დაბ. 9
9
ღმერთის აღთქმა ნოესთან
1და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძენი, და უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, და აღავსეთ მიწა.“
2და ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს, და ყოველივეს, რაც იძვრის მიწაზე, ჰქონდეს თქვენი შიში და ძრწოლა. და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთაა მოცემული.
3ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება საჭმელი იყოს თქვენთვის, როგორც მწვანე ბალახი. თქვენ გაძლევთ ყველაფერს.
4მხოლოდ ხორცს მისი სულითურთ და მისი სისხლითურთ ნუ შეჭამთ.
5და თქვენს სისხლს მოვიკითხავ ყოველი ცხოველისაგან და ადამიანის ხელისაგან, მისი ძმის ხელისაგან მოვიკითხავ ადამიანის სულს.
6და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.
7და თქვენ კი ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოშენდით მიწაზე და მომრავლდით მასზე“.
8და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად:
9„მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან და თქვენს შთამომავლობასთან თქვენს შემდეგ,
10და ყოველ ცოცხალ არსებასთან, რომელიც კი თქვენთანაა: ფრინველთან, პირუტყვთან, მიწის ყოველ ცხოველთან, რომელნიც თქვენთან არიან, კიდობნიდან ყოველ გამოსულთან.
11და მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან, რომ ამიერიდან აღარ მოისპობა წარღვნის წყლებით არც ერთი ხორციელი და მეტად აღარ მოხდება წარღვნა მიწის დასაღუპავად.“
12და თქვა ღმერთმა: „ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, აღთქმა სამარადისო იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ.
13ჩემი ცისარტყელა ჩავდევი ღრუბელში ჩემსა და მიწას შორის აღთქმის ნიშნად.
14და როცა გადავაფარებ ღრუბელს მიწას, მაშინ გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა,
15გავიხსენებ ჩემს აღთქმას, რომელიცაა ჩემსა და თქვენს შორის, ყოველ ცოცხალ არსებასა და ხორციელს შორის, და მეტად აღარ მოვა წარღვნის წყალი ყოველი ხორციელის დასაღუპავად.
16და იქნება ცისარტყელა ღრუბელში, და ვიხილავ მას, რათა გავიხსენო საუკუნო აღთქმა ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი მიწაზეა“.
17და უთხრა ღმერთმა ნოეს: „ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავადგინე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რაც კი მიწაზეა“.
ნოეს ძენი
18და იყვნენ ესენი ძენი ნოესი, გამოსულნი კიდობნიდან: სემი, ქამი და იაფეთი. და იყო ქამი მამამთავარი ქანაანისა.
19ესენი იყვნენ ნოეს სამნი ძენი, და მათგან განევრცო მოსახლეობა მთელ მიწაზე.
20და იწყო ნოემ, მიწისმუშაკმა, ვენახის გაშენება.
21და შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.
22და იხილა ქამმა, ქანაანის მამამ, თავისი მამის სიშიშვლე, და უთხრა ეს თავის ორ ძმას.
23და აიღეს სემმა და იაფეთმა მამის სამოსელი, და დაიდეს მხრებზე, და წავიდნენ პირშექცევით და დაფარეს თავიანთი მამის სიშიშვლე. და რადგან პირი უკან ჰქონდათ შექცეული, თავიანთი მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.
24და გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, თუ როგორ მოექცა მას უმცროსი ძე.
25და თქვა: „წყეულიმც იყოს ქანაანი! მსახურთა მსახური იყოს თავისი ძმებისათვის.“
26და თქვა: „კურთხეულია უფალი, ღმერთი სემისა. და იყოს ქანაანი მისი მსახური.
27და განავრცოს ღმერთმა იაფეთი და დაემკვიდროს სემის კარვებში, და იყოს ქანაანი მისი მსახური“
28და იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.
29და იყო ნოეს სრული ხანი ცხრაას ორმოცდაათი წელი და მოკვდა.
Voafantina amin'izao fotoana izao:
დაბ. 9: GEO02
Asongadina
Hizara
Dika mitovy
Tianao hovoatahiry amin'ireo fitaovana ampiasainao rehetra ve ireo nasongadina? Hisoratra na Hiditra
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002