Mufananidzo weYouVersion
Mucherechedzo Wekutsvaka

დაბ. 28

28
იაკობი ბეთელში
1და მოუხმო ისაკმა იაკობს და აკურთხა იგი, და ამცნო მას და უთხრა: „ცოლი ქანაანის ასულთაგან არ მოიყვანო.
2წადი შუამდინარეთში, დედაშენის მამის, ბეთუელის, სახლში, და იქიდან აირჩიე შენთვის ცოლად ლაბანის, დედაშენის ძმის, ასულთაგან.
3და ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაკურთხოს შენ, განაყოფიეროს და შენგან წარმოიქმნას მრავალრიცხოვანი ხალხები.
4და მოგცეს შენ აბრაამის კურთხევა, შენ და შენს თესლს შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს.
5და გაუშვა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ლაბანთან შუამდინარეთში, არამელ ბეთუელის ძესთან, იაკობისა და ესავის დედის, რებეკას ძმასთან.
6და დაინახა ესავმა, რომ ისაკმა აკურთხა იაკობი და გაუშვა ის შუამდინარეთში ცოლის შესართავად, და ამცნო და უთხრა მისი კურთხევისას: „არ მოიყვანო ცოლად ქანაანის ასულთაგან.“
7და გაუგონა იაკობმა თავის მამასა და თავის დედას, და წავიდა შუამდინარეთში.
8და ისიც დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა ისაკს, მამამისს ქანაანის ასულები.
9და წავიდა ესავი ისმაელთან და წამოიყვანა მახალათი, ასული ისმაელისა, აბრაამის ძისა, დაი ნებაიოთისა, თავისთვის ცოლად, თავისი ცოლების გარდა.
10და დატოვა იაკობმა ბეერ-შებაყი და წავიდა ხარანს.
11და მიადგა ერთ ადგილს, სადაც დარჩა ღამის გასათევად. რადგან მზე უკვე ჩაესვენა. აიღო იმ ადგილის ქვათაგან და დაიდო სასთუმლად, და დაწვა იმ ადგილას დასაძინებლად.
12და ესიზმრა: კიბე იდგა მიწაზე და მისი თავი სწვდებოდა ცას. და ღვთის ანგელოზნი ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე.
13და უფალი იდგა მასზე ზემოთ და ამბობდა: „მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა, და ღმერთი ისაკისა. მიწას, რომელზეც წევხარ, მე მოგცემთ შენ და შენს თესლს.
14და იქნება შენი თესლი, როგორც ქვიშა მიწისა, და განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. და იკურთხება შენით და შენი შთამომავლობით ყოველი ტომი მიწისა.
15მე შენთან ვარ, და დაგიცავ ყველგან, სადაც კი წახვალ. და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, რადგან არ მიგატოვებ, ვიდრე არ გავაკეთებ იმას, რაც გითხარი.“
16და როცა გაიღვიძა იაკობმა ძილიდან, თქვა: „ჭეშმარიტად უფალია ამ ადგილზე და მე არ ვიცოდი!“
17და შეეშინდა და თქვა: „რა თავზარდამცემია ეს ადგილი! რა არის ეს, თუ არა სახლი ღვთისა და ცათა კარიბჭე.“
18და ადგა იაკობი დილაადრიან და აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, და აღმართა იგი ძეგლად და ზეთი დაასხა ზედ.
19და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი. ადრე კი იმ ქალაქს სახელად ერქვა ლუზი.
20და აღუთქვა იაკობმა აღთქმა ამ სიტყვებით: „თუ იქნება ღმერთი ჩემთან და დამიცავს ამ გზაზე, რომლითაც მე მივდივარ, და მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს – შესამოსად,
21და მშვიდობით დამაბრუნებს შინ, მამაჩემთან, და უფალი იქნება ჩემი ღმერთი,
22და ეს ქვა, რომელიც აღვმართე ძეგლად, იყოს ღვთის სახლი, და ყოველთაგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი.“

Zvasarudzwa nguva ino

დაბ. 28: GEO02

Sarudza vhesi

Pakurirana nevamwe

Sarudza zvinyorwa izvi

None

Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda