John 1
1
1დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. 2ის იყო დასაწყისში ღმერთთან. 3ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. 4მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ნათელი ადამიანთა. 5და ნათელი ბნელში ჩანს და ბნელი ვერ მისწვდა მას. 6იყო კაცი, მოვლინებული ღმერთისაგან, და სახელი მისი იოანე. #მთ 3:1; მრკ 1:4; ლკ 3:1,2. 7იგი მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისგან. 8ის კი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ. 9იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ქვეყანაზე მომსვლელ ყოველ ადამიანს. 10იყო ქვეყანაზე და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ის ვერ იცნო. 11თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. 12ხოლო რომელთაც მიიღეს იგი, მისცა მათ ხელმწიფება ღმერთის შვილებად გახდომისა, ვისაც სწამს მისი სახელი, 13რომელნიც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღმერთისაგან იშვნენ. 14და სიტყვა ხორციელი გახდა და დაემკვიდრა ჩვენს შორის და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მხოლოდშობილისა მამისაგან, აღსავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. 15იოანე მოწმობს მასზე და ღაღადებს: „ეს იყო, ვისზეც ვთქვი: ‘ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უწინარესია, რადგან ჩემზე უწინ იყო.’“ 16და მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ. 17რადგან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. 18ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. ღმერთის მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა. 19აჰა, მოწმობა იოანესი, როდესაც იუდეველებმა გაუგზავნეს იერუსალიმიდან მღვდელნი და ლევიანნი, რათა ეკითხათ მისთვის: „ვინა ხარ შენ?“ 20მან აღიარა და არ უარყო. აღიარა: „მე არა ვარ ქრისტე.“ 21და ჰკითხეს მას: „მაშ ვინ ხარ? ელია ხარ?“ ამბობს: „არა ვარ.“ – „წინასწარმეტყველი ხარ?“ მიუგო: „არა.“#მიქ 4:5; რჯ 18:15,18. 22მაშინ უთხრეს მას: „მაშ ვინ ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე?“ 23თქვა: „მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘გაუსწორეთ გზა უფალს,’ როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა.“ #ესა 40:3 (LXX). 24წარმოგზავნილები კი ფარისეველთაგანნი იყვნენ. 25და ჰკითხეს მას და უთხრეს: „მაშ რატომ სცემ ნათელს, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?“ 26მიუგო მათ იოანემ და უთხრა: „მე ნათელს ვცემ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ, 27ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მე მისი ფეხსაცმლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ.“ 28ეს ბეთანიაში მოხდა, იორდანეს გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა.
29მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღმერთის კრავი, რომელიც იტვირთავს ქვეყნიერების ცოდვებს. 30ეს არის ის, ვისზეც ვთქვი: ‘ჩემს შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, რადგან ჩემზე უწინარეს იყო.’ 31მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით ნათლის საცემად, რათა ის გამოეცხადოს ისრაელს.“ 32და მოწმობდა იოანე და ამბობდა: „მე ვიხილე ციდან მტრედივით გარდამომავალი სული, რომელმაც დაივანა მასზე. 33მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით ნათლის საცემად, მან მითხრა: ‘ვისზეც დაინახავ სულს, გარდამომავალს და დავანებულს, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი.’ 34და მე ვიხილე და ვმოწმობ, რომ ეს არის ძე ღმერთისა.“
35მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი. 36და დაინახა მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღმერთის კრავი.“ 37ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს. 38იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: „რას ეძებთ?“ მათ უთხრეს: „რაბი“ (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), „სად დგახარ?“ 39ეუბნება მათ: „წამოდით და ნახავთ.“ წავიდნენ და ნახეს, სადაც იდგა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა, ასე, მეათე საათი. 40იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი, ერთი იმ ორთაგანი, რომელთაც იოანესგან მოისმინეს იესოზე და გაჰყვნენ მას. 41მან პირველად ნახა თავისი ძმა, სიმონი, და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (რაც თარგმანით ნიშნავს ქრისტეს). 42მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: „შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან შენ გერქმევა კეფა.“ (რაც თარგმანით ნიშნავს კლდეს.)
43მეორე დღეს მოისურვა გალილეას წასვლა, და ნახა ფილიპე. უთხრა მას იესომ: „გამომყევი მე.“ 44ხოლო ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან. 45ფილიპემ მოძებნა ნათანაელი და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც დაწერეს რჯულში მოსემ და წინასწარმეტყველებმა: იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან.“ 46და უთხრა მას ნათანაელმა: „ნაზარეთიდან რა სიკეთე შეიძლება იყოს?“ უთხრა მას ფილიპემ: „წამოდი და ნახე.“ 47იესომ რომ დაინახა მისკენ მომავალი ნათანაელი, თქვა მასზე: „აჰა, ნამდვილი ისრაელიანი, რომელშიც არ არის მზაკვრობა.“ 48ეუბნება მას ნათანაელი: „საიდან მიცნობ?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვიდრე ფილიპე მოგიხმობდა, ლეღვის ქვეშ გიხილე.“ 49მიუგო მას ნათანაელმა: „რაბი, შენ ხარ ძე ღმერთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა.“ 50მიუგო იესომ და უთხრა მას: „იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ გიხილე? ამაზე მეტსაც იხილავ.“ 51ეუბნება მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმერთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთ და გარდამომავალთ.“ #დაბ 28:12.
Zvasarudzwa nguva ino
John 1: ქბსვ
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა