Logo YouVersion
Ikona Hľadať

დაბ. 8

8
1და გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, და ყოველი პირუტყვი, რომელიც იყო ნოესთან კიდობანში, და მოავლინა ღმერთმა ქარი მიწაზე, და დაცხრა წყალი.
2და დაიხშნენ უფსკრულის წყაროები და ცის სარკმელები. და შეწყდა წვიმა ციდან.
3და უკუიქცა წყალი მიწიდან, და დაიწყო კლება წყალმა ას ორმოცდამეათე დღეს.
4და დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს.
5და წყალი იკლებდა მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდნენ მთის მწერვალები.
6და ორმოცი დღის დასასრულს გააღო ნოემ კიდობნის სარკმელი, რომელიც გაუკეთა.
7და გამოუშვა ყორანი. მიფრინავდა ის და უკან ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწის ზედაპირზე.
8და შემდეგ გაუშვა მტრედი, რომ ენახა, თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე.
9და ვერ იპოვა მტრედმა ფეხის მოსაკიდი, და დაბრუნდა მასთან კიდობანში, რადგან წყალი ჯერ კიდევ იყო მიწის პირზე. და მან გაიწოდა ხელი, აიყვანა იგი და შეიყვანა თავისთან კიდობანში.
10და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
11და დაბრუნდა მასთან მტრედი საღამოს ჟამს და მას ზეთისხილის რტო ეჭირა პირში. და ამით შეიტყო ნოემ, რომ წყალი დამცხრალიყო მიწაზე.
12და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან. და ის აღარ დაბრუნებულა უკან.
13ნოეს დაბადებიდან ექვსას მეერთე წელს, პირველი თვის პირველ დღეს, დაშრა წყალი მიწაზე. და ნოემ მოაცილა სახურავი კიდობანს და იხილა, რომ გამშრალიყო მიწის პირი.
14და მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა მიწა.
15და უთხრა ღმერთმა ნოეს:
16„გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, და შენი ძეები თავიანთი ცოლებით.
17ყოველი ცხოველი, რომელიც შენთანაა ყოველ ხორციელთაგან, ფრინველთაგან და პირუტყვთაგან და მიწის ქვემძრომ ქვეწარმავალთაგან, გამოიყვანე. მოეფინონ მიწას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ.“
18და გამოვიდა ნოე, და მისი ძენი, და მისი ცოლი, და მის ძეთა ცოლები მასთან ერთად.
19და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი და ყოველი, რაც მოძრაობს ქვეყანაზე, თავ-თავის გვარის მიხედვით გამოვიდნენ კიდობნიდან.
20და აუშენა ნოემ სამსხვერპლო უფალს და აიღო ყოველი წმიდა პირუტყვისაგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და აიტანა სრულადდასაწველნი სამსხვერპლოზე.
21და იყნოსა უფალმა კეთილსურნელება, და თქვა უფალმა თავის გულში: „აღარ დავწყევლი კვლავ მიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვეა მისი გულისწადილი მიდრეკილი ბოროტებისაკენ. და მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას ისე, როგორც გავაკეთე.
22ვიდრე დედამიწა იქნება, არ გაუქმდება თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, და დღე და ღამე!“

Aktuálne označené:

დაბ. 8: GEO02

Zvýraznenie

Zdieľať

Kopírovať

None

Chceš mať svoje zvýraznenia uložené vo všetkých zariadeniach? Zaregistruj sa alebo sa prihlás