დაბ. 12
12
აბრამის მოწოდება
1და უთხრა უფალმა აბრამს: „დატოვე შენი ქვეყანა, შენი შობის ადგილი და შენი მამის სახლი, და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ.
2და გაქცევ დიდ ერად, და გაკურთხებ, და განვადიდებ შენს სახელს და იქნები კურთხეული.
3და ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს. და შენში იკურთხება მიწის ყოველი ტომი“.
4და წავიდა აბრამი, როგორც უთხრა მას უფალმა, და მასთან ერთად წავიდა ლოტიც. და იყო აბრამი სამოცდათხუთმეტი წლისა ხარანიდან გასვლისას.
5და წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, ყველა მსახური, რომელნიც შეიძინა, და მთელი ქონება, რომელიც მოიხვეჭა ხარანში, და წავიდნენ ქანაანის ქვეყანაში, და მივიდნენ იქ.
6და გადაიარა აბრამმა ის ქვეყანა შექემის ადგილამდე, მორეს მუხამდე. და ქანაანელნი ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
7და გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: „შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას“. და აბრამმა იქ აუშენა სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას.
8და წავიდა იქიდან მთისაკენ, ბეთელის აღმოსავლეთით, და გაშალა იქ კარავი. ბეთელი იყო დასავლეთით, ხოლო ჰაღაი აღმოსავლეთით და იქ აუშენა სამსხვერპლო უფალს, და მოუხმო უფლის სახელს.
9და დაიძრა აბრამი და გააგრძელა სვლა სამხრეთისაკენ.
აბრამი ეგვიპტეში
10და იყო შიმშილი იმ ქვეყანაში და წავიდა აბრამი საცხოვრებლად ეგვიპტეში, რადგან შიმშილი ძალზე მძვინვარებდა.
11და როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, აბრამმა უთხრა სარაის: „ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ.
12დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან, მისი ცოლიაო, მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.
13ამიტომ თქვი რა, რომ შენ ჩემი და ხარ, რათა შენს გამო გადავრჩე და იცოცხლოს ჩემმა სულმა შენი წყალობით.“
14და როცა მივიდა აბრამი ეგვიპტეში, ეგვიპტელებმა დაინახეს, რომ ეს ქალი ძალიან ლამაზი იყო.
15დაინახეს ის ფარაონის დიდებულებმა, შეაქეს იგი ფარაონის წინაშე; და წარდგენილ იქნა ეს ქალი ფარაონის კარზე.
16და აბრამს კარგად ექცეოდნენ მისი ცოლის გულისათვის. და მას ჰყავდა ცხვარი და პირუტყვი, სახედრები და აქლემები, მსახურნი და მხევალნი.
17და დიდი სენი შეჰყარა უფალმა ფარაონს და მის სახლს სარაის, აბრამის ცოლის, გამო.
18და მოიხმო ფარაონმა აბრამი, და უთხრა: „ეს რა მიყავი! რად არ მითხარი, რომ შენი ცოლი იყო იგი?
19რადა თქვი, ჩემი და არისო? მე ხომ მის ცოლად მოყვანას ვაპირებდი! აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადით აქედან!“
20და ამცნო ფარაონმა ეს ხალხს. და გაისტუმრეს აბრამი და მისი ცოლი, და წაიღეს მათ, რაც ებადათ.
Aktuálne označené:
დაბ. 12: GEO02
Zvýraznenie
Zdieľať
Kopírovať
Chceš mať svoje zvýraznenia uložené vo všetkých zariadeniach? Zaregistruj sa alebo sa prihlás
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002