და დაემკვიდრა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
17და შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი, და იგი დაორსულდა და შვა ხანოქი. და გააშენა მან ქალაქი და უწოდა სახელი ამ ქალაქს, როგორც თავის ძეს, ხანოქი.
18და შვა ხანოქმა ყირადი, და ყირადმა შვა მეხუაელი, და მეხუაელმა შვა მეთუშაელი და მეთუშაელმა შვა ლამექი.
19და მოიყვანა ლამექმა თავისთვის ორი ცოლი: სახელი ერთისა იყო ყადა, ხოლო მეორისა – ცილა.
20და ეყოლა ყადას იაბალი. იგი იყო კარვებში მკვიდრთა და მეჯოგეთა მამა.
21და მის ძმას ერქვა იუბალი. იგი იყო მამა ყველა მეჩანგეთა და მესტვირეთა.
22და ცილამ, აგრეთვე, უშვა თუბალ-კაენი, მჭედელი სპილენძისა და რკინის ყოველგვარი საჭურვლისა. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა.
23და უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: „ყადა და ცილა, მისმინეთ მე! ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ნათქვამი ჩემი! რადგან მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი – ჩემდა საგვემელად.
24თუ კაენისთვის შვიდგზის იქნება შურისგებული, ლამექისთვის – სამოცდაათჯერ შვიდგზის!“
25და კვლავ შეიცნო ადამმა თავისი დედაკაცი. და შვა ვაჟი და უწოდა მას შეთი, რადგან, როგორც ევამ თქვა: „აღმიდგინა მე ღმერთმა შთამომავლობა, კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად.“
26და შეთსაც შეეძინა ძე, და უწოდა მას სახელად ენოში. და მაშინ დაიწყეს უფლის სახელის მოხმობა.
Zur Zeit ausgewählt:
დაბ. 4: GEO02
Markierung
Teilen
Kopieren
Möchtest du deine gespeicherten Markierungen auf allen deinen Geräten sehen? Erstelle ein kostenloses Konto oder melde dich an.
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002