YouVersion Logo
Search Icon

დაბ. 40

40
მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი საპყრობილეში
1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის ფარაონის მწდეთუხუცესმა და მეპურეთუხუცესმა შესცოდეს თავიანთ ბატონს.
2და განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს: მწდეთუხუცესსა და მეპურეთუხუცესს.
3და გადასცა ისინი საპყრობილეში, მცველთაუფროსის სახლში, სადაც იოსები იყო დაპატიმრებული.
4და მცველთაუფროსმა მიუჩინა მათ იოსები, და ის ემსახურებოდა მათ. და ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში.
5და ერთ ღამეს ესიზმრა ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი, საკუთრივ ასახსნელი სიზმარი: მწდეთაუხუცესს და მეპურეთუხუცესსაც.
6და მივიდა დილით მათთან იოსები და დაინახა ისინი, და აჰა, დაღვრემილნი არიან.
7და ჰკითხა მან ფარაონის კარისკაცებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის საპყრობილეში: „რატომ გაქვთ დღეს თქვენ სახე მწუხარე?“
8და უთხრეს მას: „სიზმარი გვესიზმრა და არავინაა ამხსნელი.“ „განა უფლისგან არ არის მათი ახსნა?“ – უთხრა მათ იოსებმა: „მიამბეთ მე.“
9და უამბო მწდეთუხუცესმა თავისი სიზმარი იოსებს, და უთხრა: „ჩემს სიზმარში აჰა, ვაზია ჩემ წინაშე.
10და სამი რტო აქვს ვაზს. და როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო კვირტები და დამწიფდა მტევნები.
11და ფარაონის თასია ჩემს ხელთ. და ავიღე ყურძენი, ჩავწურე თასში და ხელის გულზე დავუდგი ფარაონს.“
12და უთხრა მას იოსებმა: „აჰა, მისი ახსნა: სამი რტო სამი დღეა.
13სამი დღის შემდეგ ფარაონი აგამაღლებს და დაგაბრუნებს შენს თანამდებობაზე. და მიაწვდი ფარაონს თასს ხელში, უწინდელი წესისამებრ, როცა მისი მწდე იყავი.
14ოღონდ გამიხსენე, როცა კარგად იქნები, და მიყავი წყალობა: გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან,
15რადგან მოპარული ვარ მე ებრაელთა ქვეყნიდან. და აქაც არაფერი ჩამიდენია, რომ ჩამაგდეს დილეგში.
16როცა დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კარგად ახსნა, უთხრა იოსებს: „მეც ვიხილე სიზმარი: აჰა, სამი მოწნული კალათა მადგას თავზე,
17და ზემო კალათაში ფარაონის ყოველგვარი სანოვაგეა, ხაბაზის ნახელავი, და ფრინველი ჰკენკავს მას ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან.“
18და მიუგო იოსებმა და უთხრა: „ესაა მისი ახსნა: სამი კალათა სამი დღეა.
19სამი დღის შემდეგ ფარაონი მოგკვეთს თავს და ჩამოგკიდებს ხეზე. და ფრინველი შეჭამს შენს ხორცს.“
20მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო, და გაუმართა ფარაონმა ნადიმი თავის ყველა მსახურს და გაიხსენა თავისი მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი.
21და დააბრუნა მწდეთუხუცესი თავისავე თანამდებობაზე, და იგი კვლავ მიართმევდა ფიალას ფარაონს;
22ხოლო მეპურეთუხუცესი ჩამოჰკიდა, როგორც აუხსნა მას იოსებმა.
23და არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, არამედ დაავიწყდა იგი.

Currently Selected:

დაბ. 40: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in