YouVersion Logo
Search Icon

დაბ. 39

39
იოსების პატიმრობა
1იოსები ჩაყვანილ იქნა ეგვიპტეში, და ისმაელიანთაგან იყიდა იგი ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, მცველთა უფროსმა, ეგვიპტელმა კაცმა.
2და არ მიატოვა უფალმა იოსები, და იყო იგი წარმატებული კაცი, და ცხოვრობდა იგი თავისი ბატონის სახლში.
3და დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და, რასაც კი იგი აკეთებდა, უფალი ყველაფერში ხელს უმართავდა.
4და ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში, და ემსახურებოდა მას. და დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ხელთ ჩააბარა.
5და მას შემდეგ, რაც დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად, აკურთხა უფალმა სახლი ამ ეგვიპტელისა იოსების გამო, და იყო კურთხევა უფლისა ყველაფერზე, რაც ებადა სახლში და ველზე.
6და დატოვა ყველაფერი, რაც ებადა, იოსების ხელში. და აღარაფერზე ფიქრობდა, გარდა ჭამა-სმისა. და იყო იოსები მშვენიერი თვალად და ტანად.
7ამ ამბის შემდეგ იყო, რომ დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს თვალი და უთხრა: „დაწექი ჩემთან.“
8და იუარა იოსებმა, და უთხრა თავისი ბატონის ცოლს: „ჩემმა ბატონმა არც კი იცის, რა არის სახლში, რადგან ხელში ჩამაბარა ყველაფერი, რაც აბადია.
9არავინაა ჩემზე დიდი ამ სახლში. და ჩემთვის არაფერი დაუკავებია მას, შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. და როგორ ვქნა ეს დიდი ბოროტება და ღმერთს შევცოდო?“
10და ყოველდღე აწვევდა ქალი იოსებს, მაგრამ არ თანხმდებოდა იგი, რომ დაწოლილიყო და ყოფილიყო მასთან.
11და ერთ დღეს იოსები შევიდა სახლში თავის საქმეზე, და არავინ არ იყო სახლის კაცთაგან შინ.
12და ჩაეჭიდა ის მის სამოსელს, ამ სიტყვებით: „დაწექი ჩემთან!“ და მან ხელში შეატოვა თავისი სამოსელი, და გარეთ გავარდა და გაიქცა სახლიდან.
13და როცა მან დაინახა, რომ მან ხელში შეატოვა მას თავისი სამოსელი და გარეთ გაიქცა,
14დაუძახა მან თავისი სახლის კაცებს, და უთხრა მათ: „შეხედეთ, მოგვიყვანა მან ებრაელი კაცი ჩვენს დასაცინად! შემოვიდა ჩემთან დასაწოლად, მაგრამ ვიყვირე დიდი ხმით.
15და როცა გაიგონა ჩემი კივილი, შემომატოვა თავისი სამოსელი და კარიდან გავარდა.“
16და დაიდო მან მისი ტანსაცმელი თავისთან, თავისი ბატონის სახლში მოსვლამდე,
17და მოუთხრო მას ეს ამბავი, ამ სიტყვებით: „შემოვიდა ჩემთან შენი მოყვანილი ებრაელი მონა, რომ პატივი აეხადა ჩემთვის!
18და როცა ავიმაღლე ხმა და ვიკივლე, შემომატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გაიქცა!“
19და როცა მოისმინა მისმა ბატონმა თავისი ცოლის სიტყვები, ასე მომექცაო შენი მონა, ძალზე განრისხდა იგი.
20და წაიყვანა იოსები მისმა ბატონმა, და გადასცა იგი საპყრობილეში, სადაც დაპატიმრებული იყვნენ მეფის პატიმრები. და იყო იგი იქ, საპყრობილეში.
21მაგრამ უფალი იყო იოსებთან და მოჰფინა მას წყალობა, და მიანიჭა მას მადლი საპყრობილის უფროსის თვალში.
22და ჩააბარა საპყრობილის უფროსმა ყველა პატიმარი იოსებს ხელთ, და გახდა ის გამგებელი ყველაფრისა, რასაც კი ისინი აკეთებდნენ საპყრობილეში.
23საპყრობილის უფროსი აღარაფერზე ზრუნავდა, რადგან უფალი იყო იოსებთან და რასაც აკეთებდა, უფალი ყველაფერში ხელს უმართავდა.

Currently Selected:

დაბ. 39: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in