YouVersion Logo
Search Icon

დაბ. 37

37
იაკობის სახლის ამბავი
1და ცხოვრობდა იაკობი მამამისის ხიზნობის ქვეყანაში, ქანაანის ქვეყანაში.
2ეს არის იაკობის მოდგმა: იოსები იყო ჩვიდმეტი წლისა როცა მწყესავდა პირუტყვს თავის ძმებთან ერთად. და იყო იგი ჯერ ბავშვი თავისი მამის ცოლების – ბილჰასა და ზილფას ძეებთან. და მიჰქონდა იოსებს ცუდი ხმები მათზე თავის მამასთან.
3და ისრაელს უყვარდა იოსები თავის ყველა ძეზე მეტად, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი. და დაუმზადა მას ჭრელი კვართი.
4და დაინახეს მისმა ძმებმა, რომ უყვარდა იგი მამას ყველა თავის ძეზე მეტად, და მოიძულეს იგი, და არ შეეძლოთ მასთან ლაპარაკი მშვიდობიანად.
5და დაესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო თავის ძმებს, და მათ უფრო მეტად მოიძულეს იგი.
6და უთხრა მათ: „მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მესიზმრა მე:
7აჰა, ჩვენ ვკონავთ ძნებს შუაგულ მინდორში და წამოდგა ჩემი ძნა და აღიმართა, და გარსშემოეხვივნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას.“
იოსები მოიძულეს ძმებმა
8და უთხრეს მას მისმა ძმებმა: „ჩვენი მეფე გინდა გახდე და ჩვენზე იბატონო?“ და კიდევ უფრო მოიძულეს იგი მისი სიზმრებისა და სიტყვებისათვის.
9და დაესიზმრა მას კიდევ სხვა სიზმარი, და უამბო თავის ძმებს და თქვა: „აჰა, კიდევ დამესიზმრა სიზმარი, რომ მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდნენ თაყვანს.“
10და როცა ეს უამბო თავის მამას და თავის ძმებს, გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა მას: „რა არის ეს სიზმარი, რომელიც გესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე და დედაშენი, და შენი ძმები, რომ მიწამდე გცეთ თაყვანი?“
11შეშურდათ ძმებს მისი, ხოლო მამამისმა დაიმარხა ეს სიტყვები.
12და წავიდნენ მისი ძმები შექემში თავიანთი მამის ფარის დასამწყემსად.
13და უთხრა ისრაელმა იოსებს: „ხომ მწყემსავენ შენი ძმები შექემში, და მოდი, გაგაგზავნი შენ მათთან.“ და თქვა მან: „აქა ვარ.“
14და უთხრა მას: „წადი და ნახე, თუ მშვიდობით არიან შენი ძმები და ფარა, და მომიტანე ამბავი.“ და გაგზავნა იგი ხებრონის ველიდან, და მივიდა შექემს.
15იპოვა იგი ერთმა კაცმა ველზე გზაარეული და ჰკითხა მას: „ვის ეძებ?“
16თქვა: „ჩემს ძმებს ვეძებ; მითხარი, სად მწყემსავენ ისინი?“
17და უთხრა კაცმა: „წასულები არიან აქედან, რადგან გავიგონე, რომ დოთაინში მიდიოდნენ.“ და გაჰყვა იოსები თავის ძმათა კვალს, და იპოვა ისინი დოთანში.
18და როცა დაინახეს იგი შორიდან, ვიდრე მიუახლოვდებოდა მათ, განიზრახეს მისი მოკვლა.
19და უთხრეს ერთმანეთს: „აჰა, სიზმარა მოდის!
20და ახლა, მოდი, მოვკლათ იგი, და ჩავაგდოთ რომელიმე ჭაში, და ვთქვათ, რომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა იგი. და ვნახოთ, რა იყო მისი სიზმრები.“
21და გაიგონა რეუბენმა, და იხსნა იგი მათი ხელიდან, უთხრა მათ: „ნუ მოვკლავთ მას!“
22და უთხრა მათ რეუბენმა: „ნუ დაღვრით სისხლს! ჩააგდეთ იგი იმ ჭაში, უდაბნოში რომ არის, და ხელს ნუ აღმართავთ მასზე.“ და ამას ამბობდა, რათა ეხსნა იგი მათი ხელიდან და დაებრუნებინა თავის მამასთან.
23და როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გახადეს იოსებს მისი კვართი, ჭრელი კვართი, რომელიც ეცვა.
24აიყვანეს და ჩააგდეს ჭაში. და იყო ის ჭა ცარიელი, წყალი არ იყო მასში.
25და დასხდნენ ისინი პურის საჭმელად, და როცა აღაპყრეს თვალი, დაინახეს ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა გილყადიდან, და მათ აქლემებს მოჰქონდათ გუნდრუკი, მური და ნელსაცხებელი.
26და უთხრა იუდამ თავის ძმებს: „რას გვარგებს, თუ მოვკლავთ ჩვენს ძმას და დავფარავთ მის სისხლს?
27მოდით, მივყიდოთ იგი ისმაელიანებს, და ჩვენი ხელი ნუ იქნება მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი ხორცია.“ და გაუგონეს მას მისმა ძმებმა.
28ხოლო როცა ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოსწიეს და ამოიყვანეს იოსები ჭიდან, და მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. მათ კი წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.
29ხოლო როცა რეუბენი კვლავ დაბრუნდა ჭასთან და ნახა, რომ იქ აღარ იყო იოსები, სამოსელი შემოიხია.
30და დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: „ბავშვი აღარ არის! და მე სადღა წავიდე?“
31და აიღეს ძმებმა იოსების კვართი, და ამოავლეს იგი დაკლული თხის სისხლში.
32და წაიღეს ეს კვართი, და მიუტანეს მამამისს და უთხრეს: „ეს ვიპოვეთ. ნახე, შენი შვილის კვართია ეს თუ არა?“
33და მან იცნო ის და თქვა: „ჩემი შვილის კვართია. მძვინვარე მხეცს შეუჭამია იგი! დაგლეჯილია იოსები!“
34და შემოიხია იაკობმა სამოსელი, და შემოიხვია ძაძა წელზე, და დიდხანს გლოვობდა თავის შვილს.
35და ადგნენ მისი ძენი და მისი ასულნი, რათა ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინდომა მან ნუგეშისცემა, და თქვა: „მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!“ და დიდხანს გლოვობდა მამა თავის ძეს.
36ხოლო მიდიანელებმა ეგვიპტეში მიჰყიდეს იოსები ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, მცველთა უფროსს.

Currently Selected:

დაბ. 37: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in