დაბ. 24
24
რებეკა – ისაკის საცოლე
1და მოხუცდა აბრაამი და ხანში შევიდა. და უფალმა აკურთხა აბრაამი ყველაფრით.
2და უთხრა აბრაამმა თავის მსახურს, სახლთუხუცესს, ყოველივეს განმგებელს, რაც მას გააჩნდა: „ამომიდევი ხელი ჩემს საზარდულს ქვეშ,
3და დაგაფიცებ უფალს, ცის ღმერთსა და მიწის ღმერთს, რომ არ მოჰგვრი ცოლს ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,
4არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში და ჩემს სანათესაოში, და მოჰგვრი ცოლს იქიდან ჩემს ძეს ისაკს.“
5და უთხრა მას მსახურმა: „ეგებ არ ინებოს ქალმა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში წამოსვლა. მაშინ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყანაში, საიდანაც გამოხვედი?“
6და უთხრა მას აბრაამმა: „გაფრთხილდი, ნუ დააბრუნებ ჩემ ძეს იქ.
7უფალმა, ცის ღმერთმა, რომელმაც წამომიყვანა მამაჩემის სახლიდან და ჩემი შობის ადგილიდან, და რომელიც მელაპარაკა მე და შემომფიცა და მითხრა, რომ ჩემს შთამომავლობას მისცემდა ამ ქვეყანას, ის წარმოავლენს თავის ანგელოზს შენს წინაშე, რომ წამოიყვანო ქალი იქიდან ჩემი ძისათვის.
8და თუ არ ინებოს ქალმა შენი გამოყოლა, მაშინ თავისუფალი იქნები შენ იმ ფიცისაგან, რომელიც მე შემომფიცე ოღონდ ჩემი ძე არ დააბრუნო იქ.“
9და ამოუდო მსახურმა თავისი ხელი აბრაამს, თავის ბატონს, საზარდულს ქვეშ, და შეჰფიცა ამაზე.
10და გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის აქლემთაგან, და წავიდა. და მას თან ჰქონდა თავისი ბატონის ყოველგვარი განძი, და წავიდა იგი შუამდინარეთს, ნახორის ქალაქისაკენ.
11და ჩამუხლა აქლემები ქალაქს გარეთ, წყლის ჭასთან, საღამოხანს, იმ დროს, როდესაც ქალწულნი გამოდიან წყლის ამოსახაპავად.
12და თქვა: „უფალო, ჩემი ბატონის, აბრაამის, ღმერთო! მოავლინე შემთხვევა ჩემს წინაშე და უყავი წყალობა დღეს ჩემს ბატონს, აბრაამს.
13აჰა, მე ვდგავარ წყლის წყაროსთან, და ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოდიან წყლის ამოსახაპავად;
14თუ ყმაწვილი ქალი, რომელსაც ვეტყვი: ‘დახარე შენი სურა, რომ დავლიო’, მიპასუხებს: ‘დალიე და აქლემებსაც დავალევინებ’, სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის, ისაკისთვის რომ გყავს დანიშნული. და ამით შევიტყობ, რომ გიყვია წყალობა ჩემი ბატონისათვის.“
15და ჯერ არ დაემთავრებინა მას ლაპარაკი, რომ მოვიდა მხარზე სურაშემოდგმული რებეკა, რომლის მამა იყო ბეთუელი, რომელიც იყო ძე მილქასა და ნახორისა, აბრაამის ძმისა.
16და იყო იგი დიდად მშვენიერი ქალწული, რომელსაც არ შეეცნო მამაკაცი. და ჩავიდა იგი წყაროზე, აავსო სურა და ამოვიდა.
17და გაეშურა მსახური მის შესახვედრად, და სთხოვა: „დამალევინე ცოტა შენი სურიდან.“
18და მან უპასუხა: „დალიე, ჩემო ბატონო“, და ჩამოიღო სურა მხრიდან.
19და როცა დააცხრო მისი წყურვილი, უთხრა: „ამოვხაპავ წყალს შენი აქლემებისთვისაც, ვიდრე არ დარწყულდებიან.“
20და მან ისწრაფა და დაცალა თავისი სურა სარწყულებელში, და კვლავ გაეშურა ჭისკენ ამოსახაპად, და ამოხაპა ყველა მისი აქლემისთვის.
21ხოლო ის კაცი უყურებდა მას გაოცებული და დუმდა, რათა გაეგო, წარუმართა მას უფალმა გზა თუ არა.
22და როცა შეწყვიტეს აქლემებმა სმა, მან აიღო ნახევარი შეკელი წონის ოქროს რგოლი, და ორი სამაჯური ათი ოქროს წონის.
23და ჰკითხა: „ვისი ასული ხარ შენ? მითხარი, თუ არის მამაშენის სახლში გასათევად ადგილი ჩვენთვის?“
24და მან უპასუხა: „მე ვარ ბეთუელის, მილქას ძის, რომელიც ნახორთან ეყოლა.“
25და კვლავ უთხრა მას: „ბზეცა და თივაც ბევრია ჩვენთან, და გასათევი ადგილიც.“
26და მუხლი მოიყარა იმ კაცმა, და თაყვანი სცა უფალს.
27და თქვა: „კურთხეულია ჩემი ბატონის, აბრაამის უფალი ღმერთი, რომელმაც არ მიატოვა ჩემი ბატონი თავისი წყალობითა და თავისი ჭეშმარიტებით! და სწორი გზით მომიყვანა მე უფალმა ჩემი ბატონის ძმის სახლში.“
28და გაიქცა ყმაწვილი ქალი და ამცნო ეს ყველაფერი დედის სახლს.
29და რებეკას ჰყავდა ძმა, სახელად ლაბანი, და გამოეშურა ლაბანი წყაროსთან, იმ კაცისაკენ.
30და როცა იხილა ნესტოზე რგოლი, და სამაჯურები თავისი დის ხელებზე, და როცა მოისმინა თავისი დის, რებეკას სიტყვები, მივიდა იმ კაცთან, და აჰა, იგი დგას თავის აქლემებთან წყაროსთან.
31და უთხრა: „მობრძანდი, უფლის კურთხეულო, რად დგახარ გარეთ? მე გაგიმზადე სახლი და აქლემების სადგომი.“
32და შევიდა კაცი და მოხადა აქლემებს საკაზმები და მისცა მათ ბზე და საკვები, და აიღო წყალი მისთვის და მის თანმხლებთათვის ფეხების დასაბანად.
33და გაუწყვეს სუფრა საჭმელად, მაგრამ მან უთხრა: „ვერ შევჭამ, ვიდრე არ ვიტყვი ჩემს სათქმელს.“ და უთხრეს: „თქვი!“
34და თქვა: „მე ვარ მსახური აბრაამისა.
35უფალმა დიდად აკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი. და მისცა მას ცხვარი და ხარი, ოქრო-ვერცხლი, მსახურნი და მხევალნი, მრავალი აქლემი და სახედარი.
36და უშვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, სიბერეში ძე ჩემს ბატონს, რომელსაც აბრაამმა მისცა ყველაფერი, რაც კი აბადია.
37და დამაფიცა ჩემმა ბატონმა და მითხრა: ‘არ მოჰგვარო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთა ასულთაგან, რომელთა მიწაზეც მე ვცხოვრობ.
38არამედ წადი მამაჩემის სახლში და ჩემს საგვარეულოში და მოჰგვარე ცოლი ჩემს ძეს.’
39და ვუთხარი ჩემს ბატონს: ‘იქნებ არ წამომყვეს ქალი.’
40და მითხრა: ‘უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, მოგივლენს თავის ანგელოზს და წარმართავს შენს გზას. და შენ მოჰგვარე ცოლი ჩემს ძეს ჩემი საგვარეულოდან და მამაჩემის სახლიდან.
41და მაშინ იქნები ჩემი ფიცისგან თავისუფალი, როცა მიხვალ ჩემს საგვარეულოში და არ გამოგაყოლებენ ქალს, მაშინ იქნები თავისუფალი ჩემი ფიცისგან’
42და მოვედი მე დღეს წყაროზე, და ვთქვი: ‘უფალო, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთო! თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელზეც მე დავდივარ,
43აჰა, მე ვდგავარ წყაროსთან და ყმაწვილქალს, რომელიც გამოვა ამოსახაპად, ვეტყვი: დამალევინე ცოტა წყალი შენი სურიდან,
44და რომელიც მეტყვის: შენც დალიე და შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავო, ის იქნება ქალი, რომელიც გაუმზადა უფალმა ჩემი ბატონის შვილს.’
45ჯერ არ დამესრულებინა ჩემი სიტყვა, გულში რომ გავივლე, რომ დავინახე რებეკა მხარზე სურით. და ჩავიდა იგი წყაროსთან და, რომ ამოხაპა, ვუთხარი: ‘დამალევინე’.
46და ისწრაფა და ჩამოიღო სურა თავისი მხრიდან, და მითხრა: ‘დალიე, და აქლემებსაც დავალევინებ.’ და დავლიე, და აქლემებსაც დაალევინა.
47და ვკითხე მას: ‘ვისი ასული ხარ შენ?’ და მითხრა: ‘ბეთუელის ასული ვარ, მილქასა და ნახორის ძისა’. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელზე სამაჯურები.
48და მოვიყარე მუხლი, და თაყვანი ვეცი უფალს, და ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც წარმმართა ჭეშმარიტი გზით, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მივგვარო ცოლად მის ძეს.
49და ახლა მითხარით მე: მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი ბატონისთვის? თუ არა და ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ.“
50და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა და უთხრეს: „უფლისგან გამოვიდა ეს საქმე და არ ძალგვიძს ჩვენ გითხრათ ან კარგი, ან ცუდი.
51აჰა, შენს წინაშეა რებეკა, წაიყვანე და წადი, რომ იყოს ცოლი შენი ბატონის ძისა. როგორც თქვა უფალმა.“
52და როგორც კი ისმინა აბრაამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა უფალს მიწამდე.
53და ამოიღო აბრაამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი, და მისცა რებეკას. და ძვირფასი საჩუქრები მისცა მის ძმას და მის დედას.
54და ჭამეს და სვეს მან და მასთან მყოფმა კაცებმა, და გაათიეს. და როცა ადგნენ დილით, მან თქვა: „გამიშვით ჩემს ბატონთან.“
55მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს: „დარჩეს ყმაწვილქალი ჩვენთან ერთხანს, ათი დღე მაინც, მერე კი შეგიძლია წახვიდე.“
56და მან უთხრა: „ნუ დამაყოვნებთ, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან.“
57და უთხრეს: „დავუძახოთ ყმაწვილქალს და ვკითხოთ, რას იტყვის.“
58და დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს მას: „წახვალ ამ კაცთან ერთად?“ და მან თქვა: „წავალ!“
59და გაუშვეს რებეკა, თავიანთი და, მის ძიძასთან ერთად, და აბრაამის მსახური და მისი კაცები.
60და აკურთხეს რებეკა და უთხრეს მას: „ჩვენო დაო, გახდი ბევრათასეული! და დაიმკვიდროს შენმა თესლმა თავის მტერთა ბჭენი.“
61და შესხდნენ რებეკა და მისი მხევლები აქლემებზე და გაჰყვნენ იმ კაცს. და წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.
62და დატოვა ისაკმა ბეერ-ლახაი-როი, და ცხოვრობდა ნეგებში.
63და გავიდა ერთხელ ის საღამოხანს ველზე სასეირნოდ, და გაიხედა, და დაინახა მომავალი აქლემები.
64და აღაპყრო რებეკამ თვალი და დაინახა ისაკი, და ჩამოვიდა აქლემიდან.
65და უთხრა მსახურს: „ვინაა ის კაცი, ჩვენს შესახვედრად რომ მოდის ველზე?“ და უთხრა მსახურმა: „ეს ჩემი ბატონია!“ და აიღო მან რიდე და ჩამოიფარა.
66და მოუთხრო მსახურმა ისაკს ყოველივე, რაც გადახდა.
67და შეიყვანა იგი ისაკმა თავისი დედის, სარას, კარავში, და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა იგი. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის სიკვდილის შემდეგ.
Currently Selected:
დაბ. 24: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002