საქმე. 9
9
იესო ეცხადება სავლეს
1სავლე კი, რომელიც ჯერ კიდევ სიკვდილის მუქარით სუნთქავდა უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ, მღვდელმთავართან მივიდა
2და სთხოვა ბარათები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე მდგომს, მამაკაცებს თუ დედაკაცებს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმში.
3გზად მიმავალს, როცა დამასკოს უახლოვდებოდა, უეცრად მოეფინა ნათელი ციდან
4და დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“
5თქვა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ მან კი: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.“
6შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: „რა გსურს, უფალო, რომ გავაკეთო?“ და უთხრა მას უფალმა: „ადექი და შედი ქალაქში და გეტყვიან, რაც უნდა გააკეთო.“
7კაცები კი, რომლებიც მასთან ერთად მიდიოდნენ, უსიტყვოდ იდგნენ, ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ.
8წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ხელი მოჰკიდეს მას და შეიყვანეს დამასკოში.
9სამი დღე ვერ ხედავდა, არც ჭამდა და არც სვამდა.
ანანიას ჩვენება
10იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. და უთხრა უფალმა მას ჩვენებაში: „ანანია!“ მან თქვა: „აჰა, მე, უფალო.“
11უთხრა მას უფალმა: „ადექი და მიდი ქუჩაზე, რომესაც ჰქვია სწორი და იუდას სახლში იკითხე ტარსუსელი კაცი, სახელად სავლე. აჰა, ლოცულობს იგი.
12და იხილა მან ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაასხა მას, რათა თვალი აეხილა.“
13მიუგო ანანიამ: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში.
14და აქაც მღვდელმთავრებისაგან აქვს ხელმწიფება შებორკოს ყველა, ვინც შენს სახელს ახსენებს.“
15უთხრა მას უფალმა: „წადი, ვინაიდან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა ატაროს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე.
16მე ვაჩვენებ მას, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გულისთვის.“
17წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: „ძმაო სავლე, უფალმა გამომგზავნა მე, იესომ, რომელიც გეჩვენა გზაზე, სადაც მიდიოდი, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით.“
18და მაშინვე, თითქოს ქერცლი მოსძვრაო მის თვალებს, აეხილა, ადგა და მოინათლა.
სავლეს პირველი ქადაგება დამასკოში
19და მიიღო საჭმელი და მომაგრდა. და დარჩა იგი დამასკოში მყოფ მოწაფეებთან რამდენიმე დღე.
20და სასწრაფოდ დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე, რომ ის არის ძე ღვთისა.
21გაოგნებული იყო ყველა მსმენელი და ამბობდა: „ნუთუ ეს ის კაცია, იერუსალიმში რომ სპობდა ამ სახელის მხმობელთ და აქაც ხომ იმისათვის მოვიდა, რომ შებორკილნი წაეყვანა ისინი მღვდელმთავრებთან?“
22სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და განაცვიფრებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს და ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.
23განვლო მრავალმა დღემ და იუდეველები შეითქვნენ მის მოსაკლავად.
24ცნობილი გახდა სავლესთვის მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღედაღამ სდარაჯობდნენ კარიბჭესთან, რომ მოეკლათ იგი.
25აიყვანეს მოწაფებმა ღამით და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით.
26მივიდა იერუსალიმში და ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო.
27ბარნაბამ წაიყვანა იგი, მიიყვანა მოციქულებთან და მოუთხრო მათ, თუ როგორ იხილა გზაში უფალი, რომელიც ელაპარაკა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით.
28და დარჩა იგი მათთან. გამოდიოდა და შედიოდა იერუსალიმში და გაბედულად ქადაგებდა უფლის სახელით.
29ლაპარაკობდა და ეპაექრებოდა კიდეც გაბერძნებულთ, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ.
30როცა შეიტყვეს ეს ძმებმა, წაიყვანეს იგი კესარიას და გაგზავნეს ტარსუსში.
პეტრე კურნავს ენეასს
და აცოცხლებს ტაბითას
31ამგვარად ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, ვიდოდა უფლის მოშიშებით და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა.
32ერთხელ, ყველა ადგილის შემოვლისას, პეტრე მივიდა წმიდებთანაც, რომლებიც ლიდაში ცხოვრობდნენ.
33ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დავრდომილი იწვა სარეცელზე.
34და უთხრა მას პეტრემ: „ენეას, გკურნავს შენ იესო ქრისტე. ადექ და გაისწორე ლოგინი.“ და მაშინვე წამოდგა.
35ხედავდა მას ყველა, ვინც ლიდასა და შარონში ცხოვრობდა, და მოიქცნენ ისინი უფლისაკენ.
36იყო იაფოში ერთი მოწაფე დედაკაცი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს. იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.
37იმ დღეებში იყო, რომ ავად გახდა იგი და მოკვდა. განბანეს და დაასვენეს ზედათვალში.
38ახლოს იყო ლიდა იაფოსთან და, მოწაფეებმა შეიტყეს პეტრე იქ არისო, და ორი კაცი გაუგზავნეს სათხოვნელად, რომ არ დაეყოვნებინა მათთან მისვლა.
39ადგა პეტრე და წავიდა მათთან. როცა მივიდა, აიყვანეს ზედათვალში, და მის წინაშე წარდგა ყველა ქვრივი. ისინი ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქურციკი უმზადებდა, სანამ მათთან იყო.
40გაუშვა გარეთ ყველანი პეტრემ, მუხლი მოიყარა და ილოცა, მოუტრიალდა ცხედარს და თქვა: „ტაბითა, ადექი!“ მან აახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.
41ხელი გაუწოდა, წამოაყენა, დაუძახა წმიდებსა და ქვრივებს და ცოცხალი წარუდგინა იგი.
42ცნობილი გახდა ეს მთელ იაფოში და მრავალმა იწამა უფალი.
43მან მრავალი ხანი დაჰყო იაფოში ვინმე სიმონთან, მეტყავესთან.
Currently Selected:
საქმე. 9: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002