YouVersion Logo
Search Icon

საქმე. 8

8
დევნა და გაფანტვა
1სავლემ მოიწონა მისი მოკვლა. იმ დღეებში მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველა, მოციქულთა გარდა, გაიფანტა იუდეასა და სამარიის მხარეებში.
2დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს იგი.
3სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში და ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები, და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.
4ამასობაში გაფანტულები მიმოდიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას.
ფილიპეს ქადაგება
და განკურნებანი სამარიაში
5ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და მათ უქადაგებდა ქრისტეს.
6ხალხი ერთსულოვნად ყურს უგდებდა, რასაც ფილიპე ლაპარაკობდა, უსმენდა და ხედავდა, რა ნიშნებს ახდენდა იგი.
7ვინაიდან მრავალთაგან, რომლებიც უწმიდური სულებით იყვნენ შეპყრობილნი, ხმამაღალი ყვირილით გამოდიოდნენ. მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა.
8დიდი სიხარული იყო იმ ქალაქში.
9იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ადრევე ჯადოქრობას ეწეოდა და აოცებდა სამარიელ ხალხს, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა.
10ყურს უგდებდა მას ყველა, დიდიან-პატარიანად, და ამბობდა: „ეს ის ღვთიური ძალაა, დიდად რომ იწოდება.“
11ყურს კი იმიტომ უგდებდნენ მას, რომ დიდი ხნიდან აოგნებდა მათ ჯადოქრობით.
12როცა ერწმუნენ ფილიპეს, რომელიც ახარებდა ღვთის სასუფევლსა და იესო ქრისტეს სახელს, ინათლებოდნენ მამაკაცებიც და დედაკაცებიც.
13თვითონ სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და, მოხდენილ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს რომ ხედავდა, გაოგნებული იყო.
პეტრე და იოანე სამარიაში
14გაიგეს იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე,
15რომლებიც ჩავიდნენ იქ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა.
16ვინაიდან მანამდე არცერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ მონათლულები იყვნენ უფალ იესოს სახელით.
17მაშინ დაასხეს ხელები მათ და მათაც მიიღეს სულიწმიდა.
18როცა დაინახა სიმონმა, რომ მოციქულთა ხელების დასხმით ეძლეოდათ სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ.
19თქვა: „მეც მომეცით ხელმწიფება, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სულიწმიდა.“
20პეტრემ უთხრა მას: „შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, ვინაიდან ღვთის ნიჭის ფულით მოპოვება განიზრახე.
21არა გაქვს შენ წილი და ხვედრი სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არ არის წრფელი ღვთის წინაშე.
22მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტეოს შენი გულისზრახვა,
23ვინაიდან გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შებორკილს.“
24მიუგო სიმონმა და უთხრათ: „შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ არაფერი ეწიოს თქვენი ნათქვამიდან.“
25ხოლო როცა მათ დაამოწმეს და ილაპარაკეს უფლის სიტყვა, გამობრუნდნენ იერუსალიმისკენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.
საჭურისის მოქცევა
26უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: „ადექი და წადი სამხრეთისაკენ, იმ გზაზე, რომელიც იერუსალიმიდან ღაზაში ჩადის. უკაცრიელია იგი.“
27ადგა და წავიდა, და აჰა, ერთი ეთიოპელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკეს, დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანის საცემად მოსულიყო იერუსალიმში,
28უკან ბრუნდებოდა და, თავის ეტლში მჯდომი, კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს.
29უთხრა სულმა ფილიპეს: „მიდი და ახლოს დაუდექი მაგ ეტლს.“
30მიირბინა ფილიპემ და, როცა მოისმინა, რომ იგი ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, უთხრა: „თუ გესმის, რასაც კითხულობ?“
31მან უთხრა: „როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?“ და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო.
32წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, ეს იყო: „კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს ბაგე.
33დამცირებაში წაერთვა სამართალი და ვინ მოიკითხავდა მის წარმოშობას? რადგან ცოცხალთა ქვეყანას მოსწყდა, ჩემი ხალხის ცოდვებისთვის შეხვდა სატანჯველი.“
34მიუგო საჭურისმა ფილიპეს და უთხრა: „გევედრები, ვისზე ამბობს ამას წინასწარმეტყველი. თავის თავზე, თუ სხვა ვინმეზე?“
35გახსნა ფილიპემ ბაგეები, დაიწყო ამ წერილით და ახარა იესოს შესახებ.
36როცა გზა განაგრძეს, მიადგნენ ერთ წყალს და თქვა საჭურისმა: „აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო?“
37უთხრა მას ფილიპემ: „თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება.“ მიუგო და უთხრა მან: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.“
38და უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ და ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპე და საჭურისი, და მონათლა იგი.
39როცა წყლიდან ამოვიდნენ, უფლის სულმა ფილიპე წარიტაცა და ვეღარ დაინახა იგი საჭურისმა. წავიდა თავის გზაზე გახარებული.
40ფილიპე კი აღმოჩნდა აშდოდში, მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა.

Currently Selected:

საქმე. 8: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for საქმე. 8