დაბ. 15
15
ღვთის აღთქმა აბრამთან
1ამ ამბების შემდეგ აბრამს ხილვაში ესმა სიტყვა უფლისა: „ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ მფარველი შენი. ძალზე დიდია შენი საზღაური!“
2და უთხრა აბრამმა: „ბატონო უფალო, რა შეგიძლია მომცე, როცა უშვილოდ გადავდივარ და ჩემი მემკვიდრე ეს დამასკოელი ელიეზერია?“
3და თქვა აბრამმა: „შენ არ მოგიცია შთამომავალი და ჩემი მსახური, რომელიც ჩემს სახლშია შობილი, გახდება ჩემი მემკვიდრე.“
4და იყო სიტყვა უფლისა მის მიმართ: „არ გახდება იგი შენი მემკვიდრე, არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე.“
5და გაიყვანა იგი გარეთ და უთხრა: „ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ ძალგიძს აღრიცხვა მათი.“ და უთხრა მან: „ასე იქნება შენი შთამომავლობაც“.
6და ერწმუნა იგი უფალს, და ეს შეერაცხა მას სიმართლედ.
7და უთხრა მას უფალმა: „მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ქალდეველთა ურიდან, რათა მოგცე ეს ქვეყანა სამკვიდრებლად.“
8და მან უპასუხა: „ბატონო უფალო, საიდან უნდა გავიგო, რომ მე დავიმკვიდრებ მას?“
9და უთხრა მას უფალმა: „მომიყვანე სამწლიანი დეკეული და სამწლიანი თხა, სამწლიანი ვერძი და გვრიტი და მტრედის ხუნდი.“
10და მიუყვანა ისინი, დაჭრა შუა-შუა და მიუწყო ისინი ერთმანეთის პირდაპირ. მხოლოდ ფრინველები არ დაუჭრია შუაზე.
11და დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები მძორებს, მაგრამ აბრამმა განდევნა ისინი.
12და მზის ჩასვლისას მაგრად ჩაეძინა აბრამს. და მაშინ ძრწოლამ და დიდმა სიბნელემ მოიცვა იგი.
13და უთხრა უფალმა აბრამს: „იცოდე, რომ მდგმურებად იქნებიან შენი შთამომავალნი სხვის ქვეყანაში და დაიმონებენ მათ, და დაჩაგრავენ მათ ოთხას წელიწადს.
14და ხალხს, რომელსაც ისინი დაემონებიან, მე განვსჯი. და შემდგომ ამისა გამოვლენ ისინი დიდი ქონებით.
15და შენ მიხვალ შენს მამებთან მშვიდობით და კეთილ სიბერეში დაიმარხები.
16და მეოთხე თაობა დაბრუნდება აქ, რადგან ჯერ არ ავსებულა ამორეველთა ურჯულოება.“
17როდესაც მზე ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, თითქოს ღუმელი აბოლდაო და ცეცხლის ალმა გაიარა იმ ნაჭრებს შორის.
18და იმ დღეს დადო აღთქმა უფალმა აბრამთან, და უთხრა: „შენი შთამომავლობისათვის მიმიცია ეს ქვეყანა, ეგვიპტის მდინარიდან ევფრატის დიდ მდინარემდე:
19კენიელი, კენიზელი, კადმონელი,
20ხეთელი, ფერიზელი, რეფაიმელი,
21ამორეველი, ქანაანელი, გირგაშელი და იებუსეველი.“
Aktuálne označené:
დაბ. 15: GEO02
Zvýraznenie
Zdieľať
Kopírovať
Chceš mať svoje zvýraznenia uložené vo všetkých zariadeniach? Zaregistruj sa alebo sa prihlás
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002