იოან. 20
20
ცარიელი სამარხი
1ერთშაბათს, დილაადრიან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და ხედავს, რომ ლოდი გადაგორებულია სამარხიდან.
2გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: „უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დადეს.“
3მაშინვე გამოვიდნენ პეტრე და სხვა მოწაფე და მივიდნენ სამარხთან.
4ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფე პეტრეზე სწრაფად გაიქცა და პირველი მივიდა სამარხთან.
5დაიხარა და დაინახა დაწყობილი ტილოები, მაგრამ არ შესულა.
6მივიდა სიმონ-პეტრეც მის შემდეგ, და შევიდა სამარხში და დაინახა დაწყობილი ტილოები.
7სუდარა, თავზე რომ ეხვია, იმ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იყო დახვეული ერთ ადგილას.
8მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, სამარხთან პირველი რომ მივიდა, და იხილა და იწამა,
9რადგან აქამდე არ იცოდნენ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.
10წავიდნენ კვლავ თავ-თავისთვის მოწაფეები.
აღმდგარი უფალი ეცხადება
მარიამ მაგდალელს
11მარიამი კი იდგა სამარხთან, გარეთ და ტიროდა. და მტირიალი სამარხისაკენ დაიხარა,
12და დაინახა თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი, მსხდომარენი ერთი თავთით და მეორე ფერხთით, სადაც იესოს გვამი ესვენა.
13უთხრეს მას: „ქალო, რატომ სტირი?“ ეუბნება მათ: „ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დადეს.“
14ამის თქმისას მოტრიალდა და დაინახა მდგომარე იესო. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.
15ეუბნება მას იესო: „ქალო, რატომ სტირი, ვის ეძებ?“ მას მებაღე ეგონა იგი და ეუბნება მას: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ.“
16ეუბნება მას იესო: „მარიამ!“ მოტრიალდა მარიამი და ებრაულად უთხრა: „რაბუნი!“ (რაც ნიშნავს: მოძღვარო)
17ეუბნება მას იესო: „არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.“
18მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ უფალი იხილა და ეს უთხრა მას.
იესო ორჯერ ეცხადება შეკრებილ მოწაფეებს
19იმავე დღის საღამოჟამს, ერთშაბათს, როცა იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში, და უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!“
20ეს რომ თქვა, უჩვენა ხელებიცა და ფერდიც. მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით.
21კვლავ უთხრა მათ იესომ: „მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ.“
22ეს რომ თქვა, სული შეუბერა და ეუბნება: „მიიღეთ სულიწმიდა.
23ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ.“
24თომა, ერთი თორმეტთაგანი, ტყუპისცალად წოდებული, არ იყო მათთან, როცა იესო მოვიდა.
25უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: „ჩვენ ვიხილეთ უფალი.“ მან უთხრა მათ: „თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვიხილავ და ნალურსმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში – საკუთარ ხელს, არ ვიწამებ!
26რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო ჩაკეტილ კარებში, დადგა შუაში და თქვა: „მშვიდობა თქვენდა.“
27მერე თომას ეუბნება: „მოიტა აქ შენი თითი და გასინჯე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ.“
28მიუგო თომამ და უთხრა მას: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“
29ეუბნება მას იესო: „შენ მირწმუნე იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს.“
30ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ მოწაფეების წინაშე, რაც ამ წიგნში არ დაწერილა.
31ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და, რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.
Currently Selected:
იოან. 20: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002