დაბ. 41
41
ფარაონის სიზმარი
1და ორი წლის თავზე ესიზმრება ფარაონს: აჰა, დგას ნილოსის პირას,
2აჰა, ნილოსიდან ამოდის ლამაზი შესახედავი, ხორცსავსე შვიდი ძროხა, და ბალახობენ ლელიანში.
3და აჰა, მათ შემდეგ ნილოსიდან ამოდის კიდევ შვიდი სხვა ძროხა, ცუდი შესახედაობისა და დამჭლევებულნი, და დგებიან იმ ძროხების გვერდით ნილოსის პირას.
4და შეჭამეს შეუხედავმა და ხორცდამჭლევებულმა ძროხებმა შვიდი ლამაზი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა. და ამაზე გაეღვიძა ფარაონს.
5მან კვლავ დაიძინა და ესიზმრა მეორედ: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და კარგი.
6და აჰა, მათ შემდეგ აღმოცენდა შვიდი გამოფიტული და ხორშაკისაგან გარუჯული თავთავი.
7და შთანთქეს გამოფიტულმა თავთავებმა შვიდი საღი და სავსე თავთავი. და გამოეღვიძა ფარაონს და აჰა, ეს იყო სიზმარი.
8და დილით შეშფოთდა მისი სული, და დაგზავნა და იხმო ეგვიპტის ყველა გრძნეული და ყველა ბრძენი, და უამბო ფარაონმა მათ თავისი სიზმარი. და ვერავინ ვერ აუხსნა ისინი ფარაონს.
9და უთხრა ფარაონს მწდეთუხუცესმა: „ჩემს ცოდვებს ვიხსენებ მე დღეს:
10ფარაონი განურისხდა თავის მსახურებს, და გადამცა მე ტუსაღად მცველთა უფროსის სახლში მეპურეთუხუცესთან ერთად.
11და გვესიზმრა სიზმარი ერთ ღამეს მე და მას, თითოეულს საკუთრივ ასახსნელი სიზმარი გვესიზმრა.
12და იქ ჩვენთან იყო ებრაელი ყმაწვილი, მცველთა უფროსის მსახური. და ვუამბეთ მას ჩვენი სიზმრები, და აგვიხსნა მან ისინი საკუთრივ.
13და როგორც აგვიხსნა ჩვენ, ისე აგვიხდა: ჩემს თანამდებობაზე დამაბრუნა მე ფარაონმა, ის კი ჩამოჰკიდა.“
14და მიავლინა ფარაონმა და იხმო იოსები. და ის სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. და გაიპარსა და გამოიცვალა სამოსელი, და მივიდა ფარაონთან.
15და უთხრა იოსებს ფარაონმა: „მესიზმრა მე სიზმარი, და არავინაა მისი ამხსნელი. და მე გავიგე შენზე, რომ იცი სიზმრების ახსნა.“
16და მიუგო იოსებმა ფარაონს: „მე რა შემიძლია, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ.“
17და მოუყვა ფარაონი იოსებს: „მე მესიზმრა: აჰა, ვდგავარ მდინარის პირას.
18და აჰა, ნილოსიდან ამოდის შვიდი ხორცსავსე და შესახადავად ლამაზი ძროხა, და ლელიანში დაიწყეს ძოვა.
19აჰა, მათ შემდეგ ამოდის სხვა შვიდი ძროხა, მეტისმეტად უგვანი და ხორცდამჭლევებული. ეგვიპტის მთელ ქვეყანაში მათზე უგვანი არაფერი მინახავს.
20და შეჭამეს დამჭლევებულმა და უგვანმა ძროხებმა წინა შვიდი საღი ძროხა.
21და შევიდნენ მათ შიგანში, და არ ეტყობოდათ, რომ ისინი შევიდნენ მათ შიგანში, და ისეთივე უგვანები დარჩნენ, როგორიც იყვნენ, და გამომეღვიძა.
22და აჰა, ვიხილე სიზმარი: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და კარგი.
23და აჰა, შვიდი თავთავი გამოფიტული, წვრილი და ხორშაკისაგან გარუჯული, აღმოცენდა მათ შემდეგ.
24და შთანთქეს წვრილმა თავთავებმა შვიდი კარგი თავთავი. და ვუამბე მე ეს მისნებს, მაგრამ ვერავინ ამიხსნა.“
25და უთხრა იოსებმა ფარაონს: „ამ სიზმრებს ერთი ახსნა აქვთ, რომ ღმერთი გააკეთებს იმას, რაც მან უკვე აცნობა ფარაონს.
26შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელია, და შვიდი კარგი თავთავიც შვიდი წელია: ეს ერთი სიზმარია.
27და შვიდი ძროხა, დამჭლევებული და უგვანი, მათ შემდეგ მოსული, შვიდი წელია. და შვიდი გამოფიტული თავთავი, ხორშაკისაგან გარუჯული, შიმშილის შვიდი წელია.
28ამიტომ ვუთხარი ფარაონს, ღმერთმა უჩვენა ფარაონს, რისი გაკეთებაც სურს.
29და აი, მოდის დიდმოსავლიანი შვიდი წელი ეგვიპტის ქვეყანაში.
30და მის შემდეგ დადგება შიმშილის შვიდი წელიწადი. და დავიწყებული იქნება მთელი სიუხვე ეგვიპტის ქეყანაში, და დააუძლურებს შიმშილი ქვეყანას.
31და აღარავის ეცოდინება, რომ სიუხვე იყო ქვეყანაში, იმ შიმშილის გამო, რომელიც შემდეგ დადგება, რადგან ის მეტისმეტად მძიმე იქნება.
32და რომ ის გაუმეორდა ფარაონს ორჯერ, ეს იმიტომ, რომ ეს საქმე ღვთისაგანაა და ჩქარობს ღმერთი მის აღსრულებას.
33და ახლა გამონახოს ფარაონმა და დააყენოს გონიერი და ბრძენი კაცი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.
34და ბრძანოს ფარაონმა, და განაწესოს ზედამხედველნი ქვეყანაზე. და ახდევინოს მეხუთედი ეგვიპტის ქვეყანას სიუხვის შვიდ წელიწადში.
35და დააგროვონ მომავალი კარგი წლების მთელი საზრდო, და დაახვავონ ხორბალი ქალაქთა საზრდოდ ფარაონის გამგებლობაში, და გაუფრთხილდნენ.
36და იქნება ეს საზრდო ქვეყნისათვის მარაგად შვიდწლიანი შიმშილის დროს, რომელიც დადგება ეგვიპტის ქვეყანაში. და არ გაწყდება ქვეყანა შიმშილით.“
37და მოეწონათ ფარაონსა და ყველა მის მსახურს ეს სიტყვა.
38და უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: „ნუთუ ვიპოვით ჩვენ ასეთ კაცს, როგორც ეს არის, კაცს, რომელშიც ღვთის სული იქნება?“
39და უთხრა ფარაონმა იოსებს: „რაკი ღმერთმა გაუწყა ეს, არავინაა შენზე გონიერი და ბრძენი!
40შენ იქნები ჩემს სახლზე და შენს ბაგეს დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი. და მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული.“
41და უთხრა ფარაონმა იოსებს: „აჰა, დამიდგენიხარ მთელი ეგვიპტის ქვეყანაზე.“
42და მოიძრო ფარაონმა ხელიდან თავისი ბეჭედი, და გაუკეთა იოსებს ხელზე და შემოსა იგი ბისონის სამოსლით, და ჩამოჰკიდა მას ოქროს შიბი კისერზე.
43ბრძანა მოეტარებინათ იგი თავისი მეორე ეტლით. და გამოეცხადებინათ მის წინაშე: „დაიჩოქეთ“ და დაადგინა იგი მთელი ეგვიპტის ქვეყანაზე.
იოსების ქორწინება
44და უთხრა ფარაონმა იოსებს: „მე ვარ ფარაონი და უშენოდ ვერავინ ვერ გაძრავს ვერც ხელსა და ვერც ფეხს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.“
45და უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფანეახი, და მისცა მას ცოლად ასენათი, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასული. და გავიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში.
46ოცდაათი წლის იყო იოსები, როცა წარდგა ეგვიპტის ფარაონის წინაშე. და გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა მთელი ეგვიპტის ქვეყანა.
47და სიუხვის შვიდწლეულში წარმოქმნა მიწამ სავსე პეშვი.
48და შეაგროვა მან შვიდი წლის მთელი ხორბლის მოსავალი, რომელიც იყო ეგვიპტის ქვეყანაში, და გააკეთა საზრდოს მარაგი ქალაქებში. და თითოეულ ქალაქში შეინახა საზრდო მინდვრისა, რომელიც გარს ერტყა ქალაქს.
49და დაახვავა იოსებმა ხორბალი ზღვის ქვიშასავით, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან აღარ იყო სათვალავი.
50შიმშილის წელიწადის დადგომამდე იოსებს შეეძინა ორი ვაჟი, რომლებიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის, ასულმა.
51და უწოდა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: „დამავიწყა მე ღმერთმა ყოველი ტანჯვა და მთელი სახლი მამაჩემისა.“
52და უწოდა მეორეს სახელად ეფრემი, რადგან თქვა: „ნაყოფიერმყო მე ღმერთმა ჩემი ტანჯვის ქვეყანაში.“
53და დასრულდა შვიდი წელიწადი სიუხვისა, რომელიც იყო ეგვიპტის ქვეყანაში.
54და დაიწყო შიმშილის შვიდი წელიწადი, როგორც თქვა იოსებმა. და იყო შიმშილი ყველა ქვეყანაში, ეგვიპტელებს კი ჰქონდათ პური.
55და როცა ეგვიპტის ქვეყანაშიც დაიწყო შიმშილი, შეჰღაღადა ხალხმა ფარაონს პურისათვის. და უთხრა ფარაონმა მთელ ეგვიპტეს: „მიდით იოსებთან და, რასაც ის გეტყვით, გააკეთეთ!“
56და იყო შიმშილი მთელს მიწის პირზე და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში ძლიერდებოდა.
57და ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ ეგვიპტეში იოსებთან პურის საყიდლად, რადგან გაძლიერდა შიმშილი ქვეყანაზე.
Currently Selected:
დაბ. 41: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002