YouVersion Logo
Search Icon

Genesis 30

30
1და დაინახა რახელმა, რომ შვილს ვერ უჩენდა იაკობს და შეშურდა თავისი დისა. და უთხრა იაკობს: „მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები.“ 2განურისხდა რახელს იაკობი და თქვა: „ღმერთი ხომ არა ვარ, რომ მუცლის ნაყოფს მე გიბრკოლებდე?“ 3და უთხრა ქალმა: „აჰა, ბილჰა, ჩემი მხევალი. შედი მასთან და შობოს ჩემს მუხლებზე, რათა გავშვილიანდე მისგან.“ 4და მისცა ბილჰა, თავისი მხევალი, ცოლად, და შევიდა იაკობი მასთან. 5და დაორსულდა ბილჰა და უშვა იაკობს ძე. 6და თქვა რახელმა: „განმსაჯა ღმერთმა და კიდეც შეისმინა ჩემი და მომცა ძე.“ ამიტომ დაარქვა სახელად მას დანი. 7და კვლავ დაორსულდა ბილჰა, რახელის მხევალი და უშვა მეორე ძე იაკობს. 8და თქვა რახელმა: „ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც.“ და დაარქვა ძეს სახელად ნაფთალი.
9და დაინახა ლეამ, რომ შეუწყდა შვილიერება. და მისცა ზილფა, თავისი მხევალი, იაკობს ცოლად. 10და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს ძე. 11და თქვა ლეამ: „საბედნიეროდ!“ და უწოდა ვაჟს სახელად გადი. 12და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, მეორე ძე იაკობს. 13და თქვა ლეამ: „ნეტარი ვარ, რადგან ნეტარად შემრაცხენ ქალები.“ და დაარქვა სახელად ძეს აშერი.
14გავიდა რეუბენი მკის დროს მინდორში და იპოვა მანდრაგორები,#30:14 მანდრაგორები: სხვაგვარად – „სიყვარულის ვაშლი.“ ფიქრობდნენ, რომ მათი ჭამა ასტიმულირებს და დაორსულებას უწყობს ხელს და მიართვა ისინი ლეას, თავის დედას. და უთხრა რახელმა ლეას: „მიწილადე შენი შვილის მანდრაგორები.“ 15და უთხრა მან: „არ გეყო, რომ ქმარი წამართვი და ახლა ჩემი ძის მანდრაგორებსაც მართმევ?“ და უთხრა მას რახელმა: „კარგი, ამაღამ შენთან დაწვეს იაკობი, ოღონდ მომეცი შენი შვილის მანდრაგორები.“ 16და როცა დაბრუნდა იაკობი ველიდან საღამო ჟამს, გამოეგება ლეა და უთხრა: „შემოდი ჩემთან, რადგან გამოგისყიდე ჩემი ძის მანდრაგორებით.“ და დაწვა მასთან იგი იმ ღამეს. 17და უსმინა ღმერთმა ლეას და დაორსულდა, და უშვა მეხუთე ძე იაკობს. 18და თქვა ლეამ: „საზღაურად მომცა ღმერთმა, რადგან მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს.“ და უწოდა ბავშვს სახელად ისაქარი. 19და კვლავ დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეექვსე ძე. 20და თქვა ლეამ: „დიდებული საჩუქარი მარგუნა ღმერთმა! ახლა კი შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ძე ვუშვი მას.“ და დაარქვა სახელად ძეს ზებულუნი. 21შემდეგ შვა ასული და დაარქვა სახელად დინა.
22და გაიხსენა ღმერთმა რახელი, უსმინა მას ღმერთმა და გაუხსნა საშო. 23და დაორსულდა და შვა ძე, და თქვა: „ამაშორაო ღმერთმა შერცხვენას.“ 24და დაარქვა სახელად იოსები, და თქვა: სხვა ძესაც შემძენსო უფალი.
25მას შემდეგ, რაც შვა რახელმა იოსები, უთხრა იაკობმა ლაბანს: „გამიშვი, რომ ჩემს მხარეში, ჩემს ქვეყანაში წავიდე. 26გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვის გემსახურებოდი და წავალ, რადგან შენ თავად უწყი, როგორ გემსახურებოდი.“ 27და უთხრა მას ლაბანმა: „ნეტავ მადლი ვპოვო შენს თვალში! ნამკითხავები მაქვს, რომ შენს გამო მაკურთხა უფალმა.“ 28და კვლავ თქვა: „მითხარი, რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ.“ 29და უთხრა მას იაკობმა: „შენ თავად უწყი, როგორ გემსახურე და როგორ გამრავლდა შენი ფარები ჩემს ხელში. 30რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და გაგიმრავლდა. და გაკურთხა შენ უფალმა ჩემი მოსვლით. და როდისღა ვიზრუნო ჩემს სახლზე?“ 31და თქვა ლაბანმა: „რა მოგცე?“ და თქვა იაკობმა: „ნუ მომცემ ნურაფერს, თუ გამიკეთებ იმ საქმეს, რასაც გეტყვი, კვლავ დავმწყემსავ შენს ფარებს და მოვუვლი მათ. 32დღეს გავიაროთ შენს ფარებში. გამოარჩიე იქიდან ყველა ხატულა და ჭრელი ცხვარი, და ყველა შავი ცხვარი, და ჭრელი და ხატულა თხა – ეს იყოს ჩემი გასამრჯელო. 33ადვილად დარწმუნდები ჩემს სიმართლეში ხვალ, როცა გასამრჯელოს გასასტუმრებლად მოხვალ: და თუ ნახავ, რომ მე გასამრჯელოში ამიყვანია ჩემთვის ხატულა, ჭრელი ან შავი ფერის ცხვრის ან თხის გარდა სხვა პირუტყვი, ნაქურდლად ჩამითვალე.“ 34და თქვა ლაბანმა: „კეთილი, ეგრე იყოს!“ 35და ცალკე გარეკა იმ დღეს ლაბანმა ყველა ხატულა და ჭრელი ვაცი, ყველა ხატულა და ჭრელი დედა ცხვარი, ყველა პირუტყვი, რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი, და თავის შვილებს ჩააბარა. 36და დასცილდა ის სამი დღის სავალზე იაკობს, რომელიც მწყემსავდა ლაბანის დანარჩენ ფარას.
37და აიღო იაკობმა ალვის ხის, ნუშისა და ჭადრის ნედლი წნელები, და ალაგ-ალაგ შემოჭრა ქერქი ისე, რომ თეთრი ზოლები გამოჩენილიყო. 38და დაჭრელებული წნელები ჩააწყო დასარწყულებელ გეჯებში, სადაც მოდიოდა ფარა წყლის სასმელად და მოსული პირუტყვი ახურდებოდა ხოლმე. 39და ხურდებოდა ცხვარი ამ წნელებთან და შობდნენ ხატულა, ხალებიან და ჭრელ ბატკნებს. 40და გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს, და ლაბანის ხატულა და შავი ფარისაკენ უზამდა პირს. თავისი პირუტყვი კი ცალკე ჰყავდა და არ აჩერებდა ლაბანის ფარასთან. 41და ჯანსაღი ფარის ახურებისას ცხვრის თვალწინ ჩაყრიდა ხოლმე იაკობი წნელებს გეჯებში, რომ ახურებულიყვნენ ისინი. 42თუ ფარა სუსტი იყო, წნელებს არ ჰყრიდა გეჯებში. ლაბანს სუსტი რჩებოდა, იაკობს – ჯანსაღი. 43და დიდად გამდიდრდა იაკობი, და ჰყავდა მრავალი ცხვარი, მხევლები და მსახურები, აქლემები და ვირები.

Currently Selected:

Genesis 30: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in