YouVersion Logo
Search Icon

Genesis 25

25
1და კიდევ ითხოვა აბრაამმა ცოლი, სახელად კეტურა. 2და მან უშვა მას: ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი. 3იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი. 4ძენი მიდიანისა: ეფა, ყეფერი, ენოქი, აბიდაყი და ელდაყა. ყველა ესენი კეტურას შვილები იყვნენ. 5და მისცა აბრაამმა ისააკს მთელი თავისი ქონება. 6ხოლო თავის შვილებს, რომლებიც ხარჭასგან ჰყავდა, მისცა აბრაამმა საჩუქრები და თავის სიცოცხლეშივე მოაშორა ისინი ისააკს, თავის ძეს და გაუშვა აღმოსავლეთის ქვეყანაში.
7იციცხლა აბრაამმა 175 წელი. 8და გარდაიცვალა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და სიცოცხლით გამაძღარი. და შეერთო ის თავის წინაპართ. 9და დამარხეს იგი ისააკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოხარის ძისეულ მინდორზე, რომელიც მდებარეობს მამრეს ახლოს, 10მინდორზე, რომელიც ხეთელთაგან იყიდა აბრაამმა, იქ დაიმარხნენ აბრაამი და სარა, მისი ცოლი.#დაბ 23:3-16. 11აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისააკი, მისი ძე. და დასახლდა ისააკი ბეერ-ლახაი-როის გვერდით.
12ეს არის შთამომალობა ისმაელისა, აბრაამის ძისა, რომელიც უშვა აბრაამს ჰაგარმა, სარას ეგვიპტელმა მხევალმა. 13ეს არის ისმაელის ძეთა სახელები თავიანთ მოდგმათა მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, შემდეგ კედარი, აბდეელი და მიბსამი, 14მიშმაყი, დუმა, მასა, 15ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა. 16ესენი არიან ძენი ისმაელისა, და ეს იყო სახელები მათი მათ დაბებსა და ბანაკებში, 12 მთავარი თავ-თავისი ტომების მიხედვით. 17და იცოცხლა ისმაელმა 137 წელი და გარდაიცვალა, და შეერთო თავის წინაპართ. 18მისი მოდგმა სახლობდა ხავილადან შურამდე, რომელიც ეგვიპტის გასწვრივ იყო, აშურის მიმართულებით. ყველა ისინი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ.
19და აჰა, მოდგმა ისააკისა, აბრაამის ძისა. აბრაამმა შვა ისააკი. 20და ისააკი იყო 40 წლისა, როცა შეირთო ცოლად რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა, ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და. 21და ევედრებოდა ისააკი უფალს თავისი ცოლისათვის, რადგან ბერწი იყო იგი. და ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი. 22მაგრამ ეხლებოდნენ ძენი ერთმანეთს მის მუცელში, და მან თქვა: „თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ?“ და წავიდა უფალთან საკითხავად. 23და უთხრა მას უფალმა: #რომ 9:12.„ორი ხალხია შენს მუცელში და ორი ტომი გამოვა შენი წიაღიდან, და ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროსს დაემონება.“
24და დაუდგა რებეკას ჟამი მშობიარობისა, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში. 25გამოვიდა პირმშო: მთლად წითური, თითქოს ბეწვის ქურქით შემოსილი, და უწოდეს მას სახელად ესავი. 26მერე გამოვიდა მისი ძმა, რომელიც ხელით ებღაუჭებოდა ესავს ქუსლზე. და უწოდეს მას სახელად იაკობი. და 60 წლისა იყო ისააკი მათი შობისას.
27და როცა წამოიზარდნენ ყმაწვილები, გახდა ესავი მარჯვე მონადირე, ველების კაცი. იაკობი კი სათნო კაცი იყო და იჯდა კარვებში. 28უყვარდა ისააკს ესავი, რადგან მისი ნანადირევი ეგემრიელებოდა. რებეკას კი იაკობი უყვარდა.
29ერთხელ, როცა იაკობმა შეჭამადი მოამზადა, ესავი დაღლილი დაბრუნდა ველიდან. 30და უთხრა ესავმა იაკობს: „შემახვრეპინე ეგ წითელი შეჭამადი, რადგან დაღლილი ვარ“ (ამიტომაც ეწოდა მას სახელად ედომი). #25:30 ედომი: დაბადების წიგნის მიხედვით ესავი ედომელთა ტომის წინაპარია. ებრ. ‘ედომი’ ჟღერადობით ახლოა სიტყვასთან ‘წითელი’ 31და უთხრა იაკობმა: „დღესვე გაგიცვლი შენს პირმშოობაში.“ 32და თქვა ესავმა: „სიკვდილის პირას ვარ და რაღად მინდა პირმშოობა?“ 33უთხრა მას იაკობმა: „შემომფიცე მე დღეს.“ და მანაც შეჰფიცა, რომ უთმობდა თავის პირმშოობას.#ებრ 12:16. 34და მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამადი, და ჭამა და სვა ესავმა, და ადგა და წავიდა. ასე არად ჩააგდო ესავმა თავისი პირმშოობა.

Currently Selected:

Genesis 25: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in