დაბ. 25
25
აბრაამის ქორწინება კეტურასთან
1და კიდევ მოიყვანა აბრაამმა ცოლი და მისი სახელი იყო კეტურა.
2და მან უშვა მას: ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი.
3და იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმინი
4და ძენი მიდიანისა: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ყველა ესენი კეტურას ძენი იყვნენ.
5და მისცა აბრაამმა ისაკს მთელი თავისი ქონება.
6ხოლო თავის შვილებს, რომლებიც ხარჭასგან ჰყავდა, მისცა აბრაამმა საჩუქრები და გაუშვა ისინი თავისი ძის, ისაკისაგან შორს, თავის სიცოცხლეშივე, აღმოსავლეთის ქვეყანაში.
აბრაამის სიკვდილი
7ეს არის აბრაამის სიცოცხლის წლები: ას სამოცდათხუთმეტი წელი.
8და გარდაიცვალა აბრაამი კეთილ სიბერეში, მოხუცებული და დღეებით გამაძღარი. და შეეძინა ის თავის ხალხს.
9და დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოხარის ძისეულ მინდორზე, რომელიც მდებარეობს მამრეს პირისპირ,
10მინდორზე, რომელიც ხეთის ძეთაგან იყიდა აბრაამმა. იქ დაიმარხნენ აბრაამი და სარა, მისი ცოლი.
11და აკურთხა აბრაამის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა ისაკი, მისი ძე. და დასახლდა ისაკი ბეერლახაი-როისთან.
ისმაელის შთამომავლობა
12ესაა შთამომალობა ისმაელისა, აბრაამის ძისა, რომელიც უშვა მას, სარას, ეგვიპტელმა მხევალმა ჰაგარმა.
13ესაა ისმაელის ძეთა სახელები თავიანთ მოდგმათა მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, შემდეგ კედარი, ყაბდეელი და მიბსამი,
14მიშმაყი, დუმა, მასა,
15ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა.
16და ესენი იყვნენ ძენი ისმაელისა, და ეს იყო სახელები მათი მათ დაბებსა და ბანაკებში, თორმეტი მთავარი მათი ტომების მიხედვით.
17და ისმაელმა იცოცხლა ას ოცდაჩვიდმეტი წელი და გარდაიცვალა, და შეეძინა თავის ხალხს.
18ისინი სახლობდნენ ხავილადან შურამდე, რომელიც ეგვიპტის პირისპირ, აშურის მიმართულებით იყო. და ისინი ყველა თავისი ძმის წინაშე დაეშენენ.
ისაკის შთამომავლობა
19და აჰა, შთამომავლობა ისაკისა, აბრაამის ძისა. აბრაამმა შვა ისაკი.
20და ისაკი იყო ორმოცი წლისა, როცა შეირთო ცოლად რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა, ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და.
21და ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისათვის, რადგან ბერწი იყო იგი. და ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
22მაგრამ ეხლებოდნენ ძენი ერთმანეთს მის მუცელში, და მან თქვა: „თუ ასე უნდა ვიყო, რად დავორსულდი?“ და წავიდა უფალთან საკითხავად.
23და უთხრა მას უფალმა: „ორი ხალხია შენს მუცელში, და ორი ერი გაიყრება შენი საშოდან. და ერი ერს აღემატება და უფროსი უმცროსს დაემონება.
ესავისა და იაკობის დაბადება
24და როდესაც დადგა ჟამი როცა მას უნდა ეშვა, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.
25და გამოვიდა პირველი: მთლად წითური, როგორც ბეწვის მოსასხამი და უწოდეს მას სახელად ესავი.
26და მერე გამოვიდა მისი ძმა, რომელიც ხელით ებღაუჭებოდა ესავის ქუსლს. და უწოდეს მას სახელად იაკობი. და ისაკი სამოცი წლისა იყო, როდესაც ისინი დაიბადნენ.
ესავი ყიდის თავის პირმშოობას
27და წამოიზარდნენ ყმაწვილები. და ესავი გახდა მონადირე და ველად ხეტიალობდა. და იაკობი იყო სათნო კაცი და არ შორდებოდა კარვებს.
28და უყვარდა ისაკს ესავი, რადგან ნანადირევში პოულობდა გემოს. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.
29მოამზადა იაკობმა შეჭამადი. და მოვიდა ველიდან ესავი და დაღლილი იყო.
30და უთხრა ესავმა იაკობს: „მაჭამე ეგ წითელი შეჭამადი, რადგან დაღლილი ვარ.“ (და ამიტომ ეწოდა მას სახელად ედომი.)
31და უთხრა იაკობმა: „მომყიდე დღეს შენი პირმშოობა.“
32და თქვა ესავმა: „აჰა, ვკვდები, რად მინდა პირმშოობა?“
33და უთხრა მას იაკობმა: „შემომფიცე მე დღეს“ და მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოობა.
34და იაკობმა მისცა ესავს პური და ოსპის შეჭამადი, და ჭამა და სვა, და ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოობა.
Currently Selected:
დაბ. 25: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002