YouVersion Logo
Search Icon

Genesis 34

34
1და გამოვიდა იმ ქვეყნის ასულთა სანახავად დინა, ლეას ასული, რომელიც მან უშვა იაკობს. 2დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, და წაიყვანა ის, და დაწვა მასთან ძალით. 3და აღარ ისურვა დინასთან, იაკობის ასულთან, განშორება;#34:3 ებრ. ტექსტში არის იდიომა, რომელიც დაახლოებით ნიშნავს ‘მიეკრო სული მისი დინას’ შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ტკბილად ელაპარაკა მას.#34:3 ებრ. იდიომა, რომელიც შესაძლოა ასე ითარგმნოს: ‘მის გულს ელაპარაკა.’ 4და უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: „ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი!“
5იაკობმა გაიგო, რომ წაბილწეს დინა, მისი ასული. მაგრამ რაკი მისი ძენი მინდვრად იყვნენ საქონელში, ჩუმად იყო მათ მოსვლამდე. 6და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ. 7და როცა იაკობის ვაჟები მოვიდნენ მინდვრიდან და ეს გაიგეს, ძლიერ განრისხდნენ და შეწუხდნენ, რადგან სისაძაგლე გაუკეთა მან ისრაელს იაკობის ასულთან დაწოლით; არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.
8ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: „მიეცით ცოლად თქვენი ასული, რადგან შექემს, ჩემს ძეს, მთელი სულით სურს იგი. 9დაგვიმოყვრდით, მოგვეცით ჩვენ თქვენი ასულები, ჩვენი ასულები კი თქვენ წაიყვანეთ. 10ჩვენთან დასახლდით, და ეს ქვეყანა თქვენ წინაშე იქნება. იცხოვრეთ და მოიხმარეთ იგი, წილი დაიდეთ მასში.“ 11და უთხრა შექემმა დინას მამასა და მის ძმებს: „ოღონდ მადლი ვპოვო თქვენს თვალში და, რასაც მთხოვთ, მოგცემთ. 12დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, და მოგცემთ, როგორც დამაკისრებთ, ოღონდ მომეცით ეს ყმაწვილი ქალი ცოლად.“
13და ელაპარაკნენ იაკობის ძეები შექემს და მის მამას ხამორს მზაკვრულად, რადგან შებილწა შექემმა დინა, მათი და. 14და უთხრეს მათ: „ვერ ვიზამთ ამ საქმეს, წინადაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან სამარცხვინო იქნებოდა ეს ჩვენთვის. 15მხოლოდ იმ პირობით დაგეთანხმებით, თუ ჩვენსავით წინადაიცვეთს თქვენში ყოველი მამაკაცი. 16და მოგცემთ ჩვენს ასულებს, და ჩვენც მოვიყვანთ თქვენს ასულებს, და დავსახლდებით თქვენთან და გავხდებით ერთი ხალხი. 17და თუ არ დაგვეთანხმებით წინადაცვეთაზე, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ.“
18და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს. 19არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან უყვარდა იაკობის ასული. და იგი ყველაზე პატივცემული იყო მამის სახლში. 20და მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, თავიანთი ქალაქის კარიბჭესთან, და ელაპარაკნენ ქალაქის კაცებს და უთხრეს: 21„ეს კაცები მშვიდობიანად არიან ჩვენდამი: დასახლდებიან ამ მიწაზე და იშრომებენ აქ. ეს ქვეყანა გადაშლილია მათ წინაშე. მოვიყვანოთ მათი ასულები ჩვენი კაცებისთვის და ჩვენი ასულები მივცეთ მათ. 22მხოლოდ იმ პირობით დაგვეთანხმებიან ეს კაცები ჩვენთან ცხოვრებაზე და ერთ ხალხად ყოფნაზე, თუ წინადაიცვეთს ჩვენში ყოველი მამრი, როგორც თავად არიან წინადაცვეთილები. 23მათი სამწყსო და მთელი მათი ქონება და მთელი მათი პირუტყვი განა ჩვენი არ იქნება? ოღონდ დავეთანხმოთ მათ და ჩვენთან იცხოვრებენ.“ 24და გაუგონეს ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭესთან მოსულებმა. და წინადაიცვითა ყოველმა მამაკაცმა, ქალაქის კარიბჭიდან გამომსვლელმა.
25და მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ სტკიოდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ძემ: სიმეონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს ხელში მახვილი, უშიშრად მივიდნენ ქალაქში და ამოხოცეს ყველა მამრი. 26ხამორი და მისი ძე შექემიც მახვილით დახოცეს და წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან. 27და მიადგნენ იაკობის ძენი დახოცილებს და გაძარცვეს ქალაქი დის წაბილწვის გამო. 28წამოასხეს მათი ცხვარი და ძროხა და ვირები და ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ. 29და მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები დაატყვევეს და დაიტაცეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ სახლებში. 30და უთხრა იაკობმა სიმეონსა და ლევის: „დამღუპეთ მე, რომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ – ქანაანელებსა და ფერიზელებს. ცოტა ხალხი მყავს, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომსპობენ. მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც ჩემთან ერთად.“ 31ხოლო მათ თქვეს: „ის კი შეიძლებოდა, მეძავივით რომ მოექცნენ ჩვენს დას?“

Currently Selected:

Genesis 34: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in