YouVersion Logo
Search Icon

საქმე. 7

7
სტეფანე სინედრიონის წინაშე
1უთხრა მღვდელმთავარმა: „მართალია, რასაც ამბობენ?“
2მან თქვა: „კაცნო ძმანო და მამანო, ისმინეთ! დიდების ღმერთი ეჩვენა ჩვენს მამას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დასახლდებოდა, და უთხრა მას:
3‘გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.’
4მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და დასახლდა ხარანში. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოასახლა იგი ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.
5მასში ფეხის მოსაკიდებელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მისცემდა სამფლობელოდ მას და მის თესლს მის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.
6ასე ელაპარაკა ღმერთი, რომ მისი თესლი მდგმურად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ მას და ავად მოექცეოდნენ ოთხას წელიწადს.
7‘იმ ხალხს კი, ვისაც დაემონებიან, მე განვიკითხავ,’ – თქვა ღმერთმა, – ‘და ამის შემდეგ გამოვლენ იქიდან და მომემსახურებიან ამ ადგილას.’
8და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. მან შვა ისაკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს; ხოლო ისაკმა – იაკობი, იაკობმა – თორმეტი მამამთავარი.
9მამამთავრებს შეშურდათ იოსებისა და გაყიდეს იგი ეგვიპტეში, მაგრამ ღმერთი იყო მასთან
10და იხსნა იგი ყველა მისი გასაჭირიდან და უბოძა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტის მეფის წინაშე, რომელმაც დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის განმგებლად.
11მოვიდა შიმშილი და დიდი გასაჭირი მთელ ეგვიპტესა და ქანაანში, და ჩვენი მამები ვერ შოულობდნენ საზრდოს.
12ხოლო იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში არის პური, გაგზავნა პირველად ჩვენი მამები.
13მეორედ ჩასვლისას გაუმჟღავნა იოსებმა თავი თავის ძმებს და ფარაონმა შეიტყო იოსების გვარტომობა.
14გაგზავნა იოსებმა და მოიწვია თავისი მამა იაკობი და მთელი თავისი სანათესაო, სამოცდათხუთმეტი სული.
15და ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში და გარდაიცვალა იგი, და ჩვენი მამებიც.
16გადმოასვენეს ისინი შექემს და ჩაასვენეს სამარხში, რომელიც აბრაამმა იყიდა ვერცხლის ფასად შექემში ემორის ძეთაგან.
17და როცა ახლოვდებოდა აღთქმის შესრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, ეს ხალხი მატულობდა ეგვიტეში და მრავლდებოდა,
18ვიდრე ეგვიპტეზე აღდგებოდა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.
19ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს მოდგმას, აიძულებდა ჩვენს მამებს, რათა გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ.
20ამ დროს დაიბადა მოსე და იყო სათნო ღვთის წინაშე. სამ თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა.
21როცა გადააგდეს, აიყვანა იგი ფარაონის ასულმა და შვილად გაზარდა.
22და განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი თავისი სიტყვებითა და საქმეებით.
23როცა ორმოცი წელი შეუსრულდა, გულით მოისურვა თავისი ძმების, ისრაელიანების, მონახულება.
24როცა დაინახა, რომ ერთს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა და იმ დაჩაგრულის შური იძია და განგმირა ეგვიპტელი.
25ეგონა, მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ.
26მეორე დღეს მოევლინა მათ, როცა ისინი ჩხუბობდნენ, მათი შერიგება მოინდომა და უთხრა: ‘კაცებო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?’
27მაგრამ მოყვასის დამჩაგვრელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ‘ვინ დაგნიშნა ჩვენს მთავრად და მსაჯულად?
28ხომ არ გინდა მეც მომკლა, როგორც გუშინ ეგვიპტელი მოკალი?’
29ამ სიტყვებზე გაიქცა მოსე და გახდა მდგმური მიდიამის ქვეყანაში, სადაც შეეძინა ორი ვაჟი.
30როცა შესრულდა ორმოცი წელი, ეჩვენა მას სინაის მთის უდაბნოში უფლის ანგელოზი, ალმოდებული მაყვლოვანიდან.
31მოსემ დაინახა და განცვიფრდა ამ ხილვაზე. როცა დასაკვირვებლად მიუახლოვდა, იყო უფლის ხმა:
32‘მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისაკისა და იაკობისა.’ შეძრწუნდა მოსე და ვერ გაბედა დაკვირვება.
33უთხრა მას უფალმა: ‘გაიძრე ფეხსამოსი ფეხზე, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა.
34მე ვხედავ ჩემი ხალხის გაჭირვებას ეგვიპტეში და მესმის მისი კვნესა, და ჩამოვედი მათ გამოსახსნელად. ახლა წადი, მე მიგავლენ ეგვიპტეში.’
35ეს ის მოსეა, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ‘ვინ დაგნიშნა მთავრად და მსაჯულადო?’ ღმერთმა მთავრად და მხსნელად ეს მიავლინა იმ ანგელოზის ხელით, რომელიც მას მაყვლოვანში ეჩვენა.
36მან გამოიყვანა ისინი და ახდენდა სასწაულებს და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წელი.
37ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელიანებს: ‘წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ ღმერთი თქვენი ძმებიდან. მას უსმინეთ!’
38ეს არის, ვინც იყო კრებულში უდაბნოდ ანგელოზთან ერთად, რომელიც მას ელაპარაკებოდა სინაის მთაზე, და ჩვენს მამებთან ერთად; ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა;
39ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და თავიანთი გულებით ეგვიპტისკენ მიიქცნენ.
40უთხრეს აარონს: ‘გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, ვინაიდან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა.’
41და გააკეთეს იმ დღეებში ხბო, შესწირეს მსხვერპლი კერპს და შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას.
42ზურგი შეაქცია მათ ღმერთმა და ციური მხედრობის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წინასწარმეტყველთა წიგნში სწერია: ‘თუ მოგიტანიათ ჩემთვის საკლავი და მსხვერპლი უდაბნოში ორმოც წელიწადს, სახლო ისრაელისა?
43დაატარებდით მოლექის კარავს და თქვენი ღმერთის რემფას ვარსკვლავს, გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რომ თაყვანი გეცათ მათთვის, და მეც გადაგასახლებთ ბაბილონს იქით.’
44მოწმობის კარავი ჰქონდათ ჩვენს მამებს უდაბნოში, როგორც დაუდგინა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახის თანახმად, რომელიც იხილა.
45მიიღეს იგი ჩვენმა მამებმა და იესოსთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ღმერთმა განდევნა ჩვენი მამების წინაშე. ასე იყო დავითის დღეებამდე.
46მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და სთხოვდა ნებას, რომ იაკობის ღვთისთვის სავანე ეპოვა.
47სახლი კი სოლომონმა აუგო მას.
48მაგრამ მაღალი არ არის ხელით ქმნილში დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს:
49‘ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა – ჩემს ფერხთა კვარცხლბეკი, – ამბობს უფალი, – როგორ სახლს ამიგებთ მე, ან რომელი ადგილია ჩემი დასასვენებლი ადგილი?
50განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?’
51ქედფიცხელნო, გულით და ყურით წინადაუცვეთელნო, თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ასევე თქვენც.
52რომელს არ დევნიდნენ წინასწარმეტყველთაგან თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემები და მკვლელებიც ახლა თქვენ გახდით,
53თქვენ, რომლებმაც მიიღეთ რჯული ანგელოზების განკარგულებით და არ დაიცავით იგი.“
სტეფანეს ჩაქოლვა
54ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ მასზე.
55ახედა მან ცას, აღსავსემ სულიწმიდით, და დაინახა ღვთის დიდება და ღვთის მარჯვნივ მდგარი იესო.
56და თქვა: „აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგარს.“
57მაგრამ მათ ხმამაღალი ყვირილი მორთეს, ყურები დაიცვეს და ერთსულოვნად დაეძგერნენ მას.
58და გაათრიეს ქალაქგარეთ და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფერხთით, რომელსაც სავლე ერქვა.
59რომ ქოლავდნენ, სტეფანე უხმობდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.“
60მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას.“ ეს თქვა და მიიძინა.

Currently Selected:

საქმე. 7: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for საქმე. 7