დაბ. 23
23
სარას გარდაცვალება
1იცოცხლა სარამ ას ოცდაშვიდი წელი. ეს არის სარას სიცოცხლის წლები.
2და გარდაიცვალა სარა კირიათ-არბაყში, ეს არის ხებრონი, ქანაანის ქვეყანაში. და მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად.
3და აბრაამი მოსცილდა თავის მკვდარს და უთხრა ხეთელებს:
4„მდგმური ვარ და ხიზანი მე თქვენთან. მომეცით მე საკუთარი სამარხი ადგილი თქვენს შორის, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი ჩემს თვალთაგან.“
5და მიუგეს ხეთის ძეებმა აბრაამს და უთხრეს:
6„ისმინე, ჩვენო ბატონო: ღვთის მთავარი ხარ შენ ჩვენს შორის! ჩვენ რჩეულ სამარხში დამარხე შენი მკვდარი, ჩვენგან არავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხავად.“
7და ადგა აბრაამი და თაყვანი სცა იმ ქვეყნის ხალხს, ხეთის შვილებს.
8და უთხრა მან მათ: „თუ თანახმა ხართ, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი, ისმინეთ ჩემი და შემავედრეთ ყეფრონს, ცოხარის ძეს,
9და მან მომცეს მახფელას მღვიმე, რომელიც მისი მინდვრის ბოლოზეა. სრულ ფასად მომყიდოს იგი, თქვენი თანდასწრებით, საკუთრად დასამარხავად.“
10და ყეფრონი იჯდა ხეთის ძეთა შორის. და მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ხეთის ძეთა და ქალაქის კარიბჭეში ყოველი შემსვლელის გასაგონად, და უთხრა:
11„არა, ბატონო ჩემო, ისმინე ჩემი: მინდორს გაძლევ, და მღვიმეც, რომელიც იქაა, შენთვის მომიცია. ჩემი ხალხის წინაშე გჩუქნი მას, რომ დამარხო შენი მკვდარი.“
12და თაყვანი სცა აბრაამმა ამ ქვეყნის ხალხს.
13და ელაპარაკა ყეფრონს ამ ქვეყნის ხალხის გასაგონად: „იქნებ მოგესმინა ჩემთვის. ვერცხლს გაძლევ მინდვრისათვის; აიღე ჩემგან და დავმარხავ ჩემს მკვდარს იქ.
14და მიუგო ყეფრონმა აბრაამს და უთხრა მას:
15„ჩემო ბატონო, მოისმინე! ოთხასი შეკელი ღირს მიწა. რა არის იგი ჩემსა და შენს შორის? დამარხე შენი მკვდარი!“
16და როცა აბრაამმა ეს გაიგონა, მიუწონა ყეფრონს ვერცხლი, როგორც ხეთელთა გასაგონად თქვა, ისე – ოთხასი შეკელი ვერცხლი, სავაჭრო მაზანდით.
17და დაუმტკიცდა მას ყეფრონისეული მინდორი, რომელიც იყო მახფელაში, მამრეს პირისპირ, და მღვიმე, რომელიც იყო იქ, და ყოველი ხე, რომელიც იყო იმ მინდორზე ირგვლივ, მთელს მის საზღვრებში,
18შეიძინა აბრაამმა საკუთრებად, ხეთის ძეთა და ქალაქის კარიბჭეში ყოველი შემსვლელის თვალწინ.
19და ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს პირისპირ (ეს არის ხებრონი), ქანაანის ქვეყანაში.
20და დაუმტკიცდა აბრაამს ხეთის ძეთაგან მინდორი და მღვიმე, რომელიც იყო იქ, სამარხად.
Zvasarudzwa nguva ino
დაბ. 23: GEO02
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002