Luke 16
16
1უთხრა მოწაფეებსაც: „იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მნე, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ფლანგავდა. 2დაუძახა და უთხრა: ‘ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი მნეობის ანგარიში, რადგან ვეღარ იქნები მნე.’ 3თქვა მნემ თავისთვის: ‘როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს მნეობას. თხრა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია. 4როცა მნეობას ჩამომაშორებენ, ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში.’ 5დაიბარა სათითაოდ თავისი ბატონის მოვალეები. პირველს უთხრა: ‘რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?’ 6თქვა: ‘ასი საწყაული ზეთი.’ უთხრა მას: ‘მიიღე შენი ხელწერილი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე – 50.’ 7მერე სხვას უთხრა: ‘შენ რამდენი გმართებს?’ თქვა: ‘100 საწყაო ხორბალი.’ უთხრა: ‘მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე – 80.’ 8შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, გონივრულად რომ მოიქცა. რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე გონიერნი არიან თავიანთ თაობაში. 9და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რომ, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეებში. 10მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, და მცირედში ორგული ბევრშიც ორგულია. 11ჰოდა, თუ უსამართლო სიმდიდრეში არ იქნებით ერთგული, ჭეშმარიტს ვინ განდობთ? 12და თუ სხვისას არ უერთგულეთ, თქვენსას ვინ მოგცემთ? 13არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის სამსახური: ან ერთი უნდა მოიძულოს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე შეიძაგოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც!“#მთ 6:24.
14ესმოდათ ყოველივე ეს ფარისევლებს, რომლებიც ვერცხლისმოყვარენი იყვნენ, და დასცინოდნენ მას. 15და უთხრა მათ: „თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გულები, რადგან, რაც კაცთა შორის აღმატებულია, ღმერთის წინაშე სისაძაგლეა. 16რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მის შემდეგ ღმერთის სასუფეველი იხარება და ყოველი ძალისხმევით შედის მასში. #მთ 11:12,13. 17უფრო ადვილია ცისა და მიწის გარდასვლა, ვიდრე ერთი წერტილის ამოვარდნა რჯულიდან. #მთ 5:18. 18ყველა, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს. #მთ 5:32; 1კო 7:10,11.
19იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულითა და ბისონით იმოსებოდა, ყოველდღე დიდებულად ილხენდა. 20და იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული. 21და ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოყრილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. 22მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს. 23და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში. 24შესძახა და თქვა: ‘მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალში.’ 25უთხრა აბრაამმა: ‘შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთენი და ლაზარემ კი – სიავენი. ახლა ის აქ ნუგეშისცემულია, შენ კი იტანჯები. 26ესეც რომ არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრული ძევს, რათა გადმოსვლის მსურველები ვერც აქედან გადმოვიდნენ თქვენსკენ და ვერც თქვენგან – ჩვენსკენ.’ 27თქვა: ‘რაკი ასეა, გთხოვ, მამაო, გააგზავნე ეგ მამაჩემის სახლში, 28რადგან ხუთი ძმა მყავს და გააფრთხილოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას.’ 29უთხრა აბრაამმა: ‘მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ.’ 30თქვა: ‘არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეიცვლიან გონებას.’ 31უთხრა მას: ‘თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ უსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ერწმუნებიან.’“
Селектирано:
Luke 16: სბს
Нагласи
Сподели
Копирај
Дали сакаш да ги зачуваш Нагласувањата на сите твои уреди? Пријави се или најави се
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013