დაბ. 1
1
დასაწყისი
1დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა.
2და მიწა იყო უსახურ-უდაბური, და იყო ბნელი უფსკრულის პირზე. და სული ღვთისა იძვროდა წყლის პირზე.
3და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი.
4და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგი იყო, და გაჰყო ნათელი ბნელისაგან.
5და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე. და იყო საღამო და იყო დილა – ერთი დღე.
6და თქვა ღმერთმა: „იყოს მყარი წყლებს შორის მათ გამყოფად“.
7და შექმნა ღმერთმა მყარი, და გაყო ღმერთმა მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისაგან. და იქმნა ასე.
8და უწოდა ღმერთმა მყარს ცა. და იყო საღამო და იყო დილა – მეორე დღე.
9და თქვა ღმერთმა: „შეგროვდეს მთელი ცისქვეშეთის წყალი ერთად და გამოჩნდეს ხმელეთი“. და იქმნა ასე.
10და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და შეგროვილ წყალს – ზღვები. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
11და თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარე, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი“. და იქმნა ასე.
12და აღმოაცენა მიწამ მცენარე, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
13და იყო საღამო და იყო დილა – მესამე დღე.
14და თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, და იყვნენ ისინი ნიშნებად, რომ აღნიშნონ წელიწადის დრონი, დღენი და წელნი.
15და იყვნენ ცის მყარზე მანათობლად, რათა მისცენ ნათელი მიწას“. და იქმნა ასე.
16და გააჩინა ღმერთმა ორი დიდი მნათობი: უფრო მოზრდილი მნათობი – დღის განმგებლად, და უფრო მცირე მნათობი – ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები.
17და დასხა ისინი ცის მყარზე მიწის გასანათებლად,
18რათა განეგოთ დღე და ღამე და გაეყარათ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
19და იყო საღამო და იყო დილა – მეოთხე დღე.
20და თქვა ღმერთმა: „აივსოს წყალი ცოცხალი არსებებით, და ფრინველებმა იფრინონ მიწის ზემოთ, ცის მყარზე“.
21შექმნა ღმერთმა დიდი ვეშაპები და სხვადასხვა ქვეწარმავალნი, მათი გვარისამებრ, რომელთაც აავსეს წყალი, და ყველა ფრთოსანი ფრინველი მათი გვარისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
22და აკურთხა ისინი ღმერთმა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, და გაავსეთ ზღვის წყლები, და ფრინველმა იმრავლოს მიწაზე“.
23და იყო საღამო და იყო დილა – მეხუთე დღე.
24და თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი მათი გვარისამებრ – პირუტყვი, ქვეწარმავალნი და მიწის მხეცები მათი გვარისამებრ.“ და იქმნა ასე.
25და შექმნა ღმერთმა ცხოველნი მიწისა მათი გვარისამებრ, და პირუტყვი – მისი გვარისამებრ, და ყოველი ქვეწარმავალი მიწისა – მისი გვარისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
26და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ბატონობდეს თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე, და პირუტყვზე მთელს ქვეყანაზე, და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იძვრის მიწაში“.
27და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად – ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად.
28და აკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას; და ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე, და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს“.
29და თქვა ღმერთმა: „აჰა, მოგეცით თქვენ ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რომელიც მიწის პირზეა, და ყოველი ხე, რომელზეც თესლის მთესველი ნაყოფია – საჭმელად;
30და ყოველ ცხოველს მიწისას, და ყოველ ფრინველს ცისას და ყოველ ქვეწარმავალს მიწაზე, რომელშიც ცოცხალი სულია, მივეცი მე მცენარეები საკვებად“. და იქმნა ასე.
31და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და ძალზე კარგი იყო. და იყო საღამო და იყო დილა – მეექვსე დღე.
Iliyochaguliwa sasa
დაბ. 1: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili
Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002