YouVersion Logo
Search Icon

იოან. 19

19
ჯვარცმა
1მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა.
2ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, და ძოწეული მოახურეს.
3მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“ და სახეში სცემდნენ.
4კვლავ გამოვიდა პილატე გარეთ და უთხრა მათ: „აჰა, მე გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.“
5გამოვიდა იესო გარეთ, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი, და უთხრა მათ პილატემ: „აჰა, კაცი!“
6როცა იხილეს იგი მღვდელმთავრებმა და მხლებლებმა, იყვირეს: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: „თავად წაიყვანეთ და აცვით ჯვარს, ვინაიდან მე ვერ ვპოულობ მასში ბრალს.“
7მიუგეს მას იუდეველებმა: „ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულით უნდა მოკვდეს, ვინაიდან თავი ღვთის ძედ გაიხადა.“
8როცა მოისმინა პილატემ ეს სიტყვა, უფრო შეეშინდა,
9კვლავ შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: „საიდან ხარ?“ მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა მას.
10ეუბნება მას პილატე: „მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ ხელმწიფება მაქვს შენს განტევებაზე და შენს ჯვარცმაზე?“
11მიუგო იესომ: „არავითარი ხელმწიფება არ გექნება ჩემზე, მაღლიდან თუ არ მოგეცა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა შენ, უფრო დიდი ცოდვა აქვს.“
12ამის შემდეგ პილატე შეეცადა მის გათავისუფლებას, მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: „თუ ამას გაათავისუფლებ, არა ხარ მეგობარი კეისრისა, რადგან, ვინც მეფედ ხდის თავს, კეისარს ეურჩება.“
13პილატემ რომ ეს სიტყვები მოისმინა, იესო გარეთ გაიყვანა და დაჯდა მსაჯულის ტახტზე, ადგილზე, რომელსაც ქვაფენილი ეწოდებოდა, ებრაულად კი გაბათა.
14პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი, და უთხრა იუდეველებს: „აჰა, თქვენი მეფე.“
15მათ კი იყვირეს: „შორს, შორს! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: „თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?“ მიუგეს მღვდელმთავრებმა: „ჩვენ არ გვყავს მეფე, გარდა კეისრისა!“
16მაშინ გადასცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო.
17თავად მოიკიდა ჯვარი და გავიდა თხემის ადგილზე, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია,
18სადაც ჯვარს აცვეს იგი, მასთან ერთად, აქეთ-იქით, ორი სხვა, შუაში კი – იესო.
იუდეველთა მეფე
19პილატემ წარწერაც გააკეთებინა ფიცარზე და ჯვარს მიამაგრა. ეწერა: „იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე“.
20ბევრი იუდეველი კითხულობდა ამ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად.
21უთხრეს პილატეს იუდეველმა მღვდელმთავრებმა: „ნუ დაწერ: ‘იუდეველთა მეფე’, არამედ, როგორც თავად თქვა: ‘იუდეველთა მეფე ვარ’.“
22მიუგო პილატემ: „რაც დავწერე, დავწერე.“
წილისყრა კვართზე
23ჯარისკაცებმა, როცა ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და გაყვეს ოთხ წილად, თითოეულ ჯარისკაცს შეხვდა თითო წილი, და ცალკე იყო კვართი. კვართი კი უკერველი იყო, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი.
24უთხრეს ერთმანეთს: „ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება.“ რათა აღსრულებულიყო წერილი: „გაინაწილეს ჩემი სამოსელი და წილი ჰყარეს ჩემს კვართზე.“ ჯარისკაცებმაც ასე გააკეთეს.
იესოს დედა
25იდგნენ იესოს ჯვართან დედამისი, დედამისის და – მარიამ კლეოპასი – და მარიამ მაგდალელი.
26იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა, და ეუბნება დედას: „ქალო, აჰა, შენი ძე!“
27მერე მოწაფეს ეუბნება: „აჰა, დედაშენი!“ და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი.
იესოს სიკვდილი
28ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი წერილის აღსასრულებლად, თქვა: „მწყურია!“
29იქ ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსუპს და პირთან მიუტანეს.
30როცა მიიღო ძმარი იესომ, თქვა: „აღსრულდა!“ და მიიდრიკა თავი და სული განუტევა.
31იუდეველებმა, რაკი პარასკევი იყო, და გვამები შაბათს რომ არ დარჩენილიყო ჯვარზე (ის შაბათი კი დიდი დღე იყო), სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ.
32მოვიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულებს, ერთსაც და მეორესაც.
33იესოსთან მისულებმა, როცა დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტვრიეს წვივები.
34მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი.
35მხილველმა დაამოწმა ეს და მისი მოწმობა ჭეშმარიტია. მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენ ირწმუნოთ.
36რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: „მისი ძვალი არ შეიმუსრება.“
37ასევე სხვა წერილიც ამბობს: „შეხედავენ მას, რომელსაც უგმირეს.“
დაკრძალვა
38ამის შემდეგ სთხოვა პილატეს იოსებ არიმათიელმა, რომელიც იესოს მოწაფე იყო, ოღონდ ფარული, იუდეველთა შიშის გამო, ნება მიეცა მისთვის წაეღო იესოს ცხედარი. პილატემ დართო ნება. მივიდა იგი და წაიღო მისი ცხედარი.
39მოვიდა ნიკოდემოსიც, უწინ ღამით რომ ეწვია იესოს, და მოუტანა ასიოდე ლიტრა სმირნისა და ალოეს ნაზავი.
40აიღეს და შეახვიეს იესოს ცხედარი ტილოში სურნელებასთან ერთად, როგორც მიღებულია იუდეველებში დამარხვისას.
41იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს იგი, ბაღი იყო, ბაღში კი – ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ ჩაესვენებინათ.
42იქ ჩაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.

Currently Selected:

იოან. 19: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in