YouVersion Logo
Search Icon

დაბ. 38

38
იუდას შეცოდება
1მაშინ იყო, რომ ჩამოსცილდა იუდა თავის ძმებს და დასახლდა ყადულამელი კაცის მეზობლად, რომლის სახელი იყო ხირა.
2და ნახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის, ასული, და მოიყვანა ის და შევიდა მასთან.
3და დაორსულდა, და ეყოლა მას ძე. და უწოდეს მას სახელად ყერი.
4და კვლავ დაორსულდა, და ეყოლა ძე, რომელსაც უწოდეს ონანი.
5და კვლავ ეყოლა ძე, და უწოდეს მას სახელად შელა. ის კი ქეზიბში იყო მისი შობის დროს.
6და მოუყვანა იუდამ ყერს, თავის პირმშოს, ცოლი, რომელსაც ერქვა თამარი.
7მაგრამ ყერი, იუდას პირმშო, ბოროტი იყო უფლის თვალში, და მოაკვდინა იგი უფალმა.
8და უთხრა იუდამ ონანს: „შედი შენი ძმის ცოლთან, გაუხდი ქმრად და აღუდგინე შენს ძმას თესლი.“
9მაგრამ იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა თესლი, და ამიტომ, როცა შედიოდა თავის ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა, რათა არ მიეცა თესლი თავისი ძმისათვის.
10და ჩაითვალა ბოროტებად უფლის წინაშე მისი საქციელი, და ისიც მოაკვდინა ღმერთმა.
11და უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: „ქვრივად დაჯექ მამაშენის სახლში, ვიდრე გაიზრდებოდეს შელა, ჩემი ძე.“ რადგან ეშინოდა, ისიც არ მომკვდარიყო მისი ძმებივით. და წავიდა თამარი და დარჩა თავისი მამის სახლში.
12და განვლო მრავალმა დღემ და მოკვდა იუდას ცოლი, შუაყის ასული. და როვა გამოიგლოვა იუდამ, ავიდა თიმნათში, თავისი ცხვრის მპარსველებთან, ყადულამელ მოყვასთან, ხირასთან ერთად.
13და ეუწყა თამარს: „შენი მამამთილი ამოდის თიმნათში ცხვრის გასაპარსავად.“
14და გაიძრო მან თავისი ქვრივობის სამოსელი, და ჩამოიფარა რიდე, და დაიბურა. და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, რომელიც თიმნათის გზაზეა, რადგან დაინახა, რომ გაიზარდა შელა და არ მიეცა მას ცოლად.
15და დაინახა ის იუდამ, და მიიჩნია მეძავად, რადგან რიდეთი ჰქონდა სახე დაფარული.
16და მიუბრუნდა მას და უთხრა: „შემოვიდე შენთან?“ რადგან არ იცოდა, რომ თავისი რძალი იყო. და მან ჰკითხა: „რას მომცემ, რომ შემოხვიდე ჩემთან?“
17და თქვა: „თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან.“ და თქვა: „მომცემ წინდს, ვიდრე გამომიგზავნიდე თიკანს?“
18და თქვა: „რა გირაო გინდა, რომ მოგცე?“ და თქვა: „შენი ბეჭედი და შენი თასმა და არგანი, რომელიც ხელთა გაქვს.“ და მისცა მას ესენი იუდამ, და შევიდა მასთან; და დაორსულდა ის მისგან.
19და წავიდა და მოიძრო თავისი პირსაბურველი, და კვლავ შეიმოსა ქვრივობის სამოსელით.
20და გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით, რათა ქალისაგან დაებრუნებინა წინდი. მაგრამ ვერ იპოვა იგი.
21და ჰკითხა იქაურ კაცებს: „სად არის მეძავი, ყენაიმის გზაზე რომ იჯდა?“
22და დაბრუნდა იუდასთან, და უთხრა: „ვერ ვიპოვე იგი. და იქაურმა კაცებმაც მითხრეს, რომ არ ყოფილა იქ მეძავი.“
23და თქვა იუდამ: „ნეტავ აეღო მას, რომ დასაცინი არ გავმხდარიყავით. აჰა, მე გაგატანე ეს თიკანი, შენ კი ვერ იპოვე იგი!“
24და სამი თვის შემდეგ ეუწყა იუდას: „იბოზა შენმა რძალმა თამარმა და ორსულად არის იგი.“ და თქვა იუდამ: „გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.“
25და როცა მოჰყავდათ იგი, გაუგზავნა მან თავის მამამთილს და შეუთვალა: „იმ კაცისაგან, ვარ ორსულად, ვისაც ესენი ეკუთვნის.“ და ისიც დასძინა: „ამოიცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმა და არგანი.“
26და იცნო იუდამ, და თქვა: „მართალია ჩემთან თამარი, რადგან მე არ მივეცი იგი შელას, ჩემს ძეს.“ და აღარ შეუცვნია იგი.
27და მშობიარობის ჟამს აღმოჩნდა, რომ ტყუპები იყვნენ მის მუცელში.
28და მშობიარობისას გამოყო ერთმა ხელი, და ბებიაქალმა მეწამული ძაფი შეაბა მას ამ სიტყვებით: „ეს გამოვიდა პირველი.“
29მან უკან წაიღო თავისი ხელი, გამოვიდა მისი ძმა. და თქვა ბებიაქალმა: „როგორ გამოარღვიე შენთვის ზღუდე?“ და უწოდეს მას სახელად ფერეცი.
30და შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, რომელსაც ხელზე ება მეწამული ძაფი, და უწოდეს მას სახელად ზერახი.

Currently Selected:

დაბ. 38: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in