Luke 23
23
1და ადგა მთელი ეს კრებული და წაიყვანეს იგი პილატესთან. 2დაიწყეს მისი დადანაშაულება და თქვეს: „ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს გზიდან აცდენს ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, და თავს ქრისტე მეფედ აცხადებს.“ 3პილატემ ჰკითხა მას: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“ მან მიუგო და თქვა: „შენ ამბობ.“ 4პილატემ უთხრა მღვდელმთავრებს და ხალხს: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში.“ 5მაგრამ ისინი დაჟინებით ამბობდნენ: „ეგ აშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე.“
6ეს რომ გაიგონა პილატემ, იკითხა: „გალილეველია ეს კაცი?“ 7და როდესაც შეიტყო, რომ ჰეროდეს ხელმწიფების ქვეშ იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რადგან იმ დღეებში ისიც იერუსალიმში იმყოფებოდა. 8იესო რომ დაინახა ჰეროდემ, ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხანია უნდოდა მისი ნახვა, რაკი გაგონილი ჰქონდა მისი ამბავი და სურდა მისგან მოხდენილი რაიმე სასწაულის ნახვა. 9ბევრს ეკითხებოდა, მაგრამ იგი არაფერს პასუხობდა. 10მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და თავგამოდებით ადანაშაულებდნენ მას. 11ხოლო ჰეროდემ თავის ჯარისკაცებთან ერთად შეურაცხყო და სასაცილოდ აიგდო იგი. ჩააცვა თეთრი სამოსი და უკან გაუგზავნა პილატეს. 12იმ დღეს პილატე და ჰეროდე მეგობრები გახდნენ, თუმცა მანამდე მტრობდნენ ერთმანეთს.
13პილატემ მოუხმო მღვდელმთავრებს, მთავრებს და ხალხს. 14და უთხრა მათ: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს ადამიანი, როგორც ხალხის გზიდან ამცდენი, და, აჰა, მე თქვენს წინაშე გამოვიძიე და ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე ამ ადამიანში, რაშიც თქვენ ადანაშაულებთ მას, 15და ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. და, აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია მას. 16ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.“ 17რადგან მას მართებდა სადღესასწაულოდ ვინმეს გაშვება. 18მაგრამ მთელმა ხალხმა ერთად იყვირა და თქვა: „დასაჯე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბა!“ 19ბარაბა კი საპყრობილეში იყო ჩაგდებული ქალაქში მომხდარი შფოთისა და მკვლელობისათვის. 20პილატემ კვლავ მიმართა მათ, რადგან სურდა იესოს გაშვება. 21მაგრამ ისინი გაჰყვიროდნენ: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი!“ 22მესამედ უთხრა მათ: „რა ბოროტება აქვს ჩადენილი? მე ვერაფერი სასიკვდილო ბრალი ვერ ვპოვე მასში. ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.“ 23ისინი კი დაჟინებით მოითხოვდნენ ხმამაღალი ყვირილით, რომ ჯვარს ეცვათ იგი. და იმძლავრა მათმა ხმამ. 24პილატემ გადაწყვიტა, შეესრულებინა მათი მოთხოვნა. 25გაუშვა შფოთისა და მკვლელობისათვის საპყრობილეში ჩაგდებული, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ, და გადასცა იესო მათ ნებას.
26და როდესაც მიჰყავდათ იგი, გზაში დაიჭირეს მინდვრიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირინელი, და აჰკიდეს ჯვარი, რომ ეტარებინა იესოს კვალდაკვალ. 27მისდევდა მას დიდძალი ხალხი და ქალები, რომლებიც მოთქვამდნენ და გოდებდნენ. 28იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: „იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ. 29რადგან, აჰა, მოდის დღეები, როდესაც იტყვიან: ‘ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ!’ 30მაშინ ეტყვიან მთებს: ‘დაგვემხეთ ზედ!’ და ბორცვებს: ‘დაგვფარეთ ჩვენ!’#ოს 10:8; გცხ 6:16. 31რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?“ 32მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც – ორი ყაჩაღი. 33როდესაც იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, ჯვარს აცვეს იქ ის და ბოროტმოქმედნიც – ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ. 34იესომ თქვა: „მამაო, მიუტევე მათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ.“ და გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით. #ფს 22:18.#ფს 22:7. 35იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრები დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, იხსნას ახლა თავისი თავი, თუ ეგ ქრისტეა, ღმერთის რჩეული.“ 36ჯარისკაცებიც სასაცილოდ იგდებდნენ მას, მიდიოდნენ და ძმარი მიჰქონდათ მასთან, #ფს 69:21. 37ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი.“ 38მის ზემოთ იყო წარწერა: „ეს არის იუდეველთა მეფე.“ 39ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი შეურაცხყოფდა მას: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც გვიხსენი.“ 40მეორე კი, უწყრებოდა მას და ამბობდა: „ნუთუ ღმერთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ? 41ჩვენ სამართლიანად ვისჯებით, რადგან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია.“ 42და თქვა: „იესო, გამიხსენე, როდესაც შენს სამეფოში მიხვალ.“ 43და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.“
44დღის ექვსი საათი იქნებოდა, როდესაც მთელი დედამიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე. 45დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიპო. #გამ 26:31-33. 46შესძახა იესომ დიდი ხმით და თქვა: „მამაო, შენს ხელთ ვაბარებ ჩემს სულს.“ ეს თქვა და სული ამოუშვა.#ფს 31:5. 47ასისთავმა რომ დაინახა, რაც მოხდა, ადიდა ღმერთი და თქვა: „ეს კაცი ნამდვილად მართალი იყო.“ 48ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი, მომხდარის მხილველი, გულში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან. 49მოშორებით იდგა ყველა, ვინც მას იცნობდა, და ქალებიც, რომლებიც მას გალილეიდან მოჰყვნენ. #ლკ 8:2,3.
50აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი, 51იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც არ დაეთანხმა მათ თათბირსა და საქმიანობას, და რომელიც მოელოდა ღმერთის სასუფეველს, 52მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. 53გარდამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ არავინ დაესვენებინათ. 54ის დღე პარასკევი იყო და შაბათი იწყებოდა. 55უკან გაჰყვნენ ქალებიც, რომელნიც იესოსთან ერთად მოვიდნენ გალილეიდან, და იხილეს სამარხიცა და ისიც, თუ როგორ დაიდო მისი გვამი. 56დაბრუნდნენ და მოამზადეს სურნელებანი და ნელსაცხებელი. ხოლო შაბათს დაისვენეს მცნებისამებრ. #გამ 20:10; რჯ 5:14.
Zvasarudzwa nguva ino
Luke 23: ქბსვ
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა